ახალი ამბები

მერიას ეხსნება „ოქროსუბანში“ შენობის დაცლის ვალდებულება, მოლაპარაკებებს ჩვენ განვაგრძობთ – ინვესტორი

2 ივლისი, 2021 • 2497
მერიას ეხსნება „ოქროსუბანში“ შენობის დაცლის ვალდებულება, მოლაპარაკებებს ჩვენ განვაგრძობთ – ინვესტორი

კომპანია „სითი ლოფტი“ აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებებით, თბილისის მერიას ეხსნება „ოქროსუბანში“ დევნილებით დასახლებული შენობის გათავისუფლების/დაცლის ვალდებულება და კომპანია თავად განაგრძობს ოჯახებთან მოლაპარაკებებს; კომპანიის თანახმადვე, ფართით ამჟამად მოსარგებლეთა ადამიანის უფლებები დაცული იქნება.

კომპანია „სითი ლოფტს“ ბიზნესმენი თემურ უგულავა ფლობს. „ნეტგაზეთმა“ პირველ ივლისს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ამ კომპანიაზე პრივატიზებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 7 ოჯახს 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სახელმწიფო მათ ბინის ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება, მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული, ბრალი წარდგენილი აქვთ და სასამართლო პროცესები დაწყებულია, კომპანია „სითი ლოფტი“ კი დაზარალებულადაა ცნობილი.

„ნეტგაზეთი“ ოქროსუბნელების ამბავს უკვე რამდენიმე თვეა, აშუქებს. ამ დასახლებაზე ბოლოს 2021 წლის მარტში ვწერდით. მარტის ბოლოსთვის ოჯახების ნაწილი დათანხმებული იყო პირობებს და გასული იყო შენობიდან.

თუმცა ამ ეტაპზე იქ 13-მდე ოჯახი კვლავ რჩება, მათ შორის დევნილები და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეები. გამგეობის თანახმად, მათ ნაწილს წლების წინ სახელმწიფოსგან უკვე ჰქონდათ მიღებული ქონება, რაც „ზოგმა გაყიდა, ზოგი აქირავებს“, რასაც იქ მცხოვრებლები არ ადასტურებენ.

აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 2020 წლის დეკემბერში გადაეცა. მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო:

  • „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის 18 400 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა [ეს არ ითვალისწინებს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ოქროსუბანში ჩასახლებას, რაც წლების წინანდელი გეგმით, საქმეში m2-ის შესაძლო შესვლის დროს განიხილებოდა].
  • აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1 600 000 ლარის გადარიცხვა მერიის ანგარიშზე; შესაბამისად, მოქალაქეებთან მოლაპარაკებებს გამგეობა/მერია აწარმოებდა.

როგორც პირველ ივლისს მისწერეს „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს მყიდველზე უფლებრივად უნაკლო ქონების გადაცემა“.

თუმცა 2 ივლისს კომპანია „სითი ლოფტმა“ „ნეტგაზეთს“ აცნობა ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ:

„2021 წლის 18 ივნისს, შპს „სითი ლოფტმა“ მიმართა განცხადებით ქალაქ თბილისის მერიას არსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც თბილისის მერიას უხსნის ფართით მოსარგებლე პირების მიერ ქონების გათავისუფლების/დაცლის ვალდებულებას“.

შესაბამისად, კომპანიის თანახმად, ის თავად განაგრძნობს ფართით მოსარგებლე ოჯახებთან მოლაპარაკებას „ყველა მონაწილე მხარის უფლებების და ინტერესების დაცვითა და გათვალისწინებით“.

დამაზუსტებელ კითხვაზე კომპანიაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მერია და კომპანია ამ საკითხზე შეთანხმბულები არიან, პროცესი დაძრულია და მალე ეს ცვლილება ფორმალურადაც აისახება ხელშეკრულებაში.

„ნეტგაზეთი“ 2 ივლისს თბილისის მერიასაც დაუკავშირდა ამ საკითხზე ინფორმაციის დაზუსტების თხოვნით. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„თბილისში, ჩუღურეთში, ოქროსუბანში, ჩუბინაშვილის ქუჩა 52-ში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, შპს „სითი ლოფტის“ მიერ საქართველოს ქონების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანხამად, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი ახალ პროექტს განახორციელებს. გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და ინტერესები. ტერიტორიას შეუნარჩუნდება ისტორიული სახე. ამასთან ერთად, ფართით ამჟამად მოსარგებლეთა ადამიანის უფლებები იქნება დაცული“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ კომპანიიდან.

ვრცლად ამ საკითხზე:

ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი