ახალი ამბები

აქტივისტებს აღვუთქვი რამდენიმე დღეში პასუხებით დაბრუნება — ბარნაბიშვილი

16 აპრილი, 2021 • 762
აქტივისტებს აღვუთქვი რამდენიმე დღეში პასუხებით დაბრუნება — ბარნაბიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის თქმით, ქუთაისში “რიონის ხეობის მცველებთან” გამართული შეხვედრა “კონსტრუქციული” იყო. ბარნაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქტივისტებს ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რომლებზეც მათთან რამდენიმე დღეში პასუხებით დაბრუნდება.

“შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იქნა რიგი საკითხები, რომლებიც აწუხებთ მათ… ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ ეს მათი ინტერესი, მათი ყველა კითხვა, იქნება დაკმაყოფილებული. მე ამ ყველას წინადადებას, ყველა კითხვას, ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან და მე მათ მივეცი იმედი, რომ ყველა პასუხი იქნება დაკმაყოფილებული.

ასევე იყო ჩემი მხრიდან შეთავაზება და თანხმობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესში და მაქსიმალური იქნება ასევე პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რაც დღეს მათ დააყენეს. იყო მათი მხრიდან კონკრეტული წინადადებები და მოთხოვნები, რომლებიც საჭიროებენ ასევე ჩამოყალიბებას და მე მათ აღვუთქვი რამდენიმე დღეში მათთან პასუხებით დაბრუნება”, — აღნიშნა მან.

ჟურნალისტებმა ბარნაბიშვილს მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრის ჩართვის შესაძლებლობებზეც ჰკითხეს. მისი თქმით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი COVID-19-სგან გამოჯანმრთელდება, აქტიურად ჩაერთვება პროცესში.

აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან “დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა”. მისი განცხადებით, აქტივისტებმა შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს:

“1) შეწყდეს ხეობაში რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები. აიღონ რკინის ფარდა, რომელიც დევს;

2) შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები;

3) დავუბრუნდეთ მშვიდობიან პროტესტს ნამახვანში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები, რომლებიც დაგვირბიეს”.

გოლეთიანის თქმით, აქტივისტები გუმათში ბრუნდებიან და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სწორედ ხსენებულ მოთხოვნებზე პასუხების მიღების შემდეგ გაირკვევა, დაიწყება კონსტრუქციული დიალოგი თუ კვლავ დაიგეგმება საპროტესტო აქციები.

სამუშაო შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა. ის მედიისთვის დახურული იყო.

დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა — გოლეთიანი ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი