ახალი ამბებისაზოგადოება

თემურ უგულავას კომპანია დაზარალებულად ცნეს, 7 ოქროსუბნელ ოჯახს პატიმრობა ემუქრება

1 ივლისი, 2021 •
თემურ უგულავას კომპანია დაზარალებულად ცნეს, 7 ოქროსუბნელ ოჯახს პატიმრობა ემუქრება

2 ივლისი, განახლება: კომპანია „სითი ლოფტი“ აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებებით, თბილისის მერიას ეხსნება „ოქროსუბანში“ დევნილებით დასახლებული შენობის გათავისუფლების/დაცლის ვალდებულება და კომპანია თავად განაგრძობს ოჯახებთან მოლაპარაკებებს; კომპანიის თანახმადვე, ფართით ამჟამად მოსარგებლეთა ადამიანის უფლებები დაცული იქნება.

თბილისში, ჩუღურეთში, ოქროსუბანში, ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანიაზე პრივატიზებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 7 ოჯახს 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სახელმწიფო მათ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება, მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული, ბრალი წარდგენილი აქვთ და სასამართლო პროცესები დაწყებულია, კომპანია „სითი ლოფტი“ კი დაზარალებულადაა ცნობილი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი კერძო საკუთრებაში არ შეჭრილან, წლებია, იქ ცხოვრობენ, ამ გზით კი სახელმწიფო, — რომელიც ინვესტორის ინტერესებს ატარებს, — მათ დაშინებას ცდილობს. მათი თქმითვე, წასასვლელი არსად აქვთ.

იურისტების თქმით, იმ მუხლს, რითაც გამოძიებაა დაწყებული, პრაქტიკაში სახელმწიფო ამ მიზნით არ იყენებდა და დავა არა სისხლისსამართლებრივი, არამედ სამოქალაქო წესით უნდა მიმდინარეობდეს.

საბინაო პოლიტიკის მკვლევრების თანახმად, თუკი ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდება, საშიში პრეცედენტი შეიქმნება, რამაც შესაძლოა, უსახლკარობის მაჩვენებლები გაზარდოს და გამოსახლების რისკის წინაშე მდგარი ადამიანების მძიმე ყოფა გააუარესოს.

დასაწყისი: პრივატიზაცია და ფართის დაცლის მოთხოვნები

ჩუღურეთში, ერთი მხრივ, ჩუბინაშვილისა და ნინოშვილის, მეორე მხრივ კი, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში მცხოვრებ მოსახლეობას ფართების დასაცლელად ერთკვირიანი ვადა ჯერ კიდევ იანვარში მისცეს.

ამას კვარტლის პრივატიზაცია უძღოდა წინ: 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, აღნიშნული ტერიტორია, — რომელიც თვეებით ადრე თბილისის მერიას ეკუთვნოდა, —  ბიზნესმენი თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტმა“ შეისყიდა.

თემურ უგულავას სახელს უკავშირდება ისეთი კომპანიები, როგორიცაა „აჭარა ჯგუფი“, „ფაბრიკა“, „რუმს ჰოტელი“ და სხვა არაერთი ბიზნესი. ფართი/შენობა, რაც უგულავამ შეისყიდა, „ფაბრიკისგან“ დაახლოებით 1კმ-ითაა დაშორებული და პარალელური ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.

მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო 20 მლნ ლარის გადარიცხვა მერიისთვის, საიდანაც 1.6 მილიონს ოქროსუბნელების განსახლებისთვის გამოიყენებდა.

დაახლოებით ერთ თვეში, 2021 წლის 25 იანვარს, ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ მერია აღნიშნულ ტერიტორიაზე ოჯახებს მოუწოდებდა, „შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართის დაცლა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან თქვა, მერიას „მოუწევს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის“.

„ნეტგაზეთი“ ოქროსუბნელების ამბავს უკვე რამდენიმე თვეა, აშუქებს. ამ დასახლებაზე ბოლოს 2021 წლის მარტში ვწერდით. მარტის ბოლოსთვის ოჯახების ნაწილი დათანხმებული იყო პირობებს და გასული იყო შენობიდან. თუმცა ამ ეტაპზე იქ 13-მდე ოჯახი კვლავ რჩება, მათ შორის დევნილები და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეები.

30 ივნისის სასამართლო

აღნიშნული 13 ოჯახიდან 7-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით:

„ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ისჯება ჯარიმით, ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ან 6-12 თვემდე შინაპატიმრობით, ან ორ წლამდე პატიმრობით“.

30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო და დავა ინვესტორსა და მოქალაქეებს სამოქალაქო კოდექსით გაეგრძელებინათ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმეზე არსებითი განხილვა 14 ივნისს ჩაინიშნა.

ოქროსუბნელების თქმით, ჯერჯერობით მათთვის საპროცესო შეთანხმება არ შეუთავაზებიათ, თუმცა ამაზე მაინც არ დათანხმდებიან: „თუ შემოგვთავაზეს, არავინ არ დავთანხმდებით. ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა მათგანმა, ნათია კარიბიდისმა.

ადგილობრივების თქმით, დარჩენილ 13 ოჯახს წასასვლელი არსად აქვს:

„რომ არა გვაქვს წასასვლელი, ისინი ვართ სინამდვილეში დარჩენილები. წასასვლელი რომ მქონდეს, მსიამოვნებს ამ სიტუაციაში ყოფნა“? – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ირა ქალდანი.

„სამსახურში ვერ მივდივარ ამათი შიშით, კარი რომ არ აჭედონ“, – ამბობს მარინე ლომია.

„მოვიდა მერიიდან თუ გამგეობიდან წარმომადგენელი, წადიო. „წადი“ რა მიმართვაა? პირუტყვები ხომ არა ვართ? მე ვუთხარი, 20 წელია, აქ ვცხოვრობ-მეთქი. მანამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. რა განსხვავებაა, იმათ რაც გვიქნეს და ესენი რასაც გვიკეთებენ მაგას შორის“? – ამბობს ემზარ თურქია.

„დაკმაყოფილებულები იყვნენ სახელმწიფოსგან“ – გამგეობა

ამ საკითხზე მუშაობისას, ჯერ კიდევ 23 მარტს, „ნეტგაზეთს“ ჩუღურეთის გამგეობაში უთხრეს, რომ შენობაში დარჩენილები იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც წლების წინ სახელმწიფოსგან უკვე ჰქონდათ მიღებული ქონება, რაც „ზოგმა გაყიდა, ზოგი აქირავებს“. გამგეობაში ასევე გვითრეს, რომ ინვესტორმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზაობა, სულადობის გათვალისწინებით გადაეხადა ყველა ოჯახისთვის გარკვეული თანხა, რათა მათ ბინის ქირაობა ან გირაობა, მრავალსულიანი ოჯახების შემთხვევაში კი ყიდვაც შეძლებოდათ; გამგეობის თანახმადვე, მოსახლეობის უმეტესობა დათანხმდა პირობებს და უკვე გასულიყო იყო შენობიდან, ნაწილი კი პოზიციას არ თმობდა და ფართის დაკანონება სურდა.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამგეობის მოწოდებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამ დრომდე ამბობს, რომ ბინების დაცლის სანაცვლოდ:

  1. არაფერი არ შეუთავაზებიათ;
  2. შესთავაზეს არა მოჭრილი თანხა საკომპენსაციოდ, არამედ ორწლიანი ქირა, — თვეში 300 ლარი, — რაც არასტაბილურ მომავალს ნიშნავს და ამაზე უარს აცხადებენ. „ისევ ჩანთებით უნდა ვიარო ქუჩა-ქუჩა?“ — იკითხა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
  3. მათ თანახმად, დარჩენილი 13 ოჯახიდან მხოლოდ ერთს შესთავაზეს გარკვეული თანხა საკომპენსაციოდ, რაც „არ იყო შესაფერისი, თუნდაც ერთოთახიანი ბინისთვის“.

ამასთან, აფხაზეთიდან დევნილმა მარინე ლომიამ, რომელიც შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს, „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მართალია, წლების წინ სახელმწიფოსგან ბინა მიიღო, თუმცა  ბანკის ვალის გამო დაკარგა; მსგავსი ვითარების წინაშეა ნუკრი ნიჟარაძის ოჯახიც, რომელიც ამბობს, რომ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აიღო სესხი, რაც ვერ გადაიხადეს და იმ ბინის გაყიდვა მოუწიათ.

[დეტალურად ამ საკითხზე გირჩევთ: სახლიდან არ გავდივართ, გვეშინია, არ დალუქონ — „ოქროსუბნელები“ გასახლების მოლოდინში]

„ინსტრუმენტალიზებული პროკურატურა“

ოქროსუბნელების ინტერესების დამცველი სასამართლოში, ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ეს „აბსურდული საქმეა“ და სხვა მსგავს საქმეებში პროკურატურა სისხლისსამართლებრივ დევნას არ დაიწყებდა. ეს საკითხი გამოსახლების პოლიტიკას უკავშირდება.

წლების განმავლობაში, პრივატიზაციის ტალღაში მოყოლილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების გაყიდვის, ასევე, კვლევის თანახმად, დაურეგულირებელი საბანკო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკის შედეგად, არაერთი ადამიანი გამოსახლების საფრთხის წინაშე დადგა და არაერთი მოქალაქე გამოასახლეს კიდეც, — საპოლიციო ძალით.

„წლების განმავლობაში ასეთი პრაქტიკა იყო, თუკი [უძრავ ქონებაში, რომელსაც ინვესტორი იყიდდა, უნებართოოდ ცხოვრობდა ვინმე] მიმართავი პოლიციას და პოლიცია ასახლებდა მას ძალის გამოყენებით, რასაც ერქვა საპოლიციო გამოსახლება. გვახსოვს კადრებიც, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი“, – იხსენებს შოთა თუთბერიძე.

თუმცა 2015-16 წლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპოლიციო გამოსახლების წესი გააუქმა: „თქვეს, რომ ადამიანის გამოსახლება არ შეიძლება და ასეთი შემთხვევები სამოქალაქო დავად განიხილებოდა“.

„დღესაც, მე, თქვენ ან ნებისმიერმა მოქალაქემ რომ მივმართოთ პროკურატურას მსგავს შემთხვევაზე და ვუთხრათ, რომ „ჩემ საკუთრებაში ვიღაც არის შესახლებული“, ამაზე გამოძიებას არავინ დაიწყებს და მოგვწერენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, მივმართოთ სასამართლოს და ვიდავოთ სამოქალაქო წესით“.

„ამ შემთხვევაში კი, როცა დიდი ფინანსური ინტერესები გამოიკვეთა, გადაწყვიტეს, რომ ბრალის წაყენება ყველაზე კარგი გზა არის იმისთვის, რომ რეპრესიები განახორციელონ და აიძულონ, დატოვონ იქაურობა… პროკურატურა ახლა ინსტრუმენტალიზებულია და დავალება აქვთ, რომ ეს ხალხი უნდა გაიყაროს აქედან“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

იურისტების თქმით, ამ მოსაზრებას აძლიერებს ის გარემოება, რომ პოლიციაში დაბარებულ ოქროსუბნელებს პოლიციელები ეკითხებოდნენ, დათანხმდებოდნენ თუ არა კომპენსაციას ან ქირით გადასვლას:

„ადგილობრივები მიუთითებენ, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაბარებისას, პოლიცია ეკითხებოდა ხოლმე, „ბინის ქირით თუ გახვალთ“, „კომპენსაცია რომ მოგცეთ თუ გახვალთ“, რაც სრულიად არალოგიკურია, რადგან პოლიცია არ არის საცხოვრებელზე, ბინის ქირაზე, კომპენსაციის შეთავაზებაზე პასუხისმგებელი ორგანო“, – ამბობს იურისტი მარიამ ჯანიაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მკვლევარი.

მის თანახმად, ადამიანები ამ შენობაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ და აღნიშნავენ, რომ „ცალკეულმა პირებმა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, მისცეს შესვლის და ცხოვრების ნებართვა“;

„ეს ადამიანები დიდი ხანია, შესახლებულები არიან; ამ პერიოდში გაზიფიცირება მოხდა, მეტიც, ქონების საკუთრებაში გადაცემასა და ამ ქონების დაკანონებაზე მიდიოდა მოლაპარაკებები და დიდი ალბათობით, დაუკანონდებოდათ კიდეც, რომ არ დაპირისპირებოდა დიდი ფინანსური მოგების ინტერესი კერძო ინვესტორის მხრიდან“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

ოქროსუბნელი ნათია კარიბიდისის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მათზე ზეწოლის, მათი დაშინების მიზნით მიმდინარეობს და ამ გზით ცდილობენ, ფართი დააცლევინონ.

„საშიში პრეცედენტი“ და „უსახლკარობის კრიმინალიზაცია“

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც საცხოვრისის პოლიტიკის მკვლევარი, მარიამ ჯანიაშვილი მიუთითებს, არის რისკი, რომ ეს საქმე საშიში პრეცედენტი გახდეს და მომავალში სისხლისსამართლებრივ დევნას გამოსახლების რისკის წინაშე მყოფი არაერთი ადამიანი დაექვემდებაროს:

„უსახლკარობის პოლიტიკაში წლებია, უკეთესობისკენ არანაირი ცვლილება არ გვაქვს. სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკა და ხედვა. არც გამოსახლებების მიმართულებით იცვლება რაიმე. ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც არსებობდა, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება იყო, რაზეც ხშირად აპელირებს მთავრობა, — რომ შექმნეს დამატებითი ღონისძიებები და დაცვის მექანიზმი. თუმცა, რეალურად, ეს მექანიზმიც არ არის გამართული, რადგან მხოლოდ პრობლემის გადავადებას იწვევს“.

„ახლა, თუკი ასეთ სიტუაციაში, — რაც ოქროსუბანში გვაქვს და რისი მსგავსი არაერთი შემთხვევა გვინახავს, — სახელმწიფო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააწესებს, იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი. გამოდის, რომ ის ცვლილებები, რაც მიღებული იქნა, არაფერს ნიშნავს. ფაქტობრივად, შესაძლებელია, ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რა წინაპირობები აქვს ადამიანების იქ ცხოვრებას, სახელმწიფომ განახორციელოს სისხლისამართლებრივი დევნა, აამოქმედოს 160-ე მუხლი და არამხოლოდ გამოასახლოს ადამიანები იქიდან, არამედ დასაჯოს იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილი.

მარიამ ჯანიაშვილის შეფასებით, „ეს არის უსახლკარობის კრიმინალიზაცია“ და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა. „სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო მიდის აქეთკენ“, – ამბობს იგი და რამდენიმე მაგალითს ასახელებს:

„ერთია, რომ სახელმწიფო ასეთ ღონისძიებებს იყენებს ამ ადამიანებთან მიმართებით. მეორეა დემონტაჟის პოლიტიკა [რაც, მაგალითად, აფრიკის დასახლებაში ვიხილეთ] და [პარლამენტში] მიდის ამჟამად იმაზე საუბარი, რომ უკანონო მშენებლობების სისხლის სამართალში გადატანაც მოხდეს. სინამდვილეში, ეს საკითხი მძიმედ აისახება ქუჩაში დარჩენილ ადამიანებზე, რომლებიც იძულებულები არიან, შეიჭრან სხვადასხვა ადგილებში, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მიიღონ შემწეობა და ა.შ… ერთი სიტყვით, ნელ-ნელა, სახელმწიფო, ამ მიმართულებით, უმოქმედობიდან მიდის უკან-უკან და იმის ნაცვლად, გააუმჯობესოს სიტუაცია, მიდის რეპრესიისკენ“, – გვეუბნება მკვლევარი.

რას ამბობენ მერია, კომპანია და პროკურატურა?

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, თბილისის მერიას, კომპანია „სითი ლოფტსა“ და საქართველოს პროკურატურას.

გამგეობიდან, — რომელიც, ადგილობრივების თქმით, საწყის ეტაპზე მოლაპარაკებებში ჩართული იყო, — თბილისის მერიაში გადაგვამისამართეს და გვითხრეს, რომ „გამგეობის თანამონაწილეობა არაა ამ საკითხში“.

თბილისის მერიაში კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ ოქროსუბნელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო/მიმართა თუ არა მერიამ პროკურატურას, გვიპასუხეს, რომ „მერიას არ აქვს არანაირი სასამართლო დავა“. თუმცა მოგვიანებით მოგვწერეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს მყიდველზე უფლებრივად უნაკლო ქონების გადაცემა“.

თბილისის მერია

მერიის თანახმად, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ფართებით მოსარგებლე პირთა ნაწილი, — რომელთაც არ გააჩნიათ მათ მიერ დაკავებული ფართების კანონიერი ფლობის/სარგებლობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი, — უარს აცხადებს დაკავებული ფართების გამოთავისუფლებაზე.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ეთხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება, გამოძიების დაწყება და ზემოხსენებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ მერიიდან.

„ზემოაღნიშნული მოთხოვნით ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ასევე მიმართა შპს „სითი ლოფტმა“ და აღნიშნული კომპანია ცნობილ იქნა დაზარალებულ მხარედ“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

„სითი ლოფტმა“ „ნეტგაზეთს“ მისწერა, რომ „სამწუხაროდ, რამდენიმე უკანონო მოსარგებლე პირის მიერ ტერიტორიის დაცლა კვლავ გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით აღიძრა საქმე, რომელშიც სამართლებრივი დევნის მუხლს პროკურატურა განსაზღვრავს“.

„ნეტგაზეთმა“ პროკურატურასაც ჰკითხა, თუ რის საფუძველზე აღძრეს საქმე. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„მულტიფუნქციური სივრცე“ სკვერის ნაცვლად

წლების განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი ამ ტერიტორიაზე სკვერის გაშენებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. შენობა-ნაგებობის მისამართია ჩუბინაშვილის 52/კონსტიტუციის 6.

ტერიტორია 2020 ივლისამდე ქალაქ თბილისს ეკუთვნოდა, თუმცა 2 ივლისს ეს ტერიტორია მერიის განკარგულების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

სწორედ ამის შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში, მიჰყიდა სააგენტომ ეს ტერიტორია თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტს“. მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო:

  • „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის 18 400 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა [ეს არ ითვალისწინებს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ოქროსუბანში ჩასახლებას, რაც წლების წინანდელი გეგმით, საქმეში m2-ის შესაძლო შესვლის დროს განიხილებოდა].
  • აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1 600 000 ლარის გადარიცხვა მერიის ანგარიშზე;

სააგენტოს ცნობითვე, „კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას და სარეკრეაციო არეალის შექმნას (სავაჭრო ობიექტი, რეკრეაციული კუთხე, კვების ობიექტი და ა.შ.)“.

განახლება, 2 ივლისი: კომპანიამ დამატებითი კომენტარი გაუგზავნა „ნეტგაზეთს“, რომლის თანახმადაც:

„თბილისში, ჩუღურეთში, ოქროსუბანში, ჩუბინაშვილის ქუჩა 52-ში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, შპს „სითი ლოფტის“ მიერ საქართველოს ქონების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანხამად, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი ახალ პროექტს განახორციელებს. გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და ინტერესები. ტერიტორიას შეუნარჩუნდება ისტორიული სახე. ამასთან ერთად, ფართით ამჟამად მოსარგებლეთა ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 18 ივნისს, შპს „სითი ლოფტმა“ მიმართა განცხადებით ქალაქ თბილისის მერიას არსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც თბილისის მერიას უხსნის ფართით მოსარგებლე პირების მიერ ქონების გათავისუფლების/დაცლის ვალდებულებას. შესაბამისად, შპს „სითი ლოფტი“ თავად განაგრძნობს ფართით მოსარგებლე ოჯახებთან მოლაპარაკებას ყველა მონაწილე მხარის უფლებების და ინტერესების დაცვითა და გათვალისწინებით“.


ვრცლად ოქროსუბნელების შესახებ:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი