ნეტგაზეთი | ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში – Netgazeti
RU | GE  

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 21 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გასვლას უკრძალავს და 2 ათასი ლარით აჯარიმებს, ადამიანთა ნაწილს არ აქვს ადგილი, სადაც თავს შეაფარებს. ისინი ქუჩაში ცხოვრობენ, ვერც მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოვრების კრიტრეუმებს აკმაყოფილებენ და იძულებული არიან, პანდემიასა და ცივ ზამთარს თბილისის ქუჩებსა და სკვერებში გაუმკლავდნენ, რათა გადარჩნენ. ამას ყველა ვერ ახერხებს.

მიმდინარე კვირას თბილისში დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელიც სკვერში ცხოვრობდა. როგორც მისი მეგობარი, იქვე მცხოვრები მეორე უსახლკარო ადამიანი ყვება, ქალმა უთხრა, რომ დაძინებას აპირებდა, შემდეგ მცირე მანძილის მოშორებით დაწვა და რამდენიმე საათში დაიღუპა. უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი.

ამგვარად, ქალი შეუერთდა სტატისტიკას ადამიანებისა, რომელთა გარდაცვალებაზეც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება და ზოგიერთ შემთხვევაში, მცირე ხნის შემდეგ წყდება. დიდუბის გამგეობის ცნობით, რომლის შენობაც სკვერთან ახლოს მდებარეობს, ქალი არ ყოფილა რეგისტრირებული აღნიშნულ მუნიციპალიტეტში.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში. არც ერთიანი ბაზა არსებობს და არც უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია. როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისში მოქმედი ერთადერთი მუნიციპალური თავშესაფარი, ცივი ზამთრისა და პანდემიის პირობებში, მიუსაფართა მისაღებად მზადაა. თუმცა ამ თავშესაფარში ყველა ვერ მოხვდება: ასე ამბობს პროტოკოლი.

“თუ მექნა გზის ფული…”

მამუკა დიაკონიძე დილიდან საღამოს ექვს საათამდე მარჯანიშვილის მეტროსადგურთან ითხოვს მოწყალებას. შემდეგ ავტობუსით რუსთაველის გამზირზე მიდის, ასევე მეტროსადგურთან ჯდება და ასე გრძელდება დაღამებამდე.

მამუკა დიაკონიძე ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მამუკა დიაკონიძე ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მამუკა დიაკონიძე საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო, როცა გავრცელდა ცნობა, გადაადგილების შეზღუდვის წესების დარღვევის გამო, პოლიციის მიერ უსახლკარო ადამიანის დაჯარიმების შესახებ. მას უკვე ჰყავს ადვოკატი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება, ჯარიმა კი სასამართლოშია გასაჩივრებული.

რამდენიმე წლის წინ მომხდარი ავტოავარიის შემდეგ მხოლოდ ყავარჯნებით გადაადგილდება და ოპერაცია სჭირდება. სახელმწიფო ჰპირდება თანადაფინანსებას, თუმცა არც თანხის ნაწილის გადახდის საშუალება აქვს.

როგორც თავად და მისი ადვოკატი მიუთითებენ, მამუკა დიაკონიძე უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, შშმ პირია. მას შემდეგ, რაც ე.წ. კომენდატის საათის დროს უსახლკარო მამუკა დიაკონიძე ქუჩაში ყოფნის გამო პოლიციამ დააჯარიმა,  თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში პოლიციის დახმარებით მივიდა, მაგრამ თავშესაფარმა არ მიიღო. მიზეზი სიმთვრალე იყო.

ეს პრობლემა არ ყოფილა ერთჯერადი: როგორც თავად ამბობს, ვინაიდან კიდურების ოპერაციის ფული არ აქვს და ვერც საჭირო მედიკამენტებს ყიდულობს, ფიზიკური ტკივილების შემსუბუქება ალკოჰოლურ სასმელზეა დამოკიდებული. ამის მიზეზით ხშირად სვამს. ამ მოცემულობით, მამუკა დიაკონიძე ვერ ჯდება მუნიციპალური თავშესაფრის სტანდარტებში.

საზოგადოების დახმარებით, დიაკონიძეს ჯერჯერობით აქვს ოთახი, სადაც მოწყალების თხოვნის შემდეგ ღამეს გაათევს. ამ ოთახს ემყარება მისი იმედიც ცივი დღეების ფონზე, რაც უსახლკარო ადამიანებს პანდემიის გარდა ახალი გამოწვევაც დაემატა.

“თუ მექნა გზის ფული, წავალ სახლში. ოთხი ლარი წასვლას უნდა, ოთხი ლარი – წამოსვლას. ცარიელი პური და ერთი პატარა, 3-ლარიანი ძეხვი და სიგარეტი ხომ მინდა? 60 წელია, სიგარეტს ვეწევი. ერთი 10-15 ლარი ხომ მინდა დღეში?”, – უთხრა ნეტგაზეთს და დასძინა, თუ რატომ სურს თავშესაფარში:

“ბინის ქირა 300 ლარი ხომ არის? კომუნალური ხომ ემატება? იქ ეს უფასოა. თან, ორჯერადი კვებაა. აქ რასაც ვიმათხოვრებ, თუ კიდევ მომშივდება, ვიყიდი და შევჭამ”.

“მე არ მიღებენ თავშესაფარში. გადაადგილება არ შემიძლია”

დაღუპული ქალი, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, არ ყოფილა ერთადერთი უსახლკარო, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის სკვერში ათენებდა და აღამებდა. გარდაცვლილის ამბავი ადგილზე მისულ მედიას მისმა მეგობარმა, ეკამ უამბო.

ეკა 43 წლის არის, უსახლკაროა და ინსულტის შემდეგ ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ეტლი მოჰპარეს. ფოტოს გადაღება არ ისურვა. არც გვარის გამჟღავნება.

დღის განმავლობაში ქალი სკვერში მდებარე მცირე, გადახურულ ნაგებობაში ზის, რომელსაც მხოლოდ მოაჯირები აკრავს გარშემო. იქვე უდევს ხალხის მიერ მიტანილი ლეიბები, პატარა გაზი, ქვაბი და საკვები, რომელსაც ადგილობრივები ან სხვა უსახლკაროები უნაწილებენ.

“ჩემი მეგობარი იყო. ერთადაც ვჭამდით ხოლმე. ძალიან კარგი ქალი იყო”, – ამბობს გარდაცვლილზე. ყვება, რომ ქალს რთული ცხოვრება ჰქონდა, თუმცა დეტალები მხოლოდ ფრაგმენტულად იცის. უკანასკნელად სწორედ ეკა ნახა. უთხრა, რომ დასაძინებლად მიდიოდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა კიდეც:

“ბეტონზე იწვა და თავისი დუბლიონკა ჰქონდა გადაფარებული”.

ეკა ამ სკვერში თითქმის 1 წლის წინ გადმოვიდა. მანამდე სხვაგან ეძინა. როგორც ამბობს, თბილისში ნათესავები არ ჰყავს. ხალხის მიწოდებულ საკვებთან ერთად დღიურად იღებს ულუფას იქვე მდებარე უფასო სასადილოდან.

ქუჩაში მცხოვრები ადამიანი თბილიში. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

როგორც ყვება, გასულ წელს სასწრაფომ გადაიყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში, თუმცა ვერც ის მოერგო სტანდარტს: ლილოს თავშესაფარში არ იღებენ პირებს, რომელთაც საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლა არ შეუძლიათ.

“ნორმალური საჭმელი და საწოლში ძილი მენატრება. ერთი პატარა ვაგონი მაინც დამიდგან. ერთი პატარა ტელევიზორი… ლოგინებს კი მომიტანენ”, –  ეუბნება “ნეტგაზეთს”.

ამინდის გაუარესებასთან ერთად ქალის მდგომარეობაც უარესდება. მიმდინარე თვეში, როცა გადაბმულად რამდენიმე დღე იწვიმა, სველ ლეიბებსა და პლედებში მოუწია ძილი. როგორც ამბობს, ნაწოლებიც გაუჩნდა.

ეკას სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს და ვერც ელემენტარულ შემწეობას იღებს. როგორც წესი, ამისათვის სოციალური აგენტები დახმარების საჭიროების მქონე პირის ქონებას აღწერენ და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ეკას, ისევე როგორც სხვა უსახლკაროებს, არაფერი გააჩნიათ ისეთი, რისი აღწერაც შეიძლება.

მიუსაფართა თავშესაფარი თბილისში: წესრიგშია, თუმცა ყველა ვერ მოხვდება

უსახლკაროების საკითხზე თბილისის მერიაში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში შეიქმნა. მერიის თანახმად, ამ დროის განმავლობაში კომისიაში 12 000 განცხადება შევიდა, საიდანაც 1 511 განცხადებაზე დადებითი პასუხი გაიცა.

“მათმა ნაწილმა უარი განაცხადა განთავსებაზე. ნაწილი განთავსებულია ლილოში ან სხვა სოციალურ სახლებში”, – ამბობენ მერიაში.

თბილისში, ლილოს დასახლებაში, მიუსაფარ პირთათვის თავშესაფარი 2016 წელს გაიხსნა. შენობა 240 პირზეა გათვლილი, თუმცა თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამჟამად იქ მყოფ ბენეფიციართა რიცხვი მხოლოდ 118-ს შეადგენს. ზამთრის ცივ დღეებში მათი რაოდენობა 150-160-ს აღწევს.

მას შემდეგ, რაც ახალმა კორონავირუსმა თავშესაფარშიც შეაღწია და 4 ადამიანი დაინფიცირდა, შენობაში უცხო პირთა შესვლა აიკრძალა. როგორც დაწესებულებაში ამბობენ, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და კონტაქტებიც იდენტიფიცირებული.

თავშესაფარი ლილოში. ფოტო "ნეტგაზეთის" არქივიდან

თავშესაფარი ლილოში. ფოტო “ნეტგაზეთის” არქივიდან

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტის, ლინა ღვინიანიძის შეფასებით, თავშესაფრის შეუვსებლობის ტენდენცია არ არის შემთხვევითი. იურისტს მიაჩნია, რომ ამ ფაქტს არაერთი გარემოება უწყობს ხელს, მათ შორის, პრობლემები თავად თავშესაფრის კონცეფციაში:

“მაგალითად, თავშესაფრის წესების მიხედვით, ისინი არ იღებენ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე… ან არ აქვთ თვითმოვლის უნარები. თვითმოვლის უნარის არქონა ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხანდაზმულობით ან სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული.

თავშესაფარს არ აქვს არანაირი დამხმარე, მხარდამჭერი სერვისი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მიიღოს. ფაქტობრივად, ვიღებთ მდგომარეობას, რომ ლილოს თავშესაფარი, რომელიც ყველაზე მძიმე უსახლკარო ჯგუფზე უნდა იყოს გათვლილი, უარს ეუბნება მათ მიღებაზე, ვინაიდან წესების მიხედვით, შეუძლებელია მათი იქ მიყვანა”.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოცმომსახურების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ შშმ პირებისა და ალკოჰოლზე თუ წამალზე დამოკიდებული ადამიანების საკითხი მუნიციპალიტეტის კონცეფციას სცდება. სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის თქმით, ამ მოქალაქეებისთვის სერვისების შეთავაზებაზე სახელმწიფო მუშაობს.

გელა ჩივიაშვილი ფოტო: BM.GE

გელა ჩივიაშვილი ფოტო: BM.GE

“ადამიანებზე, რომელთაც თვითმოვლა არ შეუძლიათ, სხვა სახელმწიფო პროგრამა მუშაობს: პალიატიური ზრუნვის პროგრამა. ამას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენს თავშესაფარში ეს ფუნქცია ამიტომ არ არის.

რაც შეეხებათ წამალდამოკიდებულებს, ალკოდამოკიდებულებს, ამ შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა მუშაობს: მეტადონის ჩანაცვლება და ა.შ. “, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

თუმცა ვერც ერთი ეს სერვისი ვერ ფარავს თუნდაც იმ უსახლკაროებს, რომელთაც “ნეტგაზეთს” თავიანთი ისტორიები გაუზიარეს: პალიატიური ზრუნვის პროგრამა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დიაგნოზის მქონე პირებს ეხებათ, სხვები იქ ვერ მოხვდებიან. მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა კი საერთოდ არ მოიცავს თავშესაფრის კომპონენტს.

იმას, რომ უსახლკარო ადამიანების ნაწილი, მათ შორის, ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულები, სისტემის მიღმა რჩებიან, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სამმართველოშიც ადასტურებენ. სამმართველოს უფროსს, თეა გვარამაძეს მიაჩნია, რომ მუნიციპალური თავშესაფრის მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანის ქუჩაში დატოვების თავიდან აცილება.

“მე ძალიან ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი ქუჩაში არ უნდა იყოს, ეს უკვე შემდგომი სამუშაოა: მას ვინმე სახლში ჰყავს თუ არა, შეიძლება თუ არა მისი სხვა სერვისში გადამისამართება, შეიძლება თუ არა სხვა რომელიმე მუნიციპალიტეტთან დაკონტაქტება, კომუნიკაციის აწყობა…

ჩემი აზრით, [თავშესაფარმა] უნდა მიიღოს ყველა და მერე უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, სად გააკეთოს ამ კონკრეტული ადამიანის რეფერირება, თუ ის მისი ბენეფიციარი არ არის. გარეთ რომ არ უნდა იყოს, ფაქტია”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

თეა გვარამაძის თანახმად, შშმ პირებისთვის სერვისი არსებობს-ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული სათემო პანსიონების სახით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პოტენციური ბენეფიციარის მდგომარეობას სოციალური მუშაკი სწავლობს, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება პირის შესაბამის პანსიონში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

EMC-ის იურისტს, ლინა ღვინიანიძეს, მუნიციპალური თავშესაფრის კონცეფციის კიდევ ერთ პრობლემად მიაჩნია მიუსაფარ პირთა მოწყვეტა თავიანთი სოციალური გარემოდან. მისი თქმით, თავშესაფარი ქალაქიდან შორს არის, რაც ბენეფიციარებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის თბილისისკენ გადაადგილებას. არადა, იურისტი გვიხსნის, რომ ეს ფაქტორი ზოგიერთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“[თბილისში] ამ ადამიანებს, მათ შორის, მათხოვრობის თუ სხვა გზით, აქვთ შემოსავალი, აქვთ გარკვეული კონტაქტები ან პერიოდულად შეიძლება გარკვეულ ფიზიკურ სამუშაოსაც ასრულებდნენ.

ანუ არის არჩევანი: დაკარგო ის, რაც გაქვს, გაწყვიტო ეს კონტაქტები და სრულიად დამოკიდებული გახდე თავშესაფრის ცხოვრებაზე, ან უარი თქვა ამაზე და შენით განაგრძო თვითგადარჩენა.

ადამიანების გარკვეული ნაწილი ირჩევს თვითგადარჩენას, რადგან მათ არ იციან, ეს თავშესაფარი რამდენ ხანს გასტანს, როგორ იქნებიან, და პირობითად, თუ ისინი დაკარგავენ აქ ცხოვრების შესაძლებლობას, ექნებათ თუ არა შანსი, დაბრუნდნენ გარკვეულ სოციალურ სივრცეში და ასე განაგრძონ თვითგადარჩენა”, – გვეუბნება იურისტი.

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

თითოეულ ბენეფიციარს თავშესაფარში 18 თვის გატარება შეუძლია. რა სერვისებს სთავაზობს მუნიციპალური თავშესაფარი მათ, რათა დაწესებულების დატოვების შემდეგ სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებს უკეთ გაუმკლავდნენ?

გელა ჩივიაშვილის თქმით, “[თავშესაფრიდან] ადამიანებს არავინ უშვებს, სანამ მათი სოციალური უზრუნველყოფა არ იქნება გამოკვლეული. როგორც ამბობს, ეს არის არამ არტო თავშესაფარი, არამედ “საშუალება [ბენეფიციარების] თვითრეალიზებისთვის”:

“…ამ მიმართულებით თავშესაფარში საკმაოდ საინტერესო ტრენინგები ტარდება. ასევე გვყავს ორი ფსიქოლოგი, რომლებიც მუშაობენ ბენეფიციარებთან და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ ამ მიმართულებით. ანუ, ეს ადამიანები არა უბრალოდ ცხოვრობენ, არამედ მუშაობენ…

ზოგი სხვადასხვა გადამზადების პროგრამაში ჩაერთო და მათი დასაქმება მოხდა… თითოეულ ადამიანზე ხდება შესაბამისი ფაილის შედგენა, მათი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. მაგრამ ცხადია, რომ კონტინგენტი არის უფრო ხანდაზმული და აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების უნარ-ჩვევები ზოგჯერ შეიძლება იყოს შეზღუდული”.

კიდევ ერთი ზამთარი უსახლკარობასთან ბრძოლის სტრატეგიის გარეშე

საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობასთან ბრძოლის სტრატეგია. დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა როგორც კომისია, ისე სამუშაო ჯგუფი, სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვათა მონაწილეობით.

პროცესი ამჟამად გაჩერებულია. სამინისტროს სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ამბობს, რომ განხილვებისას დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა მხარეთა შორის და ვერც იმაზე შეთანხმდნენ, ვინ უნდა იყოს “უსახლკარო”. კანონმდებლობის დონეზე; შეთანხმდნენ “პრობლემების” ხეზე, თუმცა პროცესი ამაზე შორს აღარ წასულა.

სტრატეგიასთან ერთად, სახელმწიფოს არ აქვს არც ერთიანი ბაზა, რომელშიც უსახლკარო ადამიანების შესახებ მონაცემები იქნებოდა ხელმისაწვდომი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში, EMC-ის თანახმად, მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტი ინახება. თეა გვარამაძის თქმით, სხვა მუნიციპალიტეტები სააგენტოს თავიანთ მონაცემებს არც აწვდიან.

მიზეზებზე საუბრისას სამმართველოს უფროსი კვლავ “უსახლკაროს” განმარტების პრობლემურობას ახსენებს და მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებითაა სამუშაო, რათა სახელმწიფომ ერთიან სტრატეგიაზე იფიქროს.

თეა გვარამაძე

თეა გვარამაძე

“უსახლკარო პირი არის მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აღრიცხულია, როგორც უსახლკარო”, – ასეთია ტერმინის ამჟამინდელი განმარტება კანონში.

“ისევ მივდივართ დეფინიციამდე: თუ რა კატეგორიის ადამიანებზე ვსაუბრობთ, რა ტიპის სერვისების შეთავაზება შეგვიძლია… უნდა გვქონდეს ერთიანი ბაზა, კი, ოღონდ სწორი ტერმინით აღრიცხული. ამჟამად ამ ტერმინის დეფინიცია ძალიან ამორფულია”,-აღნიშნავს თეა გვარამაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უსახლკაროთა საჭიროებებზე მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად ზრუნავენ:

“ჩვენ გამოვითხოვეთ კიდეც ინფორმაციები მუნიციპალიტეტებიდან და პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს რაღაც ტიპის პროგრამების შეთავაზებას ამ ადამიანებისთვის და ყველა ამ ტერმინს[უსახლკაროს] არც იყენებს”.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება აუცილებელი პირობაა როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე, რათა კავშირი არ გაწყდეს ადამიანსა და სერვისს შორის. ლინა ღვინიანიძის თქმით, ხშირად ხდება, როცა ადამიანს მერიაში უსახლკაროს სტატუსი ენიჭება, თუმცა შემდგომ პროცესი წინ ვეღარ მიდის.

” ვერ ხდება მისი[სტატუსის მქონის] დაკმაყოფილება სხვადასხვა ტიპის სერვისით, საცხოვრისით. ეს შეიძლება იყოს ქირის პროგრამა და ამის მიღმა ჩვენ ვხედავთ, რომ მერიას სოციალური პროგრამები რეალურად არ გააჩნია. ეს იმ დროს, როცა უსახლკარობის მასშტაბი განსაკუთრებით თბილისში არის ძალიან მაღალი”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე. 

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ქალაქში – ვარკეთილში, დიდ დიღომსა და ორხევში – სამი სოციალური საცხოვრისი არსებობს, სადაც ამ ეტაპზე მომსახურებას 150 ოჯახი იღებს. ქირასა და სხვა ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

ამ პროგრამას “ნეტგაზეთთან” საუბრისას ახსენებს ლინა ღვინიანიძეც, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი შესაძლებლობები ლიმიტირებულია.

“მცირე ოჯახების განსახლების შემდგომ მათ არ აქვთ არანაირი რესურსი სხვა ოჯახების განსახლებისა. თუმცა მაჩვენებელი თბილისის მასშტაბით გვეუბნება, რომ უსახლკარო ჯგუფად ძალიან ბევრი შინამეურნეობა მიიჩნევს საკუთარ თავს.

ამას აჩვენებს მიმართვიანობა მერიაში და თბილისის მერიის მიერ გაცემული გადაწყვეტილებები”, – ამბობს ის.

სანამ პანდემია დასრულდება, ხელისუფლება კი ყურადღების მიღმა, ქუჩაში მარტო დარჩენილი ადამიანების რეალურ საჭიროებებს შეისწავლის და მათზე მორგებულ პროგრამებს შექმნის, უსახლკაროების ერთადერთ იმედად რჩება გაზაფხული, რომელიც ზუსტად 3 თვეში დადგება და ცოტათი მაინც შეამსუბუქებს ქუჩაში, ყინვაში ცხოვრების სიმძიმეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან