ახალი ამბები

სახლიდან არ გავდივართ, გვეშინია, არ დალუქონ — „ოქროსუბნელები“ გასახლების მოლოდინში

23 მარტი, 2021 • 1344
სახლიდან არ გავდივართ, გვეშინია, არ დალუქონ — „ოქროსუბნელები“ გასახლების მოლოდინში

თბილისში, ჩუღურეთში, „ოქროს უბანში“, ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანიაზე პრივატიზებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამოსახლებას დღე-დღეზე ელოდებიან.

ადგილობრივების თქმით, 23 მარტს ამ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ „გამოძიების ფარგლებში“, რასაც ისინი გამაფრთხილებელ ჟესტად აღიქვამენ.

მათი თქმითვე, რამდენიმე ოჯახი გასულ კვირებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. „გვედავებიან, რომ ჩვენ თურმე უკანონოდ ვცხოვრობთ, როცა 20 წელზე მეტია, აქ ვართ“, — გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი.

პრივატიზაცია და შეტყობინება ფართის დაცლაზე

ერთი მხრივ, ჩუბინაშვილისა და ნინოშვილის, მეორე მხრივ კი, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში მცხოვრებ მოსახლეობას ფართების დასაცლელად ერთკვირიანი ვადა ჯერ კიდევ იანვარში მისცეს.

აღნიშნული ტერიტორია, — რომელიც თვეებით ადრე თბილისის მერიას ეკუთვნოდა, — 2020 წლის დეკემბრის ბოლოს შეისყიდა მილიონერმა ბიზნესმენმა თემურ უგულავამ.

თემურ უგულავას სახელს უკავშირდება ისეთი კომპანიები, როგორიცაა „აჭარა ჯგუფი“, „ფაბრიკა“, „რუმს ჰოტელი“ და სხვა არაერთი მომგებიანი ბიზნესი.

ფართი/შენობა, რაც უგულავამ შეისყიდა, „ფაბრიკისგან“ დაახლოებით 1კმ-ითაა დაშორებული და პარალელური ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.

25 იანვარს ბრიფინგზე ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ მერია ოჯახებს მოუწოდებს, „შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართის დაცლა“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან თქვა, მერიას „მოუწევს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის“.

რას ამბობს გამგეობა?

23 მარტს „ნეტგაზეთს“ ჩუღურეთის გამგეობაში უთხრეს, რომ შენობაში რჩებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც წლების წინ სახელმწიფოსგან უკვე აქვთ მიღებული ქონება, რაც „ზოგმა გაყიდა, ზოგი აქირავებს“.

გამგეობაში ამბობენ, რომ ინვესტორმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი და მზაობა, სულადობის გათვალისწინებით გადაეხადა ყველა ოჯახისთვის გარკვეული თანხა, რათა მათ ბინის ქირაობა ან გირაობა, მრავალსულიანი ოჯახების შემთხვევაში კი ყიდვაც შეძლებოდათ;

თბილისის მერია

გამგეობის თანახმადვე, მოსახლეობის უმეტესობა დათანხმდა პირობებს და უკვე გავიდა შენობიდან, ნაწილი კი პოზიციას არ თმობს და ფართის დაკანონება სურს.

„მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, რომ მშვიდობიანად გამოვიდნენ. თუ ასე არ მოხდა, ბოლოს იზამს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმეს და არ გვინდა, საქმე აქამდე მივიდეს“, — გვითხრეს გამგეობაში.

„ორწლიან ქირას მთავაზობენ“

„ნეტგაზეთი“ ოქროს უბნის ამ კვარტლის ამბავს უკვე რამდენიმე თვეა აშუქებს. ამ დასახლებაზე ბოლოს 2021 წლის იანვარში ვწერდით. გასახლების მოლოდინი მოსახლეობაში  მაშინაც არსებობდა, თუმცა ახლა ეს მოლოდინი გამძაფრებულია.

ამასთან, თუკი იანვრის ბოლოსთვის 16-მდე ოჯახი იყო ადგილზე დარჩენილი, მათ შორის, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეები, ახლა აქ, ადგილობრივების თქმით, 10 დევნილი ოჯახი რჩება.

ოქროს უბანი. ფოტო: აქტივისტების პეტიცია

„ნეტგაზეთისთვის“ ცნობილია, სულ მცირე, ერთი მრავალსულიანი ოჯახის მაგალითის შესახებ, რომელსაც იანვრის შემდეგ შესთავაზეს თანხის გაზრდილი ოდენობა და საბოლოოდ ასე დათანხმდა გადასვლას. ეს ოჯახი უკვე აღარ ცხოვრობს ოქროს უბანში, — მათი სახლი, რომელიც ძირითადი კორპუსის მიმდებარედ იყო აშენებული, ახლა მთლიანად დაცლილია.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამგეობის მოწოდებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამ დრომდე ამბობს, რომ ბინების დაცლის სანაცვლოდ:

  1. არაფერი არ შეუთავაზებიათ;
  2. შესთავაზეს არა მოჭრილი თანხა საკომპენსაციოდ, არამედ ორწლიანი ქირა, რაც არასტაბილურ მომავალს ნიშნავს და ამაზე უარს აცხადებენ. „ისევ ჩანთებით უნდა ვიარო ქუჩა-ქუჩა?“ — იკითხა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ეს სამართლიანია“?

56 წლის ინეზა მარღანია ამავე შენობაში, მეორე სართულზე, ფოცხვერაშვილის ქუჩის მხარეს ცხოვრობს.

„28 წელია დევნილობაში ვარ. როცა მეგონა, რომ დავლაგდი, შვილები დაოჯახდნენ, სიბერე გარანტირებული მქონდა, ეს ბინა სულ ჩვენით, წვალებით მოვაწყვეთ. რომ მეგონა, რაღაცა გავაკეთე, მახვედრებენ ქაღალდს, ბინა დაცალეო, ეს სამართლიანია?“ — კითხულობს ის.

„პირადად მე სახელმწიფოსგან არანაირი სუბსიდირება არ ამიღია, მათ შორის, არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, — ამბობს იგი. მისი თქმით, სახელმწიფოსგან ბინის დაცლის სანაცვლოდ რაიმე სახის შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია.

ბანკის ვალები და დაკარგული სახლები

აფხაზეთიდან დევნილი მარინე ლომია, რომელიც შენობის პირველ სართულზე ცხოვრობს, „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მართალია, წლების წინ სახელმწიფოსგან ბინა მიიღო, თუმცა  ბანკის ვალის გამო დაკარგა.

ოქროს უბანში – ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის ტერიტორია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ოქროს უბნის“ ამ კვარტალში „ნეტგაზეთისთვის“ კიდევ ერთი შემთხვევაა ცნობილი, რაზეც აქამდეც ვწერდით და სადაც მსგავსი რეალობა დგას: ნუკრი ნიჟარაძის ოჯახის შემთხვევა.

ნუკრი ნიჟარაძე, რომელიც შენობის მეორე სართულზე, საშუალო ზომის ბინაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, უსინათლოა. ადრე აქ ნუკრის დედ-მამაც ცხოვრობდა ძმის ოჯახთან ერთად, თუმცა მამა გარდაიცვალა, დედა კი მეორე შვილის ოჯახთან არის მიწერილი — ასევე, სახელმწიფოს გადაცემულ ბინაში.

საქმე ისაა, რომ ნუკრი ნიჟარაძის სამსულიან ოჯახსაც გადასცეს ბინა 2018 წლის 15 სექტემბერს, თუმცა მამის ავადმყოფობის [ხორხის სიმსივნე] გამო დაგროვებული ვალების დაფარვის მიზნით კვლავ სესხის აღება მოუწიათ.

სესხი კერძო იპოთეკარისგან აიღეს, სესხის ვერდაფარვის გამო კი იძულებულნი გახდნენ, სახელმწიფოსგან მიღებული ეს ბინა გაეყიდათ, თანაც არასაბაზრო ფასად — 18 ათას დოლარად. დარჩენილი თანხით კი ნუკრი პოლონეთში წავიდა თვალზე სამკურნალოდ…

ნუკრი ვერ მუშაობს, არც მეუღლეა დასაქმებული, შვილი კი ჯერ არასრულწლოვნია. შემოსავალი დევნილის შემწეობაა. ოჯახის თანახმად, მათ ახლა ფიზიკურად წასასვლელი აღარ აქვთ, რადგან ნუკრის ძმის ოჯახში ისედაც მჭიდროდ არიან. ნუკრის ოჯახის თანახმად, არც მათთვის შეუთავაზებიათ დღემდე რაიმე თანხა ბინის დაცლის სანაცვლოდ.

„ბინის დატოვება არ შეიძლება“

ამჟამად მოსახლეობა პოლიციის მოსვლას და კარის დალუქვას/გამოსახლებას ყოველ წუთს ელოდება და, როგორც ამბობენ, გამუდმებულ შიშში არიან, — ისე, რომ ვინც მუშაობს, სამსახურში წასვლისაც ეშინიათ.

„ბინის დატოვება არ შეიძლება“, — თქვა მარინე ლომიამ, რომელიც შეესწრო, როგორ ათვალიერებდნენ ტერიტორიას 23 მარტს მერიის და შსს-ს წარმომადგენლები.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს კითხვით, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რის გამო იმყოფებოდნენ დღეს ადგილზე მათი წარმომადგენლები და იგეგმება თუ არა მოსახლეობის გასახლება. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შენობის შესახებ

შენობა-ნაგებობის მისამართია ჩუბინაშვილის 52/კონსტიტუციის 6. ის ექცევა იმ ტერიტორიაში, რომელიც ამჟამად ბიზნესმენ თემურ უგულავას [„რუმსი“, „ფაბრიკა“] კომპანია „სითი ლოფტს“ ეკუთვნის.

მოსახლეობა და აქტივისტები წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

ტერიტორია 2020 ივლისამდე ქალაქ თბილისს ეკუთვნოდა, თუმცა 2 ივლისს ეს ტერიტორია მერიის განკარგულების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

2020 წლის დეკემბერში სააგენტომ ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიჰყიდა თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტს“.

როგორც „ნეტგაზეთისთვისაა“ ცნობილი, მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის – 18 700 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე (მერიის პროგრამა), ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1 300 000 ლარი გადარიცხოს მერიის ანგარიშზე.

ვრცლად ამ თემაზე:

ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი