არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ ოქროსუბანში, კომპანია „სითი ლოფტზე“ პრივატიზებულ შენობაში მცხოვრები 13 ოჯახის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით სახელმწიფო „უსახლკარობის კრიმინალიზების საშიშ პრეცედენტს“ ქმნის.
ეს პრეცედენტი, ორგანიზაციის თანახმად, „მომავალში შესაძლებელს გახდის, გამოსახლებას დაქვემდებარებული მოქალაქეები, ალტერნატიული საცხოვრისის არქონისა და უსახლკარობის გამო, გასამართლდნენ და დაისაჯონ“.
ამასთან, უფლებამდაცველების თქმით, აღნიშნული გარემოება ქმნის იმის საფრთხესაც, რომ საქმის აღძვრა „გამოყენებულ იქნას მოსახლეობის დაშინების, ზეწოლის, მოლაპარაკებებისას ძალის დემონსტრირების და აქ მაცხოვრებლების მიერ ტერიტორიის სწრაფი დატოვების ინსტრუმენტად“.
ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, არ დაუშვას უსახლკარო მოსახლეობის სისხლისსამართლებრივი დევნა და ისინი „ღირსეული და გრძელვადიანი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოს“.
კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს:
საქართველოს პროკურატურას:
- სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ოქროს უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებელი პირების წინააღმდეგ;
- როგორც მოცემულ, ისე მომდევნო საქმეებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი განმარტოს იმგვარად, რომ არ მოახდინოს ყველა პოტენციურად გამოსახლებას დაქვემდებარებული, უსახლკარო ადამიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და მათი დასჯა.
თბილისის მუნიციპალიტეტს:
- შეისწავლოს ოქროს უბნის მოსახლეობის ინდივიდუალური საჭიროებები; სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს მათი სათანადო საცხოვრებლის უფლების სრულყოფილი რეალიზაცია და შესაბამის სოციალურ ან/და მხარდაჭერით სერვისებზე წვდომა.
საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:
- უზრუნველყოს გამოსახლების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალთან, რაც მათ შორის უზრუნველყოფს საცხოვრისიდან გამოსახლებისა და უსახლკარობის რისკის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მთელი რიგი მხარდამჭერი პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმების არსებობას და გამორიცხავს მათ მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გავრცელებას;
დეტალები
კომპანია „სითი ლოფტს“ ბიზნესმენი თემურ უგულავა ფლობს. „ნეტგაზეთმა“ პირველ ივლისს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ამ კომპანიაზე პრივატიზებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 7 ოჯახს 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გირჩევთ ვრცლად ამ თემაზე:
ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა
ოქროს უბანში ადგილი, სადაც სკვერს ითხოვდნენ, თემურ უგულავას კომპანიამ იყიდა