ახალი ამბები

პოლიტიკური შეხედულებები, დისკრიმინაცია და ჰომოფობია მოსამართლეთა პოსტებში —  კვლევა

23 აპრილი, 2021 • 1379
პოლიტიკური შეხედულებები, დისკრიმინაცია და ჰომოფობია მოსამართლეთა პოსტებში —  კვლევა

მოსამართლეთა მცირე ნაწილი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ შეხედულებებს, დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს ავლენს, — ამაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” (ყოფილი “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”) კვლევა სოციალურ მედიაში (Facebook) მოსამართლეთა ქცევის შესახებ.

ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” კვლევის ფარგლებში, 2020 წლის მაის-სექტემბრის მდგომარეობით, მოძიებული იქნა 301 მოსამართლის Facebook პროფილი, რომელთაგან 112-ის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესწავლას დაექვემდებარა მოსამართლეთა აქტივობები როგორც მოსამართლედ განწესებამდე, ისე შემდგომ პერიოდში.

კვლევაში შეფასებულია, რამდენად შეესაბამება მოსამართლეთა ქცევა სოციალურ ქსელში საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდაციებს და საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ასევე, “მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმ პოსტების მოწონებისგან ან გაზიარებისგან, რომლებიც ეწევიან რასიზმის, სიძულვილის, ჰომოფობიის ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის პროპაგანდას”.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

  • სოციალურ მედიაში პოლიტიკურ შეხედულებებს მოსამართლეთა მცირე ნაწილი გამოხატავს, რაც ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, აზიანებს სასამართლო სისტემის ავტორიტეტს და შესაძლოა ცალკეულ საქმეებზე აჩენდეს კითხვის ნიშნებს მიუკერძოებლობის კუთხით;
  • სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი ან არაეთიკური აქტივობა;
  • მოსამართლეთა ნაწილი Facebook-ის პლატფორმას იყენებს რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გასაზიარებლად, რაც ცალკე აღებული წინააღმდეგობაში არ მოდის სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებთან, თუმცა შესაძლებელია, ინდივიდუალურ შემთხვევებში მიკერძოებულობის ნიშნებს შეიცავდეს და გახდეს აცილების/თვითაცილების საფუძველი.
  • მოსამართლეთა დიდი ნაწილი სოციალურ ქსელს იყენებს პირადი ინფორმაციის განსათავსებლად;
  • ათეულობით მოსამართლე იყენებს თავის ფეისბუქ გვერდს აკადემიური, საგანმანათლებლო აქტივობების გასაზიარებლად და მართლმსაჯულების სისტემის პოპულარიზაციისათვის; ავლენს სამოქალაქო აქტივიზმს, ასევე, ეხმიანება პატრიოტულ თემებს და ოკუპაციას.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილის პოსტებზე. კვლევის თანახმად, სოციალურ მედიაში აქტიურობის დროს ის საკმაოდ კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენდა ზოგიერთი პოლიტიკური ხასიათის საკითხებისადმი. კერძოდ:

  • 2013 წლის 12 მაისს ეკატერინე გასიტაშვილი აზიარებს “ქართული ოცნების” რეგიონალური ოფისისის გვერდზე განთავსებულ ფოტოს, რომელზეც აქციაზე დარბეული და დასისხლიანებული ხალხია. აღნიშნულ ფოტოზე
    დატანილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვები: „თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ და მეყვარებით ყოველთვის“.
  • მოსამართლე აშკარად წინააღმდეგია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესის, რადგან აზიარებს დარბეული აქციის მონაწილეების სურათს წარწერით: „აჩვენეთ ეს სურათი მსოფლიოს და …. კოჰაბიტაციას აღარავინ ახსენებს!!!!!!!!!!!“
  • ეკატერინე გასიტაშვილმა გააკრიტიკა ნიკანორ მელიას ქმედება თბილისის მერის არჩევნების დროს, როდესაც მან დავით ნარმანიას მიუთითა თბილისში ჩიტიძის ქუჩის მდებარეობის არცოდნაზე. მოსამართლე საკუთარი სტატუსის კომენტარად წერს: „მელიას ზონდერობის კონკრეტულად არაფერი ვიცი, ისე, ნაცებს ზონდერები არ აკლიათ, მაგრამ ქუჩების „ცოდნით“ და „თბილისში რამდენი ხანია ცხოვრობ?“ ამით თავის „გამოჩენა“ სამარცხვინოა“. ამავე პოსტის შემდგომ კომენტარში ის ასევე აფასებს კანდიდატებს: „საერთოდ ხელისუფლებებს და პოლიტიკურ ძალებს არ ვეტრფი მაინცდამაინც, ჰოდა ნარმანიაზე უკეთესად რომ არ ჩანდა, ეგეც ფაქტია“.

უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული პოსტები და შეფასებები დაწერილია ეკატერინე გასიტაშვილის მოსამართლედ დანიშვნამდე, მაგრამ, კვლევის ავტორების აზრით, მათი მიმოხილვა მაინც მნიშვნელოვანია მოსამართლის დამოკიდებულებების და შეხედულებების შესაფასებლად.

კვლევის თანახმად, პოლიტიკური შინაარსის სტატუსებს სოციალურ მედიაში აქვეყნებს მოსამართლე ნანა ჯანხოთელიც. 2017 წლის 8 დეკემბერს, როდესაც უკვე ახორციელებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მან ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდიდან გააზიარა იმდროინდელი მერის ბიოგრაფია. ამავე პოსტის კომენტარში ის წერს: „მჯერა, რომ დამსახურებული მერი იქნები, წარმატებებს გისურვებ!“ 2017 წლის 20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან მოსამართლე აზიარებს ინფორმაციას, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ჰყავს. 2017 წლის პირველ ოქტომბერს კი ნანა ჯანხოთელს გაზირებული აქვს facebook გვერდი და ფოტო “ზაზა ონიანი გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარად”. “უფლებები საქართველოს” შეფასებით, ეს უკანასკნელი შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა.

პოლიტიკური ხასიათის სურათებს საკუთარ facebook გვერდზე მოსამართლედ დანიშვნამდე აზიარებდა მამუკა ნოზაძეც.

კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების”, როგორც მმართველი პარტიის მიმართ სხვადასხვა ფორმით სიმპათიების გამოვლენა შეიმჩნევა სხვა მოსამართლეთა მიერ სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობების დროსაც:

  • მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გამოხატავს პოლიტიკურ დამოკიდებულებას მმართველი პარტიისადმი, როდესაც 2018 წლის 29 ნოემბერს, მაგისტრანტ მოსამართლედ დანიშვნის შემდგომ პერიოდში, აზიარებს ალექსანდრე მოწერელიას პოსტს. ამ პოსტში ალექსანდრე მოწერელია აჯამებს საპრეზიდენტო არჩევნებს და სალომე ზურაბიშვილს ულოცავს ორივე ტურში გამარჯვებას.
  • 2016 წლის 26 ნოემბრის პოსტით მოსამართლე თემურ გოგოხია პოლიტიკურ წარმატებას ულოცავს ვანო ზარდიაშვილს.
  • მოსამართლე ნინო მამულაშვილს თავისი მეუღლის, დავით მათიკაშვილის facebook გვერდიდან გაზიარებული აქვს სხვადასხვა პოსტები, მათ შორის ნაწილი შეეხება დავით მათიკაშვილის გამოხმაურებას ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტზე, ხოლო ნაწილი — კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატში დავით მათიკაშვილის მესტიაში ყოფნის პერიოდს.
  • 2013 წლის 26 თებერვალს მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური facebook გვერდიდან გაზიარებულია გიგი უგულავას სურათი. ამ სურათზე წითელი ასოებით დატანილია სიტყვები: „ამის მერობა ვისაც არ გსურთ, გაიზიარეთ ეს სურათი“.
  • ივერი აბაშიძე, სანამ მოსამართლის თანამდებობას დაიკავებდა, აქტიურად აზიარებდა პოლიტიკური ხასიათის პოსტებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მის facebook-ის გვერდზე შეხვდებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის არაერთ გაზიარებულ პოსტს. ივერი აბაშიძეს ასევე 2015 წლის 8 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური გვერდიდან გაზიარებული აქვს პოსტი, რომელსაც თან ერთვის ირაკლი ღარიბაშვილისა და ლევან მურუსიძის შეხვედრის ამსახველი ფოტო ტექსტით „აუცილებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლიტურად შეუპოვარი ვიქნებით“.
  • 2018 წლის 5 ნოემბერს facebook-ის მომხმარებელმა მიშიკო მახათაძემ მოსამართლე ნანა კალანდაძე, 85 სხვა პირთან ერთად, მონიშნა ფოტოზე, რომელზეც ასახულია “ქართული ოცნების” აქცია უამრავი მხარდამჭერით.
  • მოსამართლე შორენა ჯანხოთელის კედელზე შევხვდებით ქეთი ტუღუშის პოსტს (01.11.2017): „ჩემო პრეზიდენტო, კონსტიტუცია ყველასიაო აანონსებდით და თქვენსავე ადმინისტრაციაში ორმაგი სტანდარტები გაქვთ დანერგილი. იქნებ ჯერ „კანტორად“ ქცეულ ადმინისტრაციაში დაამკვიდროთ დემოკრატია, ვერა?“

დისკრიმინაციული შეხედულებების გამოვლენის კუთხით, კვლევის ავტორების აზრით, საინტერესოა მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის მიერ სოციალურ მედიაში მოსამართლედ დანიშვნამდე პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიმოხილვა, როდესაც ის ეწინააღმდეგობოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. მოსამართლედ დანიშვნამდე პერიოდში, 2014 წლის 24 მაისს, გოგა კუპრეიშვილი აზიარებს ევოლუციის გამომსახველ სურათს, თუ როგორ განვითარდა ადამიანი ჰომო საპიენსამდე. სურათის ბოლოს გამოსახულია კონჩიტა ვურსტი და დატანილია რუსულენოვანი წარწერა: რაღაც სწორად ვერ წავიდა. 2014 წლის 2 მაისს გოგა კუპრეიშვილს ასევე გაზიარებული აქვს ფოტო, წარწერით „ჩემთვის ესენი არა არიან თანასწორნი“. ფოტოზე ერთ მხარეს გამოსახულია მამაკაცი პრაიდიდან, ხოლო მეორე მხარეს- ქართველი კაცი ჩოხაში.

 

კვლევაში მოყვანილია მოსამართლედ დანიშვნამდე პერიოდში ალექსანდრე ლომიძის პირად Facebook-ის გვერდზე გაზიარებული ფოტო, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია ორი ამერიკელი სამხედრო თუ როგორ კოცნის ერთმანეთს და მასზე წითელი ხაზია გადასმული, ხოლო მეორე მხარეს გამოსახულია ცხენზე ამხედრებული კავკასიელი კაცი. ფოტოს თან ერთვის წარწერა: „საქართველოში მამაკაცს არასოდეს ერქმევა ცოლი“.

კვლევის თანახმად, თამარ ოქროპირიძეს მოსამართლედ დანიშვნამდე, 2013 წლის 20 მაისს გამოქვეყნებული აქვს ტექსტი: „ამ ქადაგებაში ყველა კითხვაზეა პასუხი, რა თქმა უნდა, ვისაც მოსმენილის გაგება უნდა“ და გაზიარებულია youtube-ზე ატვირთულ ვიდეო, რომელშიც მღვდელი თეოდორე გიგნაძე ქადაგებს 2013 წლის 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და მიუთითებს, რომ არ უნდა ჩატარდეს მსგავსი აქციები.

კვლევის თანახმად, ცალკეული მოსამართლეების აქტივობები გარკვეულწილად რასიზმის ელემენტებსაც შეიცავს. მაგალითად, მოსამართლე იოსებ აბრამიძეს სხვადასხვა დროს გაზიარებული აქვს ორი პოსტი: 2019 წლის 8 მაისს მას Facebook-ის მომხმარებლის, Neparidze Nugzari-ის გვერდიდან გაზიარებული აქვს ფოტო, რომელზე დატანილ წარწერაშიც ვხვდებით ფრაზას: “რუსეთი და რუსი ხალხი გულისამრევია და იქ გაზრდილები მორალურად მახინჯები არიან”; იმავე თვის რიცხვში იოსებ აბრამიძეს ასევე გაზიარებული აქვს ვიდეო, რომელშიც ასახულია აზიური წარმოშობის ასაკოვანი მამაკაცის მიერ ცუდად შესრულებული სიმღერა. ამავე პოსტის კომენტარში მამაკაცს მოსამართლე უწოდებს „ჩინელ კარუზოს“.

“მოსამართლეთა მიერ დისკრიმინაციული აზრის გამოხატვა ძირითადად ხორციელდებოდა დანიშვნამდე პერიოდში, რაც, მართალია, ეთიკური ნორმების დარღვევად ვერ შეფასდება, მაგრამ წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსამართლეთა სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის უმცერესობებთან, სავარაუდო მიკერძოებული დამოკიდებულების დასადგენად. შესაძლებელია, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამ გავლენა მოახდინა მოსამართლის სოციალურ მედიაში აქტივობის შინაარსზე და ინტენსივობაზე, მაგრამ ეს თავისთავად არ მიუთითებს დამოკიდებულებების ცვლილებას. აქვე ნიშანდობლივია, რომ ვხვდებით რამდენიმე აქტივობას, რომელიც სამოსამართლო საქმიანობის პერიოდშია განხორციელებული და შეიცავს რასისტულ გამოვლინებებს, რაც დამატებით შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს”, — ნათქვამია კვლევაში.

კვლევა სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ამავე თემაზე:

11-მა მოსამართლემ საკუთარი საეჭვო დიპლომები სასამართლოსვე დაამოწმებინა — კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი