ახალი ამბები

ხმაურში, სიცივეში, ყველასგან მოშორებით – ადამიანთა ყოფა სოციალურ საცხოვრისებში

21 დეკემბერი, 2020 • 1884
ხმაურში, სიცივეში, ყველასგან მოშორებით – ადამიანთა ყოფა სოციალურ საცხოვრისებში
  • საცხოვრებლად უვარგისი შენობა;
  • ზამთრის სუსხში მხოლოდ „ტანსაცმლით გათბობა“;
  • ქვეწარმავლები ბავშვების სათამაშო სივრცის გარშემო;
  • 2-დან 7 ადამიანი 38 კვადტარულ მეტრ ფართობზე;
  • არარსებული პირადი სივრცე;
  • გარედან შემომავალი გამუდმებული ხმაური;

ეს მხოლოდ ნაწილია იმ პირობებისა, რისი ატანაც სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ადამიანებს უწევთ. ეს პირობები დღის შუქზე გამოაქვს „ღია საზოგადოების ფონდის“ ეგიდით ჩატარებულ ახალ კვლევას, რომელიც ასკვნის, რომ:

„სოციალური საცხოვრისის პირობები არასათანადოა და გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს იქ მცხოვრებელი ადამიანების ჯანმრთელობის, მათ შორის, მენტალურ მდგომარეობას“.

კვლევის ავტორის, ქეთი სართანიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება ასეთია: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დამხმარე პროგრამების არარსებობა ამ ადამიანებს მუდმივად აქცევს სახელმწიფო სერვისზე დამოკიდებულად.

მკვლევრის თქმით, რესპონდენტები ხშირად ეკითხებიან: „როდემდე“?


რა არის სოციალური საცხოვრისი?

სოციალური საცხოვრისი არის ადგილი, სადაც უსახლკარო ადამიანებს სახელმწიფო ათავსებს ხოლმე. ასეთი საცხოვრისები ამჟამად ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებობს.

სოციალური საცხოვრისია ის ადგილიც, რომელიც აფრიკის დასახლების ამბებზე პირველი გამხმაურებისას ახსენა თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ნახევრად ცარიელია და უსახკლაროებს შეუძლიათ, იქ წავიდნენო.

[ვრცლად: აფრიკის დასახლება: რატომ უნდა სჭირდებოდეთ მოქალაქეებს მერისგან ბინა საჩუქრად?]

როგორია სოციალური საცხოვრისების მდგომარეობა მთელ ქვეყანაში? ცვლის ეს საცხოვრისები ბენეფიციართა ცხოვრებას უკეთესობისკენ?

ამ კითხვებს პასუხი გაეცემა „ღია საზოგადოების“ ფონდის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის გაცნობის შემდეგ. კვლევის ავტორია სოციოლოგი ქეთი სართანია.

სოციალური საცხოვრისი

პანდემიის პირობებში ჩატარებული კვლევა ორ ასეთ საცხოვრისს შეეხო – თბილისსა (ორხევში) და ქუთაისში. ორივე მათგანმა ბენეფიციარების პირველი ნაკადი 2017 წელს მიიღო.

კრიტერიუმები და შეუსაბამობა

საცხოვრისში უსახლკაროდ რეგისტრირებულ ოჯახებს/ადამიანებს მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ მოხვედრა.

მაგალითად: ადამიანი/ოჯახის წევრი უნდა იყოს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მქონე, ან მარტოხელა დედა, ან ბავშვიანი ოჯახი და ა.შ.

თუმცა, ავტორის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მუნიციპალიტეტმა სწორედ ეს ჯგუფები მიიჩნია პრიორიტეტულად, „საცხოვრისების მშენებლობისა და რემონტის პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული მათი ფიზიკური საჭიროებები“.

ამ საკითხის გაუთვალისწინებლობა კი მათ ყოფას ართულებს. კვლევის თანახმად, საცხოვრისებში მცხოვრებ ყოველ მე-3 ოჯახში იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ერთი პირი მაინც. ეტლით მოსარგებლეებს კი ხშირად კიბით უწევთ გადაადგილება — მეზობლების დახმარებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ მე-2 ოჯახში განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქიკური საჭიროებების მქონე პირები არიან, თუმცა, სტასუსის გარეშე.

შენობები – ყველაფრისგან განცალკევებით

ავტორი მიუთითებს, რომ თბილისისა და ქუთაისის სოციალური საცხოვრისები, — მასიური მართკუთხა შენობები, — სხვა დასახლებული პუნქტებისგან განცალკევებით დგას.

ქუთაისის საცხოვრისი განთავსებულია კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, რომელიც 2017 წელს გაარემონტეს. თუმცა, აუდიტის 2019 წლის დასკვნის თანახმად, ეს შენობა მაინც გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ამ შენობაში 80-მდე ოჯახი მაინც ცხოვრობს.

რის გამოა უვარგისი?
ავტორი წერს:

„შენობის ფანჯრები იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული.

  • ფანჯრები, როგორც წესი, გასაღებად მიუწვდომელია;
  • იღება მხოლოდ ერთი ფანჯარა;
  • სახლის განიავების გარდა, ასეთი პირობები მცხოვრებლებს სარეცხის გაფენაშიც უშლით ხელს;
  • შენობას და ფანჯრებს არ აქვს სარეცხის გასაფენი თოკები, ე.წ. შტორები, ამის გამო მაცხოვრებლები სარეცხს საკუთარ ბინაში ან შენობის დერეფანში ფენენ.
  • დერეფანში მუდმივად გაფენილი სარეცხი ნესტს იწვევს და მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
  • გამოკითხვისას რესპონდენტები ამბობდნენ, რომ სუნთქვისთვის „ნორმალური ჰაერი” სჭირდებათ.
  • გამოთქმა არ არის მეტაფორული და მასში სარეცხის ფხვნილისა და ნესტისგან სუფთა ჰაერი იგულისხმება.
  • ასეთ სიტუაციაში მცხოვრებელები გამოსავალს ხედავენ აივნების მოშენების ხარჯზე ფართობის მომატებაში“.

რაც შეეხება ორხევის საცხოვრისს: ერთი ოჯახისთვის აქ 38 კვადრატული მეტრია გამოყოფილი და გაერთიანებულია სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და ბავშვების სამეცადინო სივრცე. თითო ასეთ ოთახში 2-დან 7 ადამიანამდე ცხოვრობს.

კვლევის თანახმად, შენობების ინფრასტრუქტურის შეფასებისას რესპონდენტთა 80% (44 მათგანი) მიიჩნევდა, რომ მათი საცხოვრებელი არ არის უსაფრთხო, ხოლო 49% (27) საკუთარ ბინას საშიშ, დაბინძურებულ და ხმაურიან ადგილად მოიხსენიებდა.

რესპონდენტთა თითქმის ნახევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ტრანსპორტის გაჩერება, მისი სიშორისა და ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მკვლევარი ასევე წერს, რომ მაღალი კომუნალური გადასახადების გამო, რესპონდენტების ნაწილი ზამთარში გასათბობად მხოლოდ თბილი ტანსაცმლის გამოყენებას ამჯობინებს.

მუდმივი კონტროლი და „ინსტიტუციონალიზაცია“

კვლევის ავტორი ქეთი სართანია მიუთითებს თბილისის სოციალურ საცხოვრისში ადამიანების უწყვეტ „თვალთვალზე“, რაც სახლში ყოფნის განცდას არ აჩენს. პირიქით.

კვლევის თანახმად, თბილისის სოციალურ საცხოვრისს „მართვის სამოქმედო ინსტრუქცია“ აქვს, სადაც დეტალურად არის გაწერილი საცხოვრისით სარგებლობის წესი და პირობები, რომელთა შესრულებასაც „მამასახლისი“ და დაცვა ზედამხედველობენ:

  • „მამასახლისი სისტემატურად ამოწმებს საცხოვრისის ინვენტარს;
  • საღამოს 11-დან დილის 8 საათამდე დაუშვებელია ხმაური და ტელე, ვიდეო და აუდიოაპარტურით სარგებლობა;
  • ბენეფიციარები ვალდებულნი არიან, 24 საათზე მეტი დროით საცხოვრისის დატოვების შემთხვევაში, წინასწარ აცნობონ მამასახლისს სახლის დატოვების მიზნისა და სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ;
  • 3 კვირაზე მეტი ვადით საცხოვრისის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
  • როგორც მკვლევარი არკვევს, შენობის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი მკაცრი დისციპლინა ახსნილია საცხოვრისში „წესრიგის დამყარებისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნებით“.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაცია საცხოვრისში ოჯახების განთავსებას „საჩუქრად“ ასაღებს და ასე უყურებს, „შესაბამისად, მცხოვრებელთა კრიტიკის ან პრეტენზიის მოსმენა მათთვის მიუღებელია“.

მკვლევარი კი მიუთითებს, რომ „უსაფრთხოების დაცვის საბაბით საცხოვრისების ინსტიტუციონალიზაცია უსახლკარობის წინააღმდეგ წარმატებული პოლიტიკის ნაწილი ვერ გახდება“:

„სახლის, სიმყუდროვისა და უსაფრთხო სივრცის განცდის ნაცვლად, ინსტიტუციის ორგანიზება მრავალმა ქვეყანამ აღიარა შეცდომად, რომელიც გამორიცხავს უსახლკარო პირთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნასა და საზოგადოებაში მათ რესოციალიზაციას“.

ბენეფიციარები – უმუშევრად, ვალებში

2020 წლის მარტის ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისისა და თბილისის სოციალურ საცხოვრისებში, ჯამში, 151 ოჯახი — 507 ადამიანი — ცხოვრობს. მათგან 193 სრულწლოვანია.

მკვლევარმა მათგან 55 ადამიანი გამოკითხა. გამოკითხულთა 94.5% ქალი იყო. როგორც იგი განმარტავს, ქალების მაღალი რეპრეზენტაცია ნიშანდობლივია და ეხმიანება ქონების ტრადიციული წესით გადაცემისა და ოჯახური ძალადობის შედეგად საცხოვრებლის დაკარგვის ფაქტებს.

მათი გამოკითხვის ხანგრძლივი პროცესის შემოკლებული შედეგები ასეთია:

  • 85.4% (47 მათგანი) თავს უმუშევრად მიიჩნევს;
  • 30.9% (17) ისეთ პროფესიულ-ტექნიკურ განათლებას ფლობს, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ ფორმაციაში გამოუსადეგარია;
  • რესპონდენტების 43.6% (24) ვერ იმუშავებს განსაკუთრებული საჭიროებებისა თუ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო;
  • გამოკითხულთა 10.9% (6) – 50 წელს გადაცილებული რესპონდენტი – ამბობს, რომ ისინი ასაკის გამო ვერ შოულობენ სამსახურს;
  • გამოკითხულთა 16.3% (9) ვერ იწყებს მუშაობას შვილების აღზრდისა და მათთან დამტოვებლის არყოლის გამო.
  • კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა ნაწილისათვის მათი ოჯახის მთლიანი ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია;

გამოკითხულთა 74%-ს (42) აქვს ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, მაღაზიის ან აფთიაქის ვალი;

დევნილები და ეკომიგრანტები

ავტორი თეორიულ ნაწილში, სხვა კვლევებისა და ლიტერატურის გამოყენებით, მიმოიხილავს უსახლკარობის სტრუქტურულ მიზეზებს, რაც, თავის მხრივ, არეკლილია უშუალოდ ამ საცხოვრისებში ჩატარებულ გამოკითხვებში.

ქეთი სართანია უსახლკარობის ოთხ ძირითად სრუქტურულ ფაქტორს გამოყოფს და მიუთითებს, რომ პირველი ორი მათგანის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა, ასე თუ ისე, არსებობს:

  • ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად გამოწვეული უსახლკარობა;
  • სამხედრო/შეიარაღებული დაპირისპირებით გამოწვეული უსახლკარობა (იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები));

ვალები და უსახლკარობის სხვა მიზეზები

ამასთან, ის გამოყოფს კიდევ ორ კატეგორიას, რომლებსაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ ხედავს:

  • დაურეგულირებელი საბანკო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული უსახლკარობა;
  • კულტურული და სოციალური ფაქტორების გავლენით – მათ შორის, კერძო საკუთრების ფლობა-განკარგვის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის არქონის შედეგად – გამოწვეული უსახლკარობა;

უშუალოდ ამ 2 საცხოვრისსში გამოკითხულთა 34.5%-მა (19 ადამიანმა) უსახლკარობის მიზეზად დაასახელა ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო მაღალ პროცენტში აღებული ვალის ვერგადახდა. ვალი ან ბანკისა ჰქონდათ, ან კერძო მევახშისა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი კუთვნილი უძრავი ქონება გაუყიდეს.

მკვლევარი საუბრობს „მტაცებლურ დაკრედიტებაზე” და დაურეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოზე, მათ შორის, ეროვნული ბანკის არასაკმარის ინიციატივებზე. ამასთან, ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ასახელებს კერძო მევახშეობას.

„რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო მევახშეების დაკრედიტების სისტემა უმეტესად ისეთი ოჯახებისა და პირებისთვის ფუნქციონირებდა, ვინც ვერ ახერხებდა კომერციულ ბანკში სტაბილური შემოსავლის დადასტურებას და, შესაბამისად, სესხის აღებას. სწორედ ასეთი ოჯახების ისტორიები აჩვენებს შექმნილი საბანკო და ფინანსური ბაზრის უსამართლობას, რომლის შედეგებიც საკუთარ თავზე იწვნიეს წინამდებარე კვლევის რესპონდენტებმა“, – წერს სოციოლოგი.

რესპონდენტენტთა 20%-სთვის (11 პირი) საცხოვრებლის დაკარგვის მიზეზი, როგორც სოფლად, ისე ქალაქად, ბინების ავარიული და ნგრევადი მდგომარეობა იყო. აქ ავტორი მიუთითებს ფართო ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე:

„თუკი 1992 წლამდე საბინაო მომსახურება სახელმწიფოს ვალდებულება იყო, ბინების მასშტაბური პრვატიზაციის შემდეგ, სახლის მოვლა-შეკეთება, მათ შორის კაპიტალურად, კერძო მესაკუთრის ვალდებულებად იქცა“. თუმცა იმის გამო, რომ საბაზრო ეკონომიკაზე ახლად გადასულთა დიდი ნაწილისთვის სამუშაო ადგილები ვერ მოინახა შრომის ბაზარზე, „ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრებამდე ისინი უმუშევრობით გამოწვეულმა სიღარიბემ მიიყვანა“.

კიდევ ერთი მიზეზი (5.4%-სთვის), რაც გამოკითხვებმა გამოკვეთა, სოციალური და კულტურული ნორმები იყო. კერძოდ, ეს იყო საოჯახო მეურნეობაში ქონების ტრადიციული წესით გადანაწილება.

„ქართულ კულტურაში, ტრადიციულად, ბინა მემკვიდრეობით გადადის ოჯახის მამრობით წევრზე, რადგან ის ოჯახის გვარის გამგრძელებლად, მემკვიდრედ და ქონების ნამდვილ მესაკუთრედ ითვლება. ის ქალები, რომლებსაც მემკვიდრეობით იშვიათად ერგებათ კერძო საკუთრება, დაოჯახების შემდეგ დამოკიდებულნი არიან მეუღლის საცხოვრებელზე. შესაბამისად, მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, უსახლკარობის მაღალ რისკჯგუფს წარმოადგენენ და ხშირად უწევთ ძალადობის მოთმენაც უსახლკარობისგან თავის ასარიდებლად.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული 55 გამოკითხული პირიდან, 94.5% ქალია (52), ხოლო 5.4% (3) – კაცი. ქალების მაღალი რეპრეზენტაცია ნიშანდობლივია და ეხმიანება ქონების ტრადიციული წესით გადაცემისა და ოჯახური ძალადობის მიზეზებს, რომელთა გამოც ქალები უფრო მეტად განიცდიან უსახლკარობის პრობლემას“, – წერს ავტორი.

ამ სამი კატეგორიის გარდა, მიზეზებს შორის რესპონდენტების გამოკითხვიდან გამოიკვეთა ბიუროკრატიული პროცედურების არცოდნის და ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის გამო საცხოვრებლის დაკარგვის ტენდენციაც.


სრულ კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე


გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი