ნეტგაზეთი | უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების პასუხები “კლანზე” დასმულ კითხვაზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების პასუხები “კლანზე” დასმულ კითხვაზე – Netgazeti

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების პასუხები “კლანზე” დასმულ კითხვაზე

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენდა.

კანდიდატებს რამდენიმესაათიანი გასაუბრებების დროს საბჭოს წევრებმა კითხვები დაუსვეს, მათ შორის, ნაზი ჯანეზაშვილმაც. ჯანეზაშვილმა ორივე კანდიდატს სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ჰკითხა. კითხვები შემდგომ გამოქვეყნდა „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფეისბუკ გვერდზე.

მაგალითად, თამარ ოქროპირიძეს ჯანეზაშვილმა უთხრა, რომ ე.წ. კლანი ნახსენებია ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

„თქვენი აზრით, რატომ ჩნდება ასეთი ტერმინები სასამართლო სისტემის შეფასებასთან მიმართებით კლანზე, კლანის სახით და თქვენ ამბობთ, რომ ვდგავართ სწორ გზაზე. როგორ მივდივართ წინ, თუ ისევ კლანზე არის საუბარი ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშებში. სხვათა შორის, არა მხოლოდ იქ, არამედ საქართველოშიც ძალიან ბევრი საუბრობს ხომ ამ თემაზე? როგორ მივდივართ წინ, თუ ასეთი რაღაცები იწერება ანგარიშებში და უარყოფითად ფასდება სასამართლოს დამოუკიდებლობა?“, – ჰკითხა ჯანეზაშვილმა ოქროპირიძეს.

ოქროპირიძე ამ კითხვაზე პასუხობს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას კლანთან დაკავშირებით.

„მე, როგორც ინდივიდუალური მოსამართლე, არანაირი ასეთი… ანუ კლანი რა არის? მართავს სასამართლო სისტემას. თუ მართავს სასამართლო სისტემას, აქ არ იგულისხმება, რომ უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული და არ იგულისხმება ორგანიზაციული მართვა. ანუ გამოდის, რომ მართავს მოსამართლეს? ჩემთვის, როგორც ინდივიდუალური მოსამართლისთვის, ძალიან შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულება. მე მიმაჩნია, რომ არასდროს არავინ ჩემს საქმიანობაში არ ჩარეულა და მე ვსაუბრობ ჩემი საქმიანობიდან და ჩემი გადმოსახედიდან გამომდინარე და მე ვიცი, რომ ნამდვილად ვარ დამოუკიდებელი მოსამართლე.

აქედან გამომდინარე ნამდვილად არ ვეთანხმები მაგ ანგარიშებს. მე მაქვს ის სწორი ინფორმაცია ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გულწრფელად, და არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან ჩნდება, რატომ ჩნდება და რატომ აქვთ ასეთი წარმოდგენა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით“, – პასუხობს ოქროპირიძე.

მსგავსი კითხვა ჯანეზაშვილმა გოჩა აბუსერიძესაც დაუსვა. ჯანეზაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემად ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო წარმოჩენილი. ასევე, უარყოფითად იყო შეფასებული მოსამართლეების კომპეტენციაც.

„ჩემი მიდგომა არის შემდეგი… ანუ ერთია, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის უწყება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, და მეორეა აღქმა, თუ როგორ აღიქმება ამ უწყების მუშაობა. იმიტომ ვთქვი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასამართლოს მიმართულებით არის უფრო მეტი გახსნილობა”, – თქვა აბუსერიძემ.

მისივე შეფსებით, სასამართლოს შესახებ აღქმა არის უფრო ცუდი, ვიდრე რეალური ვითარება.

“ალბათ, ამან გამოიწვია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი შეფასება”, – პასუხობს ჯანეზაშვილს აბუსერიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან