ახალი ამბები

ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

30 დეკემბერი, 2020 • 5731
ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

თბილისში, ოქროს უბანში მიწის ნაკვეთი, სადაც მოსახლეობა და აქტივისტები წლების განმავლობაში სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვდნენ, ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია „შპს სითი ლოფტმა“ იყიდა. კომპანია აქ მულტიფუნქციური ობიექტის მოწყობას გეგმავს.

შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრიში უკვე ატვირთულია. დოკუმენტების თანახმად, ტერიტორია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, შპს „სითი ლოფტს“  სიმბოლურ ფასად 14-15 დეკემბერს დაუკანონდა.

სქრინი საჯარო რეესტრიდან

საქმე ეხება  ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიას.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მართალია, ტერიტორია „სითი ლოფტს“ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გადაეცა, მაგრამ მან 20 მლნ ლარის ღირებულების ვალდებულებითაც დაიტვირთა თავი. ეს მილიონები კომპანიამ მერიის ანგარიშზე უნდა გადარიცხოს.

რას აპირებს „სითი ლოფტი“?

ტერიტორია ამა წლის ზაფხულამდე, კერძოდ კი ივლისამდე, ქალაქ თბილისს ეკუთვნოდა, თუმცა 2 ივლისს ეს ტერიტორია მერიის განკარგულების საფუძველზე   ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

დეკემბერში სააგენტომ  ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად მიჰყიდა შპს „სითი ლოფტს“. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც სახელმიფო ქონების სააგენტოში წერილობით გვპასუხობენ, შპს „სითი ლოფტმა“ თბილისის მერიაში შეტანილი წერილით ამ ტერიტორიის მიმართ დაინტერესება გამოხატა.

„მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების – 18,700,000 ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე (მერიის პროგრამა), ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1,300,000 ლარი გადარიცხოს მერიის ანგარიშზე.

კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას და სარეკრეაციო არეალის შექმნას (სავაჭრო ობიექტი, რეკრეაციული კუთხე, კვების ობიექტი და ა.შ.). დღეს, ფაქტობრივად, აღნიშნული ტერიტორია აღარ წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს (თუმცა ფორმალურად ეს სტატუსი შერჩა, რაც არ კრძალავს პრივატიზაციას)“, – ნათქვამია უწყების პასუხში.

ნეტგაზეთმა გეგმებთან დაკავშირებით წერილობითი კითხვები გაუგზავნა ასევე „აჭარა გრუფსაც“. ჩვენ კომპანიას ვკითხეთ, რის აშენებას გეგმავს ტერიტორიაზე და ხომ არ იგეგმება აქ სარეკრეაციო ზონის მოწყობა.

კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ აქ მულტიფუნქციური ობიექტის მოწყობას გეგმავს და ასევე გვითხრა:

„შპს “სითი ლოფტის” გუნდი აცნობიერებს მდგრადი ურბანული რეგენერაციისა და ქალაქში რეკრეაციული ზონების განვითარების აუცილებლობას. ამასთანავე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ინკლუზიურობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ყველასთვის.

სწორედ ამიტომ, მულტიფუნქციური ობიექტის შესაქმნელად კომპანია არსებული შენობის განახლებას მოახდენს თბილისის ისტორიული უბნის კონტექსტში. ამასთანავე, შპს “სითი ლოფტი” ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონის სტატუსს და შესყიდულ შენობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფეროვან ღია სივრცეებს განავითარებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ტურისტებისთვისაც“, – ნათქვამია წერილობით პასუხში.

ოქროს უბანში – ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის ტერიტორია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამასთანავე, კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის განვითარებაზე მუშაობას ახლა იწყებენ, შესაბამისად, რენდერები [ფოტომონტაჟი] და დეტალები პროექტის შესახებ, ამ დროისთვის არ არსებობს.

შპს „სითი ლოფტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ბიზნესმენი თემურ უგულავაა. უგულავა „აჭარა გრუფის“ დამფუძნებელია. თავის მხრივ, „აჭარა გრუფის“ ქოლგის ქვეშ ისეთი ბიზნესები შედის, როგორიცაა Holiday Inn, Stamba, Rooms Hotel და სხვა.

მერიის პასუხი

ნეტგაზეთმა თბილისის მერიას ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის, რატომ გადაწყდა ტერიტორიის გაყიდვა და ხომ არ არსებობს ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას რიამე სახის ვალდებულებას დააკისრებდა – მაგალითად, სარეკრეაციო ზონის მოწყობას.

მერიამ წერილობით პასუხში დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა: „აღნიშნულ ტერიტორიაზე კორპუსები არ აშენდება. განაშენიანება მოხდება რეკრეაციული და საზოგადოებრივი ფუნქციების გათვალისწინებით,“.

თუმცა მანამდე ამ ტერიტორიის გადაცემა კომპანია m2-თვის იგეგმებოდა, რომელსაც „ცენტრ პოინტთან“ შეთანხმების საფუძველზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება სურდა.

ზემოხსენებული მემორანდუმი ითვალისწინებდა “ცენტრპოინტის” მიერ წამოწყებული გაჩერებული მშენებლობების დასრულებას და 4000- მდე ბინათმესაკუთრის დაკმაყოფილებას. ამ გეგმის თანახმად, ამ ადგილას უნდა აშენებულიყო კომპლექსი, რომელიც რენდერით ასე გამოიყურებოდა:

პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივების ნაწილი და აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია ერთადერთი შესაძლებლობაა უბანს სარეკრეაციო სივრცე ჰქონდეს.

„ვინ არის იმის გარანტი, რომ ამ ადგილს უბნის ან ქალაქის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ?“

უკვე წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე სკვერის გაშენებას ითხოვს. ამ მოთხოვნით გაიმართა არაერთი შეხვედრა და აქცია, დაიწერა რამდენიმე განცხადებაც, თუმცა მერიამ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, ვინც წლების განმავლობაში ითხოვდა ჩუბინიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების კვეთაზე სკვერის გაშენებას.

„ეს ტერიტორია ათეულობით წლის განმავლობაში იყო ქალაქის, მხოლოდ ერთი მოკლე პერიოდი ეკუთვნოდა „ცენტრ პოინტს“, რომელსაც ეს ადგილი გარკვეული პირობებით გადაეცა. მაშინ კომპანიამ ეს პირობები ვერ შეასრულა და ადგილი ქალაქმა მას უკან წაართვა“, – იხსენებს ზურაბ ბაქრაძე.

ის გვიხსნის, რომ ამ კვარტალს ერთი საკადასტრო კოდი [01.16.01.009.001] აქვს, შესაბამისად, კომპანიამ იყიდა მთლიანი კვარტალი – თავისუფალი ადგილიცა და შენობებიც .

ამასთანავე, ზურაბ ბაქრაძის განმარტებით, ამ ადგილს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი აქვს – „ეს ნიშნავს, რომ სპეციალური შეთანხმებით შესაძლებელია ისეთი შენობების აშენებაც, როგორიცაა სასტუმრო, კაზინო და ა.შ. ფორმალურად, უგულავას შეუძლია მსგავსი რაღაცები ააშენოს, ან უკვე აშენებულ შენობებში განათავსოს ამგვარი დაწესებულებები,“.

„ვინ არის იმის გარანტი, რომ ამ ადგილს უბნის ან ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ? გარანტია რად გვინდა, ფაქტია, რომ არ გამოიყენებენ.. ასეთ რაღაც ხომ უკვე მოხდა „ფაბრიკის“ მაგალითზე. ამ ადგილას, რეალურად, იქ მცხოვრები მოსახლეობა არ შედის, არამედ შედის საზოგადოების ერთი ფენა. უბნელების ჯიბესა და ინტერესებს ეს არ შეეფერება“, – დასძენს ზურაბ ბაქრაძე.

ის ყვება, რომ „ფაბრიკის“ მსგავსად, ახლოს მდებარე ყოფილი პურის ქარხანაშიც იგივე გასართობი ტიპის დაწესებულება იქმნება.

„უბნისა და ქალაქის ინტერესებში რომ ყოფილიყო, ამისთვის საჭირო იყო ქალაქის საკუთრებაში შენარჩუნება, ბოლო-ბოლო, პატარა სკვერის გაკეთება, რომელიც ბევრი ფული არ დაჯდებოდა. ხალხი იმასაც ეუბნებოდა, ჩვენი ფულით გავაშენებთო…,“.

ზურაბ ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი