ახალი ამბები

„ჩვენს საქმიანობაში გამჭვირვალობა ყველაზე მნიშვნელოვანია“ — მოსამართლე მსხილაძე „ვეტინგზე“

12 აპრილი, 2024 • 923
„ჩვენს საქმიანობაში გამჭვირვალობა ყველაზე მნიშვნელოვანია“ — მოსამართლე მსხილაძე „ვეტინგზე“

„დღეს თქვენ რომ ინტერვიუს გაძლევთ, ამის გამო პრობლემა შეიძლება მქონდეს, მაგრამ უკან არ ვიხევ“, — განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ, რომლის მიმართაც დაწყებულია დისციპლინური დევნა.

მსხილაძის მიმართ დისციპლინურ დევნაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა ორშაბათს, 15 აპრილისთვის გადაიდო.

„2021 წლის 16 ივლისს დაიწყო დისციპლინარული დევნა 2019 წლის 11 ნოემბრის და 2020 წლის 20 იანვრის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ადვოკატის საჩივარს მოსამართლის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსამართლის მიერ თავისი სამოსამართლეო საქმიანობის არაეფექტურად შესრულებას და ადვოკატის მიმართ აშკარა უპატივცემულობას. მართალი რომ გითხრათ, მიკვირს, ახლა რატომ ამოწიეს ეს საქმე. მე მეგონა, უკვე დამთავრებული იყო და მასალებიც კი ვერ მოვძებნე“, — განუცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებს.

მოსამართლე არ ასახელებს ადვოკატს, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლა, თუმცა აცხადებს, რომ „ერთი ჩვეულებრივი ქურდობის საქმე იყო“ და არა — გახმაურებული.

„უბრალოდ არიან ადვოკატები, რომლებსაც სასამართლოზე ამგვარი ზეწოლის მეთოდი აქვთ — თუ მათ პოზიციებს არ გაიზიარებ, აუცილებლად გიჩივლებენ საბჭოში. მთელი პროცესი ამაზეა აგებული: გიჩივლებ, გიჩივლებ. კი ბატონო, იჩივლონ, ეს მათი უფლებაა“, — ამბობს მსხილაძე.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება დისციპლინური დევნის განახლება ლილი მსხილაძის სოლიდარობას იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კეთილსინდისიერების მექანიზმს, მოსამართლე პასუხობს:

„მე ჩემს თავს მივიჩნევ ობიექტურ პიროვნებად. ყველას შესახებ კარგსაც ვამბობ, ცუდსაც ვამბობ. ასე რომ, ჩემს კოლეგებს ყოველთვის გვერდში დავუდგები, თუ ისინი არასათანადო დევნის ობიექტები იქნებიან. და საბჭოსაც გვერდში დავუდგები, თუ მათ მიმართ რაღაც არასწორად იქნება გაკეთებული. ევროპას და ამერიკას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საერთოდ არ მომწონდა, ლაშა ჩხიკვაძის მიმართ რა პოზიციაც გამოხატა საელჩომ“, — ამბობს მსხილაძე.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

თავად ლილი მსხილაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის საჭიროების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს:

„მე არა ვარ ამ სიაში და სხვებზე ვერ ვილაპარაკებ. ვისაც ეხება, იმათ მაგივრად მე ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ რომ დღეს აქ ხართ [დისციპლინური დევნის განხილვაზე]… შემეძლო დახურული ყოფილიყო ეს პროცესი, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო იმიტომ, რომ ჩვენს საქმიანობაში გამჭვირვალობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და სხვებზე ვერაფერს გეტყვით“, — განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, ლილი მსხილაძე ხაზს უსვამს, რომ ეთიკის კოდექსი მოსამართლეებს ბევრ რამეს უკრძალავს.

„ჩვენ რომ საჯაროდ რამე პოზიცია დავაფიქსიროთ, უკვე დევნის მსხვერპლი ვიქნებით, ამის საფუძველი არსებობს – კანონშია ჩადებული. ამიტომ ვერ დავაფიქსირებ ვერაფერს სხვებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ. ახლა ხომ გამჭვირვალეა [საბჭოს სხდომა]. ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი ცხოვრება ძალიან გამჭვირვალედ მიდის. კანონს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვარ 2006 წელს სასამართლოში მიმდინარე რეფორმის მსხვერპლი. არანაირად არ ვექვემდებარებოდი მსხვერპლობას, მაგრამ იმის გამო, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ და დღეს თქვენ გაძლევთ ინტერვიუს, პრობლემა შეიძლება მქონდეს ამის გამო, მაგრამ არ ვიხევ უკან, — ასე ვიყავი 2006-შიც. ამის გამო ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა ცხოვრებაში“, — განაცხადა მსხილაძემ.

მან არ დააკონკრეტა, რა სახის პრობლემა შეიძლება შეექმნას ჟურნალისტებთან ღიად საუბრის გამო და თქვა, რომ ამის შესახებ დისციპლინური საქმის განხილვის შედეგიდან გამომდინარე იმსჯელებს.

„ზოგადად მიუღებელია, რომ მოსამართლეების მიმართ ასეთ ფაქტებზე იწყება დევნა“, — დასძინა მსხილაძემ.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი