ახალი ამბები

როგორ ცდილობდა სუსი 17 მაისის აქციისთვის მანეკენების შესყიდვის დაბლოკვას სავაჭრო ცენტრებში

14 სექტემბერი, 2021 • 2940
როგორ ცდილობდა სუსი 17 მაისის აქციისთვის მანეკენების შესყიდვის დაბლოკვას სავაჭრო ცენტრებში

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ სუს-ის თანამშრომლები ხელი შეეშალათ “თანასწორობის მოძრაობისთვის”, გაემართა აქცია-პერფორმანსი 2019 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით.

ფაილებში, სავარაუდოდ, სუს-ის ოპერატიული მუშაკი წერს:

“თანასწორობის მოძრაობის” მიერ 17 მაისს დაგეგმილი “მანეკენების პერფორმანსის” განეიტრალების მიზნით, საუბარი შედგა თბილისის ყველა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასთან და გაირკვა, რომ თბილისში ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი მანეკენების საჭირო რაოდენობის მარაგი.

თუმცა მიმდინარე წლის 16 მაისს მოსალოდნელია მათი ახალი პარტიის მიღება სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლში”. ხსენებული პროცესი აყვანილია ოპერატიულ კონტროლზე, შედეგად, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში დავბლოკოთ შესყიდვის პროცესი;

ცენტრალურ ქუჩებზე “მანეკენების პერფორმანსის” შესაძლო გამართვის შემთხვევაში, შსს-სთან კოორდინირებულად, მათი პოზიციების გამოყენებით მოხდეს აღნიშნული ორგანიზაციის წევრთა იზოლირება რადიკალური ორგანიზაციებისგან”, — წერია, სავარაუდოდ, სუს-ისგან გამოჟონილ ფაილებში.

“თანასწორობის მოძრაობაში” ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ 2019 წლის 17 მაისისთვის იდეის დონეზე განიხილებოდა პერფორმანსის გამართვა მანეკენების გამოყენებით, მაგრამ ამ მიმართულებით ორგანიზაციას დამატებითი სამუშაოები არ გაუწევია, მათ შორის, არ მოუძიებია მანეკენების რესურსი. შესაბამისად, იდეა იდეად დარჩა.

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართლი ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი