ახალი ამბები

არღვევს თუ არა სასამართლო მელიასთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს?

28 ივნისი, 2019 • 1263
არღვევს თუ არა სასამართლო მელიასთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს?

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიამ, პატიმრობის ნაცვლად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და, ამავდროულად, აუკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;

კანონმდებლობით, პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, უკვე დაკავებულ ან დაპატიმრებულ დეპუტატს პარლამენტის დადგენილებით უჩერდება უფლებამოსილება. თუმცა მელია დაკავებული არ არის და მისი დეპუტატის უფლებამოსილება (იმუნიტეტის ჩათვლით) ძალაში რჩება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება დღის წესრიგში არ დგას.

გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა და არც დეპუტატის უფლებამოსილება შეჩერებია, პარლამენტის წევრის “უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით”. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და დამატებითი ვალდებულებები კონსტიტუციის და კანონის ნორმების დარღვევაა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წერს, რომ მელიას უთავბოლო დევნაში ხელისუფლება ახალ-ახალ მახეებს თავისთვის იგებს.

“პარლამენტის გუშინდელი დადგენილებით პროკურორს მიეცა სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობა (ეს ფორმულირებაც პრობლემაა, მაგრამ სხვა დროს…). ამით მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას მისხალი არ მოკლებია. პარლამენტს შეეძლო მისი უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პატიმრობას შეუფარდებდა (რეგლამენტი, 11.4). სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა და ამიტომ ვერც პარლამენტი შეუჩერებს უფლებამოსილებას.

ამდენად, მელია დღეს ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია, როგორც დანარჩენი 149 და მისი “უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით” (კონსტიტუცია, 39.3). მაშ, როგორ შეუზღუდა სასამართლომ პარლამენტის სრულუფლებიან წევრს გადაადგილება და სიტყვით გამოსვლა, ანუ კონსტიტუციით დაცული უფლებამოსილების განხორციელება? სისხლის პროცესის გარდა მოსამართლეებმა ზოგჯერ კონსტიტუციასაც რომ უნდა ჩახედონ, არ იციან? მართლა მელიას თმის ღერების მცველებად უნდათ აქციონ მთელი დემოკრატიული მსოფლიო?”, – წერს უსუფაშვილი.

რა წერია კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტში, რომლებსაც ეყრდნობა პარლამენტის დადგენილება პროკურორისთვის თახმობის მიცემაზე, ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით სასამართლოს მიმართოს.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 39, პუნქტი 2:

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 11, პუნქტი 1:

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

იურისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს, რომ კონსტიტუციის და რეგლამენტის ზემოაღნიშნული ჩანაწერები ითვალისწინებს პარლამენტის ნებართვას პატიმრობაზე და არა სასამართლოსადმი პროკურატურის მიმართვაზე.

ბრალის წაყენება ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაკავებას ან დაპატიმრების პროცედურებს. თუ საჭიროდ ჩათვლის, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენების შესახებ და პარალელუად  წარუდგენს ამ შუამდგომლობას და მიმართვას თანხმობის მიღებაზე პარლამენტს. პროკურატურამ ეს არ გააკეთა და მან პირდაპირ მიმართა პარლამენტს ისე, რომ არ ჰქონდა მიმართული სასამართლოსთვის. ამას არ უშვებს კონსტიტუცია. თუ ნახავთ პარლამენტის დადგენილებას, იქ შესავალში სწორად მითითებულია ის მუხლები, რომელსაც ეფუძნება ეს დადგენილება, მაგრამ ტექსტში წერია, თითქოსდა პარლამენტარებმა ნება დართეს პროკურატურას, მიემართა სასამართლოსთვის. სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრები მოატყუეს, რომ დაპატიმრებას არ აძლევდნენ თანხმობას და გამოიყენეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ალაფიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი

რაც შეეხება სასამართლოს მიერ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ფორმას, ალაფიშვილი ამბობს, რომ ბევრი რამ საკამათოა კონსტიტუციურობის თვალსაზრისით.

“თუკი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რომელიმე წევრი კანონს დაარღვევს და მის მიმართ დაიწყება სისხლი სამართლებრივი პროცედურები, რაც ითვალისწინებს პატიმრობას, ამ შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს უკვე მისი უფლებამოსილების შეჩერებას, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქედ გახდის მას, მაგრამ ამის უფლებას და კომპეტენციას არ ანიჭებს არცერთ სხვა შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში პარლამენტის წევრს, როგორც რიგით მოქალაქეს, იგივე სტანდარტით თუ მიუდგა მოსამართლე და არ გამოიყენა კონსტიტუციის სპეციალური ნორმები პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში  კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის თვალსაზრისით სერიოზული კითხვის ნიშნები არის”, – აღნიშნა ალაფიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის დადგენილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლალოსადმი მიმართვის უფლების მქონე სუბიექტია მხოლოდ თავად ნიკა მელია. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ალაფიშვილის თქმით, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი ვერ იქნება. თუმცა, თუკი სასამართლოს ბრძანებაში მითითებულია ნორმა, რომელიც საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტა, ეს ნორმა შეიძლება გასაჩივრდეს.

“თუმცა ორივე შემთხვევა, როგორც პარლამენტის დადგენილება, ისე სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, შეიძლება გახდეს სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი”, – მიიჩნევს ალაფიშვილი.

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ მელიასთვის დაწესებული დამატებითი შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან და ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი