ახალი ამბები

სასამართლომ „ენკა“, რომელიც „ნამახვანჰესს“ აშენებს, 5 ათასი ლარით დააჯარიმა

28 აპრილი, 2021 • 1780
სასამართლომ „ენკა“, რომელიც „ნამახვანჰესს“ აშენებს, 5 ათასი ლარით დააჯარიმა

წყალტუბოს მაგისტრანტმა სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია „ენკა რინიუებზლი“. ეს ის კომპანიაა, რომელიც რიონის ხეობაში „ნამახვანი ჰესის“ აშენებას აპირებს მასობრივი პროტესტის მიუხედავად.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ “ნამახვანი ჰესების კასკადზე” გასცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, კომპანიას განესაზღვრა მშენებლობის დაწყებამდე გარკვეული სამუშაოების შესრულების ვალდებულებები. საიას ცნობით, “ენკამ” აღნიშნული პირობები არ შეასრულა. ასევე, არ შეასრულა 2015 წელს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობებიც.

საიას იურისტის, დარინე სალდაძის ცნობით, მოცემულ საქმეზე ინსპექტირება 2020 წლის ოქტომბერში განხორციელდა, რა დროსაც გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები. დარღვევების გამოვლენის შემდეგ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. სწორედ ეს ოქმი განიხილა წყალტუბოს მაგისტრანტმა სასამართლომ და დარღვევები დაადგინა.

“უახლოეს დღეებში კიდევ წარვადგენთ განცხადებას გარემოსდაცვით დეპარტამენტში, რადგან კვლავ არ ასრულებს ენკა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, რომ კვლავ შეამოწმონ კომპანია და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საიას იურისტმა.

კომპანიას „ენკას“ დაჯარიმება გარემოს ზედამხევდელობის დეპარტამენტმა მოითხოვა. უწყებამ სასამართლოს მიმართა, რადგან მიიჩნია, რომ არ სრულდებოდა 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემული მინისტრის ბრძანება.

„დეპარტამენტი პერიოდულად აკონტროლებს კომპანიებს და ახდენს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. „ენკას“ მიმართაც იგივე მოთხოვნებით მოხდა შემოწმება. ინსპექტირების პერიოდისთვის დადასტურდა, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა ცალკეული დოკუმენტაცია წარდგენილი გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნელი კორკოტაძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომპანია „ენკას“ წინააღმდეგ 2021 წლის იანვარში შედგა. ნელი კორკოტაძის თქმით, კომპანია „ენკას“ არც ამ დროისთვის აქვს სრულყოფილად ყველა ის დოკუმენტაცია წარდგენილი სამინისტროში, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვითაა განსაზღვრული. ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ნებართვაა, რომელიც შესაძლოა გაუქმდეს, თუკი კომპანია გონივრულ ვადაში ისევ არ წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუკი კომპანია ისევ არ შეასრულებს კანონის მოთხოვნებს, სამმაგი ოდენობით, ანუ 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„ამ ყველა პროცედურის გავლის შემდეგ შესაძლებელია ვისაუბროთ ნებართვის გაუქმებაზე“, – დასძინა „ნეტგაზეთთან“ ნელი კორკოტაძემ.

წყალტუბოს სასამართლოსთან დღეს, 28 აპრილს საპროტესტო აქცია იმართებოდა, რომელიც შემდეგ ქუთაისში გაგრძელდა.

“ნეტგაზეთი” კომპანია “ენკას” დაუკავშირდა. კომპანიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ “ენკა” საჩივრის შინაარსს არ ეთანხმება, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში არ აპირებს.

“ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.

სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას, 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით.  დღეისათვის ყველა კითხვაზე გაცემულია პასუხი და, შესაბამისად, ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია”, – წერია “ენკას” მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაში.

„რიონის ხეობის მცველები“ მასობრივი საპროტესტო აქციის მოწყობას თბილისში 23 მაისს აპირებენ.

რა ხდებოდა მანამდე?

რიონის ხეობაში ვითარება აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტების [რიონის ხეობის მცველების] პროტესტის ფონზე, პოლიციამ ხეობაში გადაადგილება შეზღუდა, შემდეგ კი დაშალა კარვები, რომლებშიც აქტივისტები თვეების განმავლობაში მორიგეობდნენ.

მას შემდეგ, რაც ნამოხვანისკენ მოძრაობა შეიზღუდა, პროტესტმა სოფელ გუმათთან გადაინაცვლა. “რიონის ხეობის მცველებმა” და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. პროცესს თან ახლდა პოლიციის წინააღმდეგობა და დაკავებები. ნამოხვანისკენ მიმავალი გზაზე, რომელიც იქამდეც ჩაკეტილი იყო, რკინის ბარიერები განალაგეს.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ.რიონის ხეობის მცველებმა 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს:

შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღე იყო საჭირო. ერთადერთი, რაც ხეობაში ხსენებული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, გუმათის გზაზე განლაგებული რკინის ბარიერების რაოდენობაა: ის მცირედით შემცირდა, თუმცა გადაადგილება ხეობაში უწინდებურად შეზღუდულია.

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, რასაც ოპონენტი მხარე უარყოფს. 

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, კრიტიკოსი ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში, სოფელ ნამოხვანში, კარვებში მორიგეობდნენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ დაგეგმილ მშენებლობას. გაიმართა რამდენიმე ხალხმრავალი აქცია ქუთაისშიც. პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰესის სამშნებელო სამუშაოები 9-12 თვის მანძილზე არ იწარმოებს.

გასულ კვირას სახელმწიფომ თქვა, რომ “ნამახვანჰესის” პროექტის “დახვეწის” მიზნით ქმნის ექსპერტთა საბჭოს, რომელსაც ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით გასულ წლებში ჩატარებულ ყველა კვლევას გადასცემენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში ელიან ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების წარმომადგენლებს და უშუალოდ მათ, თუ ამის სურვილი ექნებათ.

“რიონის ხეობის მცველები” სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ იდეას და ამბობენ, რომ უპირველესად, მათი პრეტენზიები მიემართება შინაარსს იმ კონტრაქტისა, რომელიც სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი