ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

11 მაისი, 2020 •
დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი


რატომ არიან დევნილები ისევ განსახლებისა და გამოსახლების რისკის წინაშე, მაშინ, როცა სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ამ პრობლემის მოგვარებაზე? სტატიის პირველი ნაწილი მიმოიხილავს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პოლიტიკას, რომელსაც საფუძვლად „დიდი პრივატიზაცია“ დაედო.

ნაწილი პირველი

აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ სამინისტროს შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. დევნილი გარდაიცვალა. ეს ამბავი 10 წლის წინ თბილისში მოხდა. შემთხვევა არც პირველია და ალბათ, არც უკანასკნელი. დევნილთა პრობლემები დღემდე მოუგვარებელია.  

ბენზინის გადასხმა, თავის დაწვა თუ პირის ამოკერვა, დევნილებში მათ მიმართ არსებული პოლიტიკისადმი პროტესტის ფორმად ჩამოყალიბდა. 

დევნილთა მიმართ არსებულ ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. დოკუმეტი 2007 წლის 2 თებერვალს დამტკიცდა. სტრატეგიას  ორი მიზანი აქვს:

  • პირობების შექმნა დევნილთა დაბრუნებისათვის;
  • დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა.

პრაქტიკაში ეს პოლიტიკა განსახლების პროგრამამდე დაიყვანება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს გააჩნია გრძელვადიანად განსახლებულ დევნილთა ოფიციალური სტატისტიკა, უამრავი დევნილი ოჯახი ჯერ კიდევ საცხოვრისით დაკმაყოფილების მოლოდინშია და არავინ იცის, როდის შეძლებენ ისინი ამ დახმარებით (უფლებით) სარგებლობას. შესაბამისად, რთული სათქმელია, რომელი უფრო შორეული პერსპექტივაა: დაბრუნება თუ განსახლება.

პრივატიცაზია, ანუ დევნილთა გამოსახლება 

1992-1993 და 2008 წლის ომების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ დევნილთა უმეტესობა სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ქარხნებში, სასტუმროებში, ადმინისტრაციულ ნაგებობებში, სამთო ქიმიის შენობებსა და საავადმყოფოებში საცხოვრებლად გადანაწილდა. ომის კვამლი რომ გაიფანტა, გაჩერებული ქარხნების, სასტუმროებისა და პოლიკლინიკის მცხოვრებლები ცუდი ცხოვრების, სიღარიბისა და სტაგნაციის სიმბოლოდ იქცნენ. ის ადგილები, სადაც ეკონომიკა უნდა აყვავებულიყო, ჯანდაცვასა და სოციალურ პოლიტიკას უნდა ემუშავა, საცხოვრებლად და თავშესაფრად იყო გადაკეთებული.

ამასთან, „ვარდების რევოლუცია“ გამოვლილ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დიდი გეგმები ჰქონდა და მას პრივატიზაცია ერქვა. პრივატიზაციის პროექტის ამგვარი სახით განხორციელება, რომლის საბოლოო მიზნადაც მმართველი პოლიტიკური ძალა ეკონომიკის ამუშავებას ასახელებდა, თავისთავად გულისხმობდა დევნილების გამოსახლებას.

2004-2006 წლებში დაწყებული „დიდი პრივატიზაციის“ რეფორმის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ 372 საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხა დაამტკიცა. სია თანთადან იზრდებოდა. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ინიციატივით, საპრივატიზაციო ობიექტთა სიაში პირველი მოხვდა ტურისტული ობიექტები, რადგან ისინი სეზონზე, სწრაფად მოიტანდნენ მოგებას. 

საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლებული დევნილები კარავში ცხოვრობენ, 2011 წელი

„ივერია“

დევნილები სასტუმრო „ივერიაში“, გაგრის დაცემის შემდეგ, 1992 წლიდან შესახლდნენ. 2004 წელს სასტუმრო „ივერიის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებს, სასტუმროს დატოვების სანაცვლოდ, 7 000 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. დევნილები შეთავაზებით უკმაყოფილო იყვნენ. დევნილებსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის კონფლიქტის მიზეზი შეთავაზებული თანხის სიმცირე იყო. იმისთვის, რომ დევნილები შეთავაზებაზე დაეყოლიებინათ, მათ ხან საკომპენსაციო თანხის განახევრებით ემუქრებოდნენ, ხან კი, ქალაქის მერია შენობას ელექტროენერგიასა და წყალს უზღუდავდა. შედეგად, 327 საკომპენსაციო ხელშეკრულება გაფორმდა – თითო ოთახზე 7 000 დოლარი.

ჯამში, გერმანული ოპერატორი კომპანიების მონაწილეობით, 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროს უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის გამო სასტუმრო „ივერიაში“ კომპენსაციის სახით მიღებული 7 000 დოლარით დევნილებმა თბილისში საცხოვრებელი ვერ შეიძინეს. მათი ნაწილი ისევ ნათესავთან ან ქირით გადავიდა ან სხვა სასტუმროს ბინადარი აღმოჩნდა.

„მესხეთი“

„პირველ ეტაპზე აჭარის ტურისტული ობიექტების პრივატიზაცია იგეგმება. [2004 წელი, ივლისი]

„29 ივნისიდან სასტუმრო „მესხეთიდან“ ლტოლვილთა გამოსახლება ძალის გამოყენებით დაიწყეს. მობილიზებულმა სპეცრაზმმა და კრიმინალურმა პოლიციამ მოსახლეობა ძალით გამოიყვანა სასტუმროდან და ზევით ასვლის ნებას აღარ აძლევდა. 28 ივნისს მინისტრთა საბჭოს წინ ერთ-ერთმა დევნილმა ნავთი თვითონაც და შვილიშვილსაც გადაასხა და თავის დაწვას ცდილობდა [2006 წელი, ივლისი, ბათუმი]

ტურიზმის სფეროს პრივატიზაციის ფარგლებში, აჭარაში, სასტუმროს შენობებში (“მესხეთი”; “მედეა”) შესახლებული დევნილების გამოსახლება დაიწყო.  გამოსახლებები სპეცრაზმის თანხლებით მიმდინარეობდა. ოჯახს კომპენსაციის სახით  $7000 სთავაზობდნენ. ის, ვინც შეთავაზებაზე უარს ამბობდა, მის წინააღმდეგ სპეცრაზმს ან პოლიციის ძალას იყენებდნენ. “მესხეთის” დევნილებმა სასამართლოში იჩვილეს – ადეკვატური საცხოვრისის შესაძენად მეტი კომპენსაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ შედგა, დევნილები მაინც გამოსახლეს.

საჯარო და ადმინისტრაციულ შენობებში მცხოვრები დევნილების ფრაგმენტულ გამოსახლებებს დევნილთა მიმართ შექმნილმა სახელმწიფო სტრატეგიამ, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, სამართლებრივი საფუძველი შექმნა და ის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში მოაქცია. მიზანი კეთილშობილური იყო – დევნილთა განსახლება, თუმცა ამ მიზნის მისაღწევი საშუალება, გამოსახლება, არაჰუმანური და ხშირად ძალადობრივი იყო.

„სამშობლო“

„თბილისის ცენტრში მდებარე გამომცემლობა „სამშობლო“ საპრივატიზაციოდ მზადდება. იქ მცხოვრები რამდენიმე ასეული დევნილი მოქალაქე პოლიციის კორდონის თანადასწრებით გამოიყვანეს შენობიდან.“ [2010 წელი, ივლისი, თბილისი].  

იქ, სადაც დღეს სასტუმრო „სტამბაა“, ადრე გამომცემლობა „სამშობლო“ იყო. 2006/7 წლებში შენობიდან ჯერ ჟურნალისტები გამოასახლეს. მაშინაც მოტივი იყო შენობის საპირვატიზაციო ნუსხაში შეტანა. კოსტავას #14 ნომერში მდებარე „სამშობლოში“ დევნილები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდნენ. მათი გამოსახლება კი 2010 წლის ივლისში, დილის 06:00 საათზე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრმა, ვერა ქობალიამ სასტუმრო აუქციონზე გაიტანა, ხოლო დევნილებმა რამდენიმე დღეში დაცალეს შენობა.

„სამშობლოს“ შემთხვევა უფრო პრობლემური იყო – დევნილებს ალტერნატიულ ფართს ზუგდიდსა და სამეგელოში სთავაზობდნენ, მაშინ, როცა, მათი უმეტესობა თბილისში მუშაობდა და სწავლობდა. ამასთან, აქ ცხოვრობენდნ ის დევნილებიც, რომლებმაც სასტუმრო „ივერიის“ პრივატიზაციის შემდეგ კომპენსაციად 7 000 დოლარი კერძო ინვესტროისგან მიიღო (40 ოჯახი). ამ თანხით მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა ვერ მოახერხეს და ისევ საცხოვრისის გარეშე დარჩნენ. სამინისტრო კი აღარ სთავზობდა დახმარებას.

გამომცემლობა „სამშობლოს” ყოფილი შენობა „აჭარა ჯგუფმა“ 2011 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ დოლარად შეიძინა.

„აფხაზეთი“

2011 წელ, ვაჟა-ფშაველას #25-ში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთის“ წინ 267-მა დევნილმა ოჯახმა აქცია გამართა. პროტესტი სასტუმროს შენობიდან გასახლების წინააღმდეგ იყო მიმართული. დევნილებმა სასტუმროს დაცლის შესახებ შეტყობინება რამდენიმე დღით ადრე მიიღეს. სასტუმრო კერძო საკუთრება აღმოჩნდა – ეს იყო დევნილთა გამოსახლების მიზეზიც. დევნილებს ალტერნატივად სთავაზობდნენ 10 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში ან საცხოვრებელ ფართს ქალაქ რუსთავში, შენობაში, რომელიც ჯერ არ იყო დასრულებული. სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობის დაცლის ვადაც დილის 07:00 საათამდე იყო. ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ შენობასთან  პოლიციის მობილიზება მოხდა. საბოლოოდ, დევნილებმა შენობა დაცალეს.

დევნილების გამოსახლება სასტუმრო “აფხაზეთიდან”, თბილისი, 2011 წელი

დევნილების განსახლება, უზნაძის ქუჩა, თბილისი, 2011 წელი

სასტუმრო აფხაზეთი 33-ე შენობა იყო, საიდანაც დევნილები გამოასახლეს. 2011 წელს ბაგების სტუდქალაქიდანაც გამოასახლეს დევნილები. დევნილები გამოსახლეს ორხევიდანაც. გამოსახლება გამთენიისას პოლიციის თანხლებით ხდებოდა. 2011 წელს თბილისში ჯერ კიდევ 25 შენოება იყო დარჩენილი, საიდანაც დევნილები უნდა გამოესახლებინათ.

2009 წლიდან კი დევნილთა გამოსახლება, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი (იმ ადგილების საკუთრებაში გადაცემა, სადაც ისინი უკვე ცხოვრობდნენ) და საცხოვრებელი ფართების გარემონტება არ ემსახურებოდა დევნილთა რეალური პრობლემების მოგვარებას. არ იყო გათვალისიწნებული დევნილთა ინტეგრაციის ან ხელახალი გადასახლების შედეგები. გარდა ამისა, გამოსახლების გაუგებარი პირობები, ვადები და ფორმა გახდა დევნილებისთვის პროტესტის მიზეზი 2010-2011 წლებში. გამოსახლების გაუმჭვირვალე პროცესის შესახებ 2010 წელს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარიატმაც (UNHCR) განაცხდა, ხოლო 2010 წელს Amnesty International-მა ამ პროცესებს ცალკე ანგარიში მიუძღვნა. დევნილთა გამოსახლების პრობლემურობაზე საუბრობდა სახალხო დამცველიც. 


მოყვანილ მაგალითებს ბევრი საერთო აქვთ. დევნილებისთვის შეთავაზებული მატერიალური ანაზღაურება არ იყო დედაქალაქის/ქალაქის კერძო საკუთრების რეალურ ფასებზე მორგებული ან მისი ფარული მიზანი იყო დევნილების დედაქალაქს/ქალაქს გარეთ გასახლება.

ალტერნატიული საცხოვრებელიც ამავე შინაარსს ატარებდა: დევნილებს ალტერნატიულ ფართს სოფლებში და რეგიონებში სთავაზობდნენ, მაშინ, როცა მათი ცხოვრების ისტორია უკვე დიდი ხანია ქალაქს უკავშირდებოდა. ადგილის შეცვლა დევნილებისთვის მტკივნეულ განცდებთან ერთად ეკონომიკური საქმიანობის, შემოსავლის დაკარგვასაც ნიშნავდა. ამგვარი მიდგომით ისინი მთლიანად სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე ხდებოდნენ დამოკიდებულნი. გარდა ამისა, ხელისუფლება გამოსახლების ფორმად პოლიციასა და სპეცრაზმს იყენებდა.

გამოსახლების შესახებ შტყობინება მათ რამდენიმე დღით ადრე მისდიოდათ, ხოლო გამოსახლების ბოლო ვადად დილის 6 და 7 საათი იყო დანიშნული. კიდევ ერთი სტრატეგია, რომელსაც სახელმწიფო დევნილების გამოსახლებისთვის მიმართავდა, იყო ცალკეული მოლაპარაკებები ოჯახებთან, რომელსაც ერთიანი პროტესტისა და წინააღმდეგობის შესუსტების მოტივი ჰქონდა.

ეს მეთოდი პრაქტიკაში კარგად მუშაობდა. როგორც კი რამდენიმე ოჯახი მიიღებდა შეთავაზებას, იმის შიშით, რომ ეს დახმარებაც არ დაეკარგათ, მათ სხვებიც აჰყვებოდნენ. სწორედ ამ შიშის წყალობით გახდა შესაძლებელი დევნილებით დასახლებული საერთო საცხოვრებლების პრივატიზაცია.

2007 წელს დევნილთა მიმართ მიღებულ სახელმწიფო სტრატეგიას პრობლემები უნდა მოეგვარებინა, თუმცა პროცესები მძიმედ განვითარდა. სწორედ ამას მოჰყვა დევნილთა საპროტესტო გამოსვლები თბილისში, ფოთსა თუ ქუთაისში. პროტესტი ბენზინის გადასხმით ან პირის ამოკერვით სრულდებოდა.

გარდა გამოსახლების არაჰუმანური მეთოდებისა, განსახლების პროგრამაც ხარვეზებით მიმდინარეობდა. დევნილები ამბობდნენ, რომ განსახლებისას შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებლები არ იყო საცხოვრებლად ვარგისი.

საერთაშორისო ორგანიზაცია (Amnesty International) აცხადებდა, რომ ყველა საცხოვრებელი არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს (2011, 29 იანვარი). გარდა საერთაშორისო სტანდარტებისა, ცხადი იყო, რომ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით აშენებული დევნილთა საცხვრებლები არ ქმნიდა სწავლის, მუშაობისა თუ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისავწდომ პირობებს.

„დიდი პრივატიზაციის“ ფაგრლებში დაწყებული სახელმწიფო პოლიტიკით დევნილთა საბინაო თუ სხვა სოციალური პრობლემების პრივატიზებაც მოხდა. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია მხოლოდ გამოსახლებისა და განსახლების პოლიტიკად იქცა.

7 000 დოლარის,  ალტერნატული საცხოვრებლის შეთავაზების ან საერთო საცხოვრებლის საკუთრებაში დაკანონებისგან შემდგარი პროგრამები არ ითვალისწინებს სოციალური დაცვის სხვა სფეროებს. ასეთ პირობებში დევნილები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც კერძო საკუთრების მიღების შემდეგ ვერ ახერხებენ მის შენარჩუნებას ან მდგომარეობის გაუმჯობესებას.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პოლიტიკა მხოლოდ თეორიულად არის გრძელვადიანი. საცხოვრისით დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შემოსავლის გარეშე მყოფი დევნილებისთვის ერთადერთ საარსებოს ყოველთვიური შემწეობა (45 ლარი) ან სოციალური დახმარება წარმოადგენს, ხოლო სხვა ხარჯების დასაფარად, შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი საცხოვრისის გაყიდვა იყოს. ასეთი დევნილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი დეპარტამენტიდან მეორე დეპარტამენტის ბენეფიციარები ხდებიან. 

დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილება არაეფექტიანი იქნება იქამდე, ვიდრე განსახლების პროგრამა არ იქნება გამყარებული სოციალური დაცვის მთლიანი სისტემით – სამუშაოზე, ჯანდაცვის პროგრამებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობით. არსებული პოლიტიკა კი დევნილებს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის სახელით, გრძელვადიანი სოციალური სიდუხჭირისა და იზოლაციისთვის იმეტებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი