ახალი ამბებისამართალი

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

26 მაისი, 2021 •
ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

განახლება: ვაკანტურ ადგილზე დასახელებული ოთხივე კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელსაც 297 მოსამართლე ესწრებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრობის 4 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 26 მაისს, სულ 4 კანდიდატი დაასახელეს — თემურ გოგოხია, ბადრი შონია, ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე.

აღნიშნული მოსამართლეები საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი გახმაურებული საქმის განხილვით გახდნენ, რომელთა შორისაა “ბირჟა მაფიის”, დეკანოზ მამალაძის, ნიკა მელიას, “თბილავიამშენისა” და სხვა საქმეები.

რა მოხდა

მოსამართლეთა კონფერენციის დელეგატებმა არ გაითვალისწინეს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციისა და დიპლომატების რჩევა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევნების შეჩერების თაობაზე, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა არ ჩატარდება. ისინი იშველიებენ კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით. საბჭოს 4 მოსამართლე და 4 არამოსამრთლე წევრს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ეწურებათ, ერთს კი ვადა ამოწურული აქვს. შესაბამისად, 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ახალი წევრია ასარჩევი.

არასამთრობო სექტორი მიიჩნევს, რომ “მოსამართლეთა კლანი” პოზიციების გამყარებას ცდილობს. მოძრაობა “სირცხვილიამ” დღეს კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქციაც კი გამართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ დიპლომატების მოწოდების შემდეგ საუბარი ჰქონდა რიგ ელჩებთან, რომელთაც განუმარტა, რომ საბჭოს წევრების ვადის შეცვლას საკონსტიტუციო რეფორმა ესაჭიროება და მოსამართლეები მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით მოქმედებენ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ქადაგიძის თქმით, პოლიტიკური აქტია და ის სასამართლოს პოლიტიზებას გამორიცხავს.

“განმარტება მივეცი საერთაშორიო პარტნიორებს. იმედია, ეს გაიაზრეს და სხვა კუთხით უყურებენ საკითხებს. არჩევნების გადადება გამოიწვევს იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო შეწყვეტს ფუნქციონირებას. თქვენ მზად ხართ ამისთვის, რომ სასამართლომ ფუნქციონირება შეწყვიტოს?”, — განაცხადა ქადაგიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატები

ბადრი შონია

ბადრი შონიამ იურიდიული კარიერა 2006 წელს დუშეთის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო. მან 2011 წლამდე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის პროკურატურაში იმუშავა, მათ შორის, ზუგდიდსა და სენაკში. 2011 წლიდან ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე გახდა და მას შემდეგ აღნიშნული სისტემის ნაწილია.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 5 აპრილის  გადაწყვეტილებით, შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო  საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მოსამართლე ბადრი შონია საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთ გახმაურებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გახდა. მათ შორის არის “ბირჟა მაფიის” საქმე. ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულ რეპერებს სწორედ ამ მოსამართლემ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

რეპერები — მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია — პოლიციამ 2017 წლის ივნისში დააკავა. შსს მათ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობას ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

“ბირჟა მაფიის” წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც რეპერებმა თავიანთ კლიპში პოლიციელი ძაღლის როლში აჩვენეს. აღკვეთის სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში საერთოდ შეწყდა.

რეპერები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები ამ კლიპის გამო ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნარკოტიკი ჩაუდეს. რეპერების გათავისუფლების შემდეგ არცერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში მათთვის ნარკოტიკების ჩადების გამო.

კადრი “ბირჟა მაფიას” კლიპიდან

ბადრი შონია, რომელმაც “ბირჟა მაფიის” რეპერებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, “თავისუფლების მონიტორთან” ინტერვიუში ირწმუნება, რომ არ იცოდა, ბრალდებულები მართლაც რეპერები იყვნენ თუ არა:

“იმ სხდომაზე მითხრა ბრალდებულმა, რომ მე რეპერი ვარ და კლიპი მაქვს გადაღებულიო. დაიჯერებთ, რომ მე ეს კლიპი ნანახი არ მქონდა? მას არ სჯეროდა, რომ მე ეს კლიპი ნანახი არ მქონდა. რომ მცოდნოდა, ის მართლაც რეპერია, რომელმაც კლიპი გადაიღო, შეიძლება, მართლა გამომეცხადებინა შესვენება და მართლა შემეხედა, რა კლიპი დადო”, – ამბობს მოსამართლე “თავისუფლების მონიტორისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“თავისუფლების მონიტორისვე” ინფორმაციით, ბადრი შონიას მოქალაქეები ადანაშაულებდნენ ქონების იძულებით დათმობაში მაშინ, როცა ის პროკურორად მუშაობდა 2006-2010 წლებში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წელს, გამოძიებაც დაიწყო, დაჰკითხეს ბადრი შონიაც, რომელიც ამ პერიოდში უკვე მოსამართლე იყო, თუმცა გამოძიება საბოლოოდ შეწყდა.

მოსამართლე ბადრი შონია ასევე უძღვებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომას და აღნიშნული პროცესი სხვადასხვა მოტივით დახურა მაშინ, როცა თავად ბრალდებული და მისი დამცველები საქმის მაქსიმალურ საჯაროობას ითხოვდნენ.

თემურ გოგოხია

სასამართლო სისტემაში პროკურატურიდან მივიდა მოსამართლე თემურ გოგოხიაც. ის 2007 წლის 28 მარტს დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურების გაერთიანების შემდგომ, 2007 წლის 13 ივლისის ბრძანებით, დაინიშნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად. პროკურორად დანიშვნამდე სასამართლოებში დაბალ პოზიციაზე, ძირითადად, მოსამართლის თანაშემწედ ან სხდომის მდივნად მუშაობდა.

უკვე 2008 წლიდან თემურ გოგოხია მოსამართლე გახდა, რის შემდეგაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სასამართლოში იმუშავა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარედ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ თემურ გოგოხია ნეპოტიზმის ნიშნით შეირჩა მოსამართლის პოსტზე, რადგან საბჭოს მოსამართლე წევრის, რევაზ ნადარაიას ქვისლია. იმავე პრობლემაზე მიუთითა “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომაც”.

სწორედ მოსამართლე თემურ გოგოხიამ შეუფარდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო 2019 წელს და, ამავდროულად, აუკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

მაშინ იურისტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან.

2021 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციამ “უფლებები საქართველო” (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) გამოაქვეყნა კვლევა სოციალურ მედიაში (Facebook) მოსამართლეთა ქცევის შესახებ.

კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების”, როგორც მმართველი პარტიის, მიმართ სხვადასხვა ფორმით სიმპათიების გამოვლენა შეიმჩნევა სხვა მოსამართლეთა მიერ სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობების დროსაც. ვლევაში მოხვდა მოსამართლე გოგოხიაც. კერძოდ,  2016 წლის 26 ნოემბრის პოსტით მოსამართლე თემურ გოგოხია პოლიტიკურ წარმატებას ულოცავს დეპუტატ  ვანო ზარდიაშვილს. ზარდიაშვილი მმართველი გუნდის დეპუტატი იყო, რომელსაც 2019 წელს დეპუტატმა ეკა ბესელიამ საკომიტეტო მოსმენისას სახეში ხელი აარტყა შეურაცხმყოფელი რეპლიკის შემდეგ.

ლევან მიქაბერიძე

ლევან მიქაბერიძე, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ის სასამართლო სისტემაში 2006 წლიდან მუშაობს.

მაშინ, როცა უვადო მოსამართლედ დანიშვნისას პარლამენტში დეპუტატებს პასუხობდა, მიქაბერიძემ თქვა, რომ ემხრობოდა უზენაესი სასამართლო წევრების დანიშვნას 40 წლის ასაკიდან. თუმცა ამ დროს თავად იყო 37 წლის.

“ერთი შეხედვით შეიძლება წინააღმდეგობას ქმნიდეს ჩემს შეხედულებასთან, მაგრამ მოცემულობა გვაქვს ამგვარი, რეგულაცია არსებობს ამგვარი. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე თავს ამ კუთხით არ შევიზღუდავ”, – განაცხადა ლევან მიქაბერიძემ საპარლამენტო მოსმენისას.

ამავე მოსმენისას მან თქვა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს საქართველოში საბჭოთა ლუსტრაციის კანონის მიღებას.

ლევან მიქაბერიძემ აღნიშნული მოსმენისას დეპუტატთა ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებაც დაიმსახურა. კერძოდ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს კითხვები დაუსვა “თბილავიამშენის” საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მიქაბერიძემ განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რანგში გამოიტანა.

თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილ მფლობელებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 2010 წელს ზეწოლის შედეგად დათმეს წილები, ეკონომიკის სამინისტრო ქონებას უკან აღარ უბრუნებს. წილის დაბრუნების მოთხოვნით,  მათ პროკურატურას და სასამართლოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიმართეს. 2017 წელს საქალაქო სასამართლომ საავიაციო ქარხნის აქციონერთა მოთხოვნა ქონების უკან დაბრუნებაზე არ დააკმაყოფილა.

ლევან კობერიძის შეფასებით, “თბილავიამშენის” საქმე, სადაც სახელმწიფოა მხარე, არის დადასტურება იმისა, რომ “დღევანდელი ხელისუფლების მიერ ადეიშვილ-სააკაშვილის სასამართლო სისტემის გადმობარება ხდება”. დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ გაუჩნდა კითხვები მოსამართლეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა, რომ ერთ კვირადღეს 21-მა ადამიანმა ერთდროულად გადაწყვიტა, თავისი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა და მიქაბერიძეს ჰკითხა, თვითონ თუ უჩუქებია რამე სახელმწიფოსთვის.

“სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე მაქვს ნაჩუქარი, რომელსაც აღვასრულებ იმ დროს და იმ პირობებში, როცა ამის აუცილებლობა იქნება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად მოგვარდება”, – უპასუხა მიქაბერიძემ.

გოჩა აბუსერიძე

გოჩა აბუსერიძე მოსამართლედ  2009 წელს დაინიშნა. 2009-2012 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2012 წლიდან დღემდე არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2013 წლიდან, ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. აბუსერიძე იმავე პოზიციაზე 2017 წელსაც აირჩიეს 5 წლის ვადით.

2020 წლის მარტიდან ის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე.

2020 წლის ივლისში გოჩა აბუსერიძე მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში, რა დროსაც საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მას კითხვა დაუსვა სასამართლოში კლანის არსებობასთან დაკავშირებით. ჯანეზაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემად ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო წარმოჩენილი. ასევე, უარყოფითად იყო შეფასებული მოსამართლეების კომპეტენციაც.

„ჩემი მიდგომა არის შემდეგი… ანუ ერთია, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის უწყება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, და მეორეა აღქმა, თუ როგორ აღიქმება ამ უწყების მუშაობა. იმიტომ ვთქვი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასამართლოს მიმართულებით არის უფრო მეტი გახსნილობა”, – თქვა აბუსერიძემ.

მისივე შეფასებით, სასამართლოს შესახებ აღქმა არის უფრო ცუდი, ვიდრე რეალური ვითარება.

“ალბათ, ამან გამოიწვია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი შეფასება”, – პასუხობს ჯანეზაშვილს აბუსერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი