ახალი ამბები

ქართული ლგბტ ორგანიზაციის დარბევის საქმეში სტრასბურგმა სახელმწიფო გაამტყუნა

8 ოქტომბერი, 2020 • 2567
ქართული ლგბტ ორგანიზაციის დარბევის საქმეში სტრასბურგმა სახელმწიფო გაამტყუნა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ  გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც 2009 წელს თბილისში, პოლიციის მიერ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ფონდი ინკლუზივის” ოფისის დარბევას ეხებოდა. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ამ ქმედების ფარგლებში ადგილი ჰქონდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის (მე-3) მუხლის დარღვევას, დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14) მუხლთან კავშირში.

“სასამართლომ განიხილა განმცხადებელთა საჩივარი დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების არაადეკვატურობის შესახებ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასათანადო მოპყრობის გამოძიებისას, ხელისუფლებას ევალებოდა, გადაედგა ყველა გონივრული ნაბიჯი შესაძლო დისკრიმინაციული მოტივების გამოსაკვეთად.

…ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ ჩაატარა არცერთი საგამოძიებო მოქმედება მას შემდეგ, რაც განმცხადებლებმა შეიტანეს სისხლის სამართლის საჩივარი 2010 წლის იანვარში. მრავალი თხოვნის მიუხედავად, განმცხადებლები დაზარალებულადაც კი არ გამოცხადდნენ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ასეთმა გაჭიანურებამ გამოავლინა ხელისუფლების უუნარობა ან  ნების არქონა, შეესწავლათ ჰომოფობიური და / ან ტრანსფობიური მოტივები პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადამეტებისას…” ,- ვკითხულოთ განჩინებაში.

ამასთან, სასამართლომ ასევე განიხილა, შეიძლება თუ არა, უშუალოდ სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა პოლიციის მიერ ძალის სავარაუდო გადამეტებაზე. ამ ნაწილში სტრასბურგი ამბობს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია როგორც პოლციელთა მქედებებზე, ისე არაეფექტურ გამოძიებაზე.

“პოლიციელთა ქცევა, ჰომოფობიური და / ან ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული, ყოვლად უადგილო იყო. ოფიცრებმა არა მხოლოდ განზრახ შეურაცხყვეს განმცხადებლები სიძულვილის ენის გამოყენებით, არამედ მუქარებიც გაახმიანეს მათ მიმართ. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია გაშიშვლებით ჩხრეკებმა, რომლის მიზეზებიც არც პოლიციას და არც მთავრობას გაუხმიანებიათ, რის გამოც სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი ერთადერთი მიზანი იყო განმცხადებლების შერცხვენა და დასჯა, ლგბტ საზოგადოებასთან მათი ასოცირების გამო”, – წერია დასკვნაში.

სასამართლომ სახელმწიფოს თითოეული განმცხადებლისათვის 2 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ზემოხსენებულ საქმეზე განმცხადებლები, ეკატერინე აღდგომელაშვილი და თინათინ ჯაფარიძე „ფონდ ინკლუზივის“ თანადამფუძნებლები და ნახევარგანაკვეთზე მომუშავე პროგრამის მენეჯერები იყვნენ. ამჟამად ორივე მათგანი “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) გამგეობის წევრია.

რა მოხდა 11 წლის წინ?

2009 წლის 15 დეკემბერს თბილისში, ფონდ „ინკლუზივისა“ და WISG-ის თანამშრომლები ოფისში შეიკრიბნენ სამხატვრო გამოფენისთვის სამაჯურების დასამზადებლად. ამავე დღეს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცავები ოფისში მივიდნენ, ჩაატარეს ჩხრეკა და ფონდის ერთ-ერთი თანამშრომელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააპატიმრეს.

დაპატიმრებულმა პირმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სულ სხვა მოტივით იჩივლეს “ინკლუზივის” ოფისში ჩხრეკისას მყოფმა სხვა პირებმა – ეკატერინე აღდგომელაშვილმა და თინათინ ჯაფარიძემ. მათი თქმით, როცა სამართალდამცავებმა გაიგეს, რომ ფონდი სექსუალური უმცირესობების საკითხზე მუშაობდა, დაიწყეს ოფისში მყოფი 20-მდე ქალის შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, შანტაჟი და მუქარა.

ეკა აღდგომელაშვილი აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა, რომელთა შორის ორი ქალიც იყო, ოფისში მყოფი ოცამდე გოგოს ჩხრეკა დაიწყეს, გაჰყავდათ სააბაზანოში და აშიშვლებდნენ. მომჩივანი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიზნით ჩხრეკა მათ შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად. ოფისში მყოფ ქალებს ჩხრეკის შემდეგ ხელი ჩხრეკის ოქმისთვის არ მოუწერიათ და ისინი რამდენიმე საათის მანძილზე იყვნენ იზოლირებული გარესამყაროსგან.

“ზემოაღნიშნულმა მოპყრობამ განმცხადებელში[აღდგომელაშვლი] შიშისა და დაუცველობის გრძნობა გამოიწვია. მისი სულიერი ტკივილი/ ტანჯვა უფრო ინტენსიური გახდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ისეთი გამონათქვამების ფონზე, როგორიცაა “ავადმყოფები” და “გარყვნილები”. მისი განცდები კიდევ უფრო გამძაფრდა იმის რეალიზების შემდეგ, რომ შსს-ს თანამშრომლები არ დაისჯებოდნენ თავიანთი საქციელისათვის“, – აღნიშნავდა მაშინ იურისტი სოფო ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ამ დასკვნის საფუძველს მათივე საქციელი და გამონათქვამები იძლეოდა. მაგალითად, ერთ-ერთმა პოლიციელმა აღდგომელაშვილს უთხრა, რომ “თუ არ გაჩუმდებოდა, მოკლავდა და დაანაკუწებდა.“ მან ასევე საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, როდესაც იგი გააშიშვლეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს.

“ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლების მიერ შეტანილი საჩივრები საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირითადად უგულებელყოფილი იქნა. გამოძიება დაიწყო პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, თუმცა, მომხდარიდან 11 წლის შემდეგ, ის კვლავ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა”, – წერს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი