ახალი ამბები

ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში ერთი საქმეც არ განიხილა, ხელფასად კი 448 ათასი აიღო — TI

16 აპრილი, 2024 • 813
ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში ერთი საქმეც არ განიხილა, ხელფასად კი 448 ათასი აიღო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მას არც ერთი საქმე  არ განუხილავს, მაგრამ 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო.

„ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ ,— წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში აღნიშულია ისიც, რომ დანარჩენ წლებშიც ჩინჩალაძე თვეში, საშუალოდ, მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, „როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ.“

„მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო“ ,— წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგება საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.

ვრცლად მათი პოზიციები წაიკითხეთ: ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი