ახალი ამბებიეკონომიკა

სამინისტროსა და EMC-ის არგუმენტები ნამახვანის ჰესის კონტრაქტზე

9 მარტი, 2021 • 2293
სამინისტროსა და EMC-ის არგუმენტები ნამახვანის ჰესის კონტრაქტზე

ეკონომიკის სამინისტრო კრიტიკულად გამოეხმაურა ნამახვანჰესის ასაშენებლად სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული კონტრაქტის არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ისეულ შეფასებას და მას „დილეტანტური“ და „სპეკულაციური“ უწოდა.

ორგანიზაციის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს კრიტიკა არა EMC-ის მომზადებულ ვრცელ დოკუმენტს, არამედ მის მოკლე შეჯამებას/პრესრელიზს შეეხებოდა, EMC-მ 9 მარტს კვლავ გაავრცელა დამატებითი არგუმენტები.

EMC-ისა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებები ეხება 2019 წლის 25 აპრილს სახელმწიფოსა და ინვესტორს, „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ 251-გვერდიან ხელშეკრულებას. ადგილობრივები, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მხარეების პოზიციებს დოკუმენტის სხვადასხვა საკამათო ასპექტზე — ენერგოტარიფზე, გარანტირებულ შესყიდვაზე, ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაზე, მიწის და წყლის რესურსების გამოყენებასა და ა.შ.

უზრუნველყოფს თუ არა ჰესი უკეთეს ენერგოტარიფს?

EMC მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რაც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ორგანიზაციის დასკვნით, ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

პასუხად ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ EMC-ს განცხადებაში არ ჩანს, თუ რის საფუძველზე დაასკვნა, რა არის ან იქნება ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგიის ფასი. სამინისტრო იქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიის „შესასყიდი“ და „გასაყიდი“ ტარიფი განსხვავებული ცნებებია:

„მაგალითად, საოჯახო მეურნეობები სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით უხდიან ელექტროენერგიის საფასურს მომწოდებელ კომპანიას, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ შესასყიდი ტარიფი სრულიად განსხვავებულია სხვადასხვა მიმწოდებლის შემთხვევაში და უამრავ კომპლექსურ მდგენელზეა დამოკიდებული“.

„როდესაც EMC ამბობს, რომ ვერ მოხდება ქვეყნისთვის უკეთესი ენერგოტარიფის მიღება, მკითხველს უჩენს განცდას, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად საოჯახო მეურნეობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ფასმა არ უნდა დაიკლოს, რაც სრულიად სპეკულატიური მსჯელობაა“, – აცხადებს სამინისტრო. უწყება ასევე წერს:

„EMC-ს მიერ ხსენებული ყველა „მომწოდებელი“, რაშიც სავარაუდოდ ავტორი ელ.ენერგიის მწარმოებელს ან/და იმპორტიორს გულისხმობს, ვერ გაყიდის გამომუშავებულ ან იმპორტირებულ ელ.ენერგიას ერთსა და იმავე ფასად. ელ.ენერგიის შესასყიდი ტარიფი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მაგალითად: კონკრეტული მწარმოებლის/გენერაციის ობიექტის სახეობაზე (თბო, ჰიდრო, ქარი, მზე და ა.შ.), ისევე როგორც მათი ექსპლუატაციაში შესვლის ვადაზე და სამართლებრივ სტატუსზე. ამასთან, ელ.ენერგიის შესასყიდი ფასი დამოკიდებულია სეზონურობაზე და იმპორტირებული ენერგიის შემთხვევაში იმ კონკრეტულ დროზე (დღის მონაკვეთზე), რა დროსაც ხდება მისი იმპორტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთადერთი სამართლიანი და კვალიფიციური მიდგომაა, რომ ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასი შევადაროთ სხვა ანალოგიურ (ან მეტ-ნაკლებად მსგავს) მწარმოებელს“.

სამინისტროს თანახმად, ნამახვანჰესის ელექტროენერგიის ფასი და გარანტირებული შესყიდვის ვადა – ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტს თან ახლავს თავისი გაანგარიშება, თუ რა ღირს პროექტი, დროის რა ვადაში და რა ოდენობით უნდა მოხდეს უკუგება და რა პირობებია საჭირო პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაინტერესებულია მოიზიდოს პირდაპირი ინვესტიცია და პროექტი კერძო და საჯარო პარტნიორობის ორმხრივად მომგებიანობის საფუძველს დაამყაროს.

ნათია თურნავას უწყების მტკიცებით, ნამახვანჰესის შემთხვევაში სახელმწიფომ პარტნიორი კომპანია ტენდერის საფუძველზე შეარჩია, რომლის მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ტარიფი იყო, „ყველა სხვა აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით“; ამასთან, 2016 წელს ყველაზე დაბალი ტარიფის შემოთავაზებით სწორედ „ენკას“ მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სრული ინვესტიციიდან ნაწილი (300 მლნ აშშ დოლარი) მოხმარდება ელექტრო-მექანიკური დანადგარებისა და სერვისების იმპორტს, ხოლო უდიდესი ნაწილი (527 მლნ აშშ დოლარი) სრულად დაიხარჯება ადგილობრივ ბაზარზე.

რაც შეეხება PPA (ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვის) ხელშეკრულებებს, — სამინისტრო მიუთითებს, რომ ის ინვესტორებთან ფორმდება მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და მისი პირობების დაცვით (შესყიდვის პერიოდები, ფასები). ნამახვანჰესის შემთხვევაში კი:

  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკოს) მიერ „ნამახვანი ჰესის” ინვესტორთან გაფორმებული PPA ხელშეკრულების სტრუქტურა არ განსხვავდება სხვა ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისაგან.
  • PPA-ს ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის პერიოდი (8 თვე), ასევე, არის სხვა მსგავსი ხელშეკრულებების უმეტესობის პრაქტიკასთან შესაბამისობაში. აღსანიშნავია, რომ ეს პერიოდი ემთხვევა საქართველოს ენერგოსისტემაში ჰიდრორესურსების სიმცირის პერიოდს, როცა ადგილი აქვს ელექტროენერგიის იმპორტს და თბოსადგურების მუშაობას (იმპორტირებულ გაზზე).
  • იმ პერიოდში, როდესაც PPA არ ითვალისწინებს ელექტროენერგიის შესყიდვას (იმ დროს, როცა ქვეყანას აქვს გამომუშავებული ელ. ენერგიის სიჭარბე (პროფიციტი), ინვესტორს არანაირი გარანტიები არ აქვს ამ ენერგიის შესყიდვაზე ან გადახდაზე.

„იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ენერგოსისტემას დასჭირდება დამატებით ელ.ენერგია, აღნიშნულის შესყიდვა მოხდება საბაზრო ფასით“, – წერს სამინისტრო.

რაც შეეხება უშუალოდ ტარიფს: სამინისტროს თანახმად, ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესასყიდი სახელშეკრულებო ფასი შეადგენს 6.2 აშშ ცენტს, რაც თავის მხრივ, „იმაზე დაბალია, ვიდრე სხვა რიგი სადგურების ტარიფი (იგულისხმება მოცულობითი პროექტები, რომლებიც დაკონტრაქტდა 2008 წლის შემდგომ)“.

სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, „აღნიშნული ფასი არ წარმოადგენს წლიურ საშუალო შეწონილ ტარიფს“ და:

„დღეისათვის არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზების და ფინანსური გათვლების თანახმად, ნამახვანის საშუალო შეწონილი ტარიფი (ანუ საშუალო წლიური შემოსავალი, რასაც კომპანია მიიღებს თითოეულ კილოვატ საათზე) ოპერირების დაწყების წლისთვის შეადგენს 4.91 აშშ ცენტს (მეტი დეტალურობისთვის: 3%-იანი აქსელერაციის გათვალისწინებით ოპერირების პირველი 10 წლის მანძილზე ის 5.3 აშშ ცენტი გახდება, ხოლო ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების სრული 15- წლიანი პერიოდის საშუალო შეწონილი ტარიფი 5.74 აშშ ცენტია).“

როგორ იანგარიშება საშუალო შეწონილი ტარიფი: ჰესის მიერ გამომუშავებული და „ესკოსათვის“ გარანტირებული შესყიდვის პერიოდში (სექტემბერი-აპრილი) მიწოდებული ენერგიის ფასს დამატებული ე.წ. „ზაფხულის პერიოდში“ (მაისი-აგვისტო) ჰესის მიერ გამომუშავებული საბაზრო ფასის გასაშუალოებით. ზაფხულში გასაყიდი ენერგიის საბაზრო ფასად მიჩნეულია 3 აშშ ცენტი. მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვის ვალდებულება სახელმწიფოს არ გააჩნია, შესაბამისად, აღნიშნული გენერაციის გათვალისწინება ფისკალური რისკის/ტვირთის შეფასებისას დაუშვებელია.

ნამახვანის საშუალო შეწონილი ტარიფი ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელ.ენერგიის საშუალო ფასი. თუმცა ნამახვანის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში (ფასები მერყეობს 7,8 აშშ ცენტის ფარგლებში რუსეთში და 9-11 აშშ ცენტის ფარგლებში თურქეთში). ბუნებრივია, პიკურად იმპორტირებული ენერგიის ფასი აღემატება დღის სხვა მონაკვეთში იმპორტირებული ენერგიის ფასს“.

ამას გარდა, სამინისტრო მიუთითებს, რომ სტრატეგიული დანიშნულების გარდა, „როგორც ყველა სხვა ადგილობრივი გენერაციის წყარო, ნამახვანი ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადაიხდის დაახლოებით 30 მილიონ ლარს“.

„აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფოს მიერ გადასახადების სახით მიღებულ შემოსავალს, ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული 6,2- ცენტიანი ტარიფი უნდა შემცირდეს 1კვტ.სთ-ზე დაახლოებით 1 აშშ ცენტით“, – ირწმუნება სამინისტრო.

EMC-ის პასუხი

EMC პასუხად მიუთითებს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი საჯარო და და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტი ითვალისწინებს საჯარო მხარდაჭერის კონკრეტულ ფორმებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვას (PPA) სახელმწიფოს მხრიდან.

„კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს, თუ რატომ იყენებს კონკრეტული მხარდაჭერის ფორმას და იმგვარად, როგორც ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული“.

სამინისტროს კი არც აქამდე და არც EMC-ის შეფასებაზე პასუხად, ორგანიზაციის თქმით, არ წარმოუდგენია კონკრეტულ რიცხვებზე და გათვლებზე დამყარებული არგუმენტები, რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრულ გარანტირებულ ტარიფს დაასაბუთებდა, ამასათან, უპასუხებდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ შეფასებას, რომელიც „ცხადად უთითებს ნამახვანი ჰესის პროექტში განსაზღვრული გარანტირებული შესყიდვის ტარიფით გამოწვეული ფისკალური ხარჯების თაობაზე“.

„სახელმწიფოს მიერ კომპანიისგან ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვის ვალდებულების აღებისას, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა პრინციპით ხდება გარანტირებული შესასყიდი ტარიფის განსაზღვრა, რატომ ითვალისწინებს ხელშეკრულება კონკრეტულ რიცხვს და რა გაანგარიშებას ეფუძნება ეს ღირებულება“, – წერს EMC.

„აღნიშნული ინფორმაცია, სამწუხაროდ, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. EMC-ის ვრცელ შეფასებაში კომპანიის შერჩევის პროცესთან – ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ (GEDF) ჩაატარა, აღვნიშნავთ, რომ „GEDF-ის ხელმძღვანელობა თავს ადმინისტრაციული კანონმდებლობით შებოჭილად არ თვლიდა და მიუთითებდა, რომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ სააქციო საზოგადოებაა და მას ნამახვანი ჰესზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ ჰქონდა. შესაბამისად, ფონდის გადაწყვეტილებით, კონფიდენციალურად დარჩებოდა გამარჯვებულის შერჩევის კრიტერიუმები, ინტერესთა გამოხატვის მონაწილეთა წინადადებები და შესარჩევი კომისიის წევრების ვინაობა.

დამატებით, PPA-ს ტარიფის გამოთვლის, მასთან დაკავშირებულ ფისკალურ ხარჯებსა თუ სამომხმარებლო ტარიფზე მისი გავლენების შესახებ სახელმწიფომ დეტალური ინფორმაცია და ფინანსური დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს; აღნიშნულში კი ვგულისხმობთ არა ჩვენს განცხადებაზე პასუხად წარმოდგენილ გაანგარიშებებს, რომლებიც მანიპულაციურია და მთავარ შეკითხვას პასუხგაუცემლად ტოვებს, არამედ გარანტირებული შესყიდვის ტარიფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას, რომელსაც სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა.

ამასთან, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი კომპეტენციაა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირველადი პროექტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ამ თვალსაზრისით აუცილებელია დამატებით გასაჯაროვდეს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტირებული ტარიფიდან და მთავრობის სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ფისკალური რისკების თაობაზე.

PPA-ს ტარიფთან დაკავშირებით დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული შეფასების თანახმად, ნამახვანი ჰესის პროექტით გათვალისწინებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება შექმნის დამატებით ფისკალურ ხარჯებს სახელმწიფოსთვის“.

ექსპორტი არა-PPA-ის პერიოდში

EMC მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი – აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას.

გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის პირველ იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.

სამინისტრომ ამ განცახდებას „სპეკულაცია“ უწოდა, იმ არგუმენტით, რომ „იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კომპანიას ყოველგვარი სახელშეკრულებო თუ საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე შეუძლია ჰესის მართვა და საკუთარი გამომუშავებისა და მიწოდების დაგეგმვა“.

მოგვიანებით გამოქვეყნებულ პასუხში EMC-მ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ სამინისტროს არ უარყვია, რომ კომპანია უფლებამოსილია ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს არა-PPA პერიოდში, რითაც „ადასტურებს შეთანხმების მიხედვით კომპანიისთვის გამომუშავებული ელექტორენერგიის განკარგვის სრული უფლების გადაცემას“.

„თუმცა, იმდენად, რამდენადაც სამინისტრო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ აქვს კომპანიას არსებული სახელშეკრულებო პირობებით ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ბაზარზე დატოვების ვალდებულება, ის ცდილობს ფოკუსი გადაიტანოს, ერთი მხრივ, იმ გარემოებაზე, რომ ენერგიის ექსპორტზე გასატანად კომპანიას აუქციონში მონაწილეობა მოუწევს, ხოლო, მეორე მხრივ, გადამცემი ქსელის სახელმწიფოს მიერ კონტროლზე. თუმცა არცერთი ეს გარემოება არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპანიის უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ენერგია არა-PPA პერიოდში. ასევე, სამინისტრო არ საუბრობს იმის შესახებ, რომ ამ უფლების დარღვევა წარმოშობს მთავრობის შესაბამის (ფინანსურ) პასუხისმგებლობას. მეტიც, საკუთარ წერილში სამინისტრო ბევრს საუბრობს საქართველოსა და თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით და ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებებზე ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში, სადაც ასევე იკვეთება ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებისთვის საჭირო ვადების შეუსრულებლობის პრობლემა“, – აცხადებს EMC.

მიწის რესურსი

EMC მიუთითებდა, რომ კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი, თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

ორგანიზაციის თანახმად, ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია „მეტისმეტად ფართოდ“ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან:

„მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას“.

სამინისტრომ ამასაც „სპეკულაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ: „საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, ისეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებში, როგორიცაა ნამახვანის ხელშეკრულება, უკლებლივ ყველა სენსიტიური თემა და, რაღა თქმა უნდა, მათ შორის მიწის საკითხები განიხილება დეტალურად და ამომწურავად. აღნიშნული მიზნად ისახავს არა იმას, რომ ინვესტორმა ჰესის მშენებლობის საბაბით თითქოსდა მიიტაცოს მიწები, რომელთა არამიზნობრივ გამოყენებასაც იგი მომავალში შეეცდება, არამედ იმას, რომ შემდგომში მაქსიმალურად შემცირდეს ორმაგი ინტერპრეტაციის რისკი. ნამახვანის შემთხვევაშიც ის ტერმინები, რომლებიც ეხება მიწას და მასთან დაკავშირებულ უფლებებს, ამომწურავადაა განხილული და მიუთითებს ყველა იმ გონივრულ საჭიროებაზე, რისთვისაც კომპანიას შესაძლოა დასჭირდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყენება. ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას პროექტის განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთების ინვესტორისათვის საკუთრებით ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემა წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ინვესტორი ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას“.

EMC-მ ამ ნაწილში სამინისტროს პასუხად განაცხადა, რომ სამინისტროს მცდელობის მიუხედავად, „კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის მიწოდებით არასრული შთაბეჭდილება შეექმნა ხელშეკრულების შინაარსზე (მაგ. იმის შესახებ, რომ „საჭირო მიწები“ ამომწურავადაა ჩამოთვლილი დანართში)“, ნათელია:

„ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლადაც რიონის ხეობის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე. საჭირო მიწის „საჭიროებას“ კი ადგენს კომპანია და ამ დადგენისას მხოლოდ გონივრულობის უზოგადესი სტანდარტითაა შეზღუდული“.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ეწერა, რომ ოფიციალურ აქტს მიწის გადაცემის შესახებ აუცილებლად გამოსცემს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო, მაგრამ EMC-ის თანახმად, ხელშეკრულებით, მთავრობა უკვე „ვალდებულია გადასაცეს“ საჭირო მიწები ხსენებული ტერიტორიის ფარგლებში.

წყლის რესურსი

EMC ხელშეკრულებაზე დაყრდნობით მიუთითებდა, რომ კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყლის წყლის რესურსიც.

„ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხენისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება ნამახვანის გამომუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს“.

ორგანიზაცია ამ საკითხის პრობლემურობას იმით ხსნიდა, რომ კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის და მეტიც, — „სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი 11 ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით“.

სამინისტრომ განმარტა, რომ ნამახვანი ჰესის თავზე მდებარეობს მდინარე ლაჯანურაზე გაშენებული „ლაჯანურის წყალსაცავი“ და „ლაჯანურ ჰესი“, ხოლო მდ. ცხენისწყლიდან რიონის ხეობაში წყლის გარკვეული მოცულობის გადმოგდება ხორციელდება 1960-იანი წლებიდან.

„ცაგერის წყალმიმღები სისტემა უზრუნველყოფს 60მ3 /წმ წყლის ხარჯის მიწოდებას ლაჯანური ჰესის წყალსაცავისთვის. აღნიშნულ წყალსაცავს გააჩნია გვირაბი, რომლის მეშვეობითაც ის უკვე მრავალი წლის მანძილზე დამატებით მარაგდება მდინარე ცხენისწყლიდან გამომავალი წყლით. მდინარე ლაჯანურა უერთდება მდინარე რიონს. შესაბამისად, ის ჰიდროლოგიური კვლევები, რომელიც დაერთო სატენდერო პაკეტს და რომლის საფუძველზეც ჯერ კიდევ 2015 წელს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა გამოაცხადეს საერთაშორისო კონკურსი ინვესტორის მოძიების მიზნით, მოიცავდა ჰიდროლოგიურ გაანგარიშებებს მდინარე ცხენისწყლიდან მიღებული დამატებითი რესურსის გათვალისწინებით. ყველა მონაწილემ, მათ შორის გამარჯვებულმა „Cleen Energy Group”-მა, კომერციული შემოთავაზება, ანუ სატარიფო განაკვეთი წარმოადგინა იმ რწმენით, რომ მდინარე რიონის ჰიდროლოგიური მოინაცემები დარჩებოდა უცვლელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბუნებრივი და სამართლიანია, რომ ინვესტორმა სახელმწიფოსაგან მოითხოვა ტენდერის ჩატარებისას არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება“.

„ზემოხსენებული ინფორმაცია დეტალურადაა აღწერილი ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტში. სამწუხაროდ, აღნიშნულის მიუხედავად, EMC ნეგატიურ კონტექსტში წარმოადგენს ხსენებულ საკითხს და ამასთან, გვთავაზობს უკიდურესად არაკომპეტენტურ დასკვნას იმის თაობაზე, რომ „კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის“. აღნიშნული განცხადება თავისთავად აბსურდულია, რადგან გაუგებარია, რა სახის დამატებით ფინანსურ ვალდებულებაზეა საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ EMC სახელმწიფოს არ აკრიტიკებს იმის გამო, რომ ინვესტორს ჰესის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით არ ავალდებულებს შეიძინოს წყალი, რომელსაც შემდგომში გარდაქმნის ელექტროენერგიად. ამასთან, გვსურს განვმარტოთ, რომ კომპანია არ თავისუფლდება ჰიდროელექტროსადგურებისათვის კანონით დადგენილი წყალაღების მოსაკრებლისაგან“, – წერს სამინისტრო.

EMC, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ სამინისტროს პასუხში არ არის უარყოფილი EMC-ის კვლევაში განმარტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყლის წყლის რესურსიც.

„ამასთან, წერილში არ მომხდარა იმის უარყოფა, რომ სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით. სამინისტროს საპასუხო განცხადებაში მხოლოდ განმარტებულია, „თუ რა ფორმით არის შესაძლებელი მდინარე ცხენისწყლის რესურსის ათვისება ნამახვანი ჰესის მიერ“.

EMC აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ მითითებულ პუნქტში (3.2.13) ცხენისწყლიდან წყლის მიწოდებას მხოლოდ ერთი დებულება შეეხება, რომელიც „ნამდვილად არ აღწერს სამინისტროს პასუხში მოყვანილ ვრცელ ინფორმაციას“. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო:

„ხელშეკრულებაში დეტალური ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი მდინარე ცხენისწყლის რესურსის ათვისება ნამახვანი ჰესის მიერ, რა თქმა უნდა, არ ცვლის იმ რეალობას, რომ კომპანიას, რიონთან ერთად, ცხენისწყლის რესურსის გამოყენების უფლებაც აქვს, რაზეც EMC თავის შეფასებაში მიუთითებდა“.

ბუნებრივი რესურსები

„იემსი“ მიუთითებდა, რომ მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. მეტიც, — იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში.

სამინისტრომ დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა განაცხადა, რომ „სრულიად გაუგებარია, რატომ არის ეს ფაქტი განხილული ნეგატიურ კონტექსტში“.

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის N136 დადგენილების თანახმად, სტრატეგიული პროექტები, რომელთა განხორციელებაც წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს, შესაძლოა გათავისუფლდნენ ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისაგან. თუმცა კომპანია, რომელიც მიიღებს მსგავს პრივილეგიას, მაინც სრულად გადაიხდის წიაღისეულის მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს. შესაბამისად, ნამახვანი ჰესის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ვალდებულების აღება კანონიერია და უფრო მეტიც, ამ მასშტაბის პროექტებთან მიმართებით აღნიშნული წარმოადგენს დამკვიდრებულ პრაქტიკას“, – წერს სამინისტრო.

EMC-იმ მოგვიანებით ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ მათ შეფასებაში არსადაა ნათქვამი, რომ ეს პრაქტიკა უკანონოა, თუმცა მიუთითებენ, რომ „ეს კიდევ ერთი პრივილეგიაა, რასაც სახელმწიფო გადასცემს კომპანიას და რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც სახელმწიფოსა და კომპანიის ინტერესებს შორის ბალანსის განსაზღვრისას უნდა იყოს მხედველობაში მიღებული“.

კანონმდებლობის/გადასახადის ცვლილება

EMC წერდა, რომ ხელშეკრულების თანახმად, თუკი კანონმდებლობაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს არსებითად უარყოფით გავლენას, ან შეიცვლება ელექტროენერგის სისტემის ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს ცვლილებები აისახოს ხელშეკრულებაში (მაგალითად: ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში) ისე, რომ კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური პოზიცია, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შენარჩუნდეს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი ფისკალურ ტვირთებს მხოლოდ სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე.

სამინისტროს განმარტებით, ამ მიმართულებით საქართველოს ვალდებულებები საერთაშორისო პარტნიორების (მათ შორის უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის) წინაშე აღებული აქვს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების გაფორმებამდე უფრო ადრე, მათ შორის ე.წ. „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ევროკავშირთან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის ძირითად გზამკვლევს ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით.

„შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად“, საერთაშორისო ხელშეკრულება იერარქიულად ზემდგომი ნორმატიული აქტია როგორც კანონთან (მათ შორის ორგანულ კანონთან), ისე კანონქვემდებარე აქტებთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შესაძლოა განხორციელდეს ნამახვანის ხელშეკრულების დადების შემდგომ, არ ჩაითვლება „ცვლილებად კანონმდებლობაში“, რომც გამოიწვიოს კომპანიისათვის „მატერიალურად საზიანო ეფექტი“, რადგან აღნიშნული ცვლილების გატარების შესახებ სახელმწიფოს ვალდებულება წარმოეშვა იმ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმებამდე შევიდა ძალაში“, – განმარტავს სამინისტრო.

სამინისტრო ასევე წერს: „რაც შეეხება ე.წ. Stabilization Clause-სთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც ითვალისწინებს ინვესტორის დაზღვევას ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისაგან, ანუ Change in Law, შეგვიძლია განვავრცოთ EMC-ს პოზიცია. ე.წ. კანონმდებლობის სტაბილიზაციის მექანიზმი, როგორც სამართლებრივი დოქტრინა, არახალია და აღნიშნული მექანიზმის გამოყენება მსხვილ საინვესტიციო პროექტებში (განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც ხორციელდება კერძო და საჯარო თანამშრომლობის ე.წ. PPP ფორმით) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას. აღნიშნული ინსტრუმენტი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში და პრაქტიკულად სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ისეთ განვითარებად ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც არ გააჩნიათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით წიაღისეული მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა ნავთობი, გაზი, ძვირფასი მეტალები და ა.შ. (ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი წიაღისეული, როგორც წესი, გაცილებით მეტ ბერკეტებს ფლობენ მოლაპარაკებებისას). ფაქტია, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, ისეთში, როგორიც საქართველოა, არცერთი მსხვილი ინვესტორი, ისევე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, არ აფინანსებს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისე, თუ პროექტის ფარგლებში გასაფორმებელი საკონცესიო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ხსენებული სტაბილიზაციის მექანიზმს, ანუ „Change in law“ protection. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია პრეტენზია იმაზე, რომ აქვს სათანადო გამოცდილება იმისათვის, რათა სამართლებრივი ანალიზი გაუკეთოს ნამახვანი ჰესის მასშტაბის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას, უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი მუხლი უნივერსალურად გამოიყენება ე.წ. PPP პროექტებში.

ამიტომ, შესაძლოა გასაგები იყოს EMC-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო დანაწესი, რომელიც იცავს ინვესტორს მისთვის ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისაგან და აკისრებს სახელმწიფოს მსგავსი ცვლილებების შედეგად ინვესტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, არ არის კარგი, მაგრამ მეორე მხრივ, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ საქართველოში არ მოიძებნება არცერთი მსხვილი საინვესტიციო PPP პროექტი, სადაც ინვესტორი და პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეთანხმნენ პროექტის დაფინანსებას აღნიშნული დაცვის მექანიზმის გარეშე.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნამახვანის ხელშეკრულება ამ მხრივაც საკმაოდ დაბალანსებულია. თუკი შევადარებთ ნამახვანის ხელშეკრულებას სხვა ანალოგიური მასშტაბის საინვესტიციო პროექტებს, რომელიც ხორციელდება ჩვენს რეგიონში, ვნახავთ, რომ ნამახვანის ხელშეკრულება აწესებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს Change in Law -ს გამოყენების კუთხით. კერძოდ, ხელშეკრულების 8.2.5 პუნქტი „ცვლილება კანონმდებლობაში“ ითვალისწინებს ე.წ. ჩამკეტ მექანიზმებს, რომელთა არსებობაც ქმნის ინვესტორის მხრიდან აღნიშნული დაცვის საშუალების გამოყენების წინაპირობას.

ასეთი ჩამკეტი მექანიზმების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულება ითვალისწინებს ტერმინებს „მატერიალურად საზიანო ეფექტი“ ან „მატერიალური გავლენა“, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც უკავშირდება კანონმდებლობის ისეთ ცვლილებებს, რაც იწვევს კომპანიის დანახარჯების ზრდას/შემოსავლის შემცირებას იმ ოდენობით, რაც ნებისმიერი კალენდარული წლის მანძილზე აღემატება „კომპანიის“ წინა კალენდარული წლის შემოსავლების ერთ პროცენტს (1%), ან თუ ეფექტი დადგება „სამშენებლო ფაზის“ მანძილზე ან „საოპერაციო ფაზის“ პირველი კალენდარული წლის მანძილზე, ეფექტი დაითვლება „საოპერაციო ფაზის“ პირველი კალენდარული წლის მანძილზე „კომპანიის“ მიერ დაგეგმილი შემოსავლების საფუძველზე, ან წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების მანძილზე, ჯამურად აღემატება 5,000,000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარს. ხსენებული ჩამკეტი მექანიზმები გამორიცხავს ინვესტორის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას ყველა უმნიშვნელო საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში.

EMC-მ ამ განმარტებაზე პასუხად განაცხადა, რომ ვერ გაიზიარებს სამინისტროს მტკიცებას, თითქოს „ვინაიდან საქართველომ ასოცირების შეთანხმების კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმებამდე იკისრა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სამართლის ცვლილებად არ ჩაითვლება“, რამდენადაც ხელშეკრულების შინაარსი საპირისპიროს ამტკიცებს:

„სამართლის და გადასახადების ცვლილებასთან დაკავშირებით სამინისტროს განცხადება, სადაც ის ასაბუთებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გამო განხორციელებული ცვლილებები ხელშეკრულების მიზნებისთვის „კანონმდებლობის ცვლილებად“ არ ჩაითვლება, კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც სამინისტროს მტკიცებას ზურგს არ უმაგრებს ხელშეკრულების ტექსტი; მეტიც, ხელშეკრულების ტექსტი მიუთითებს სამინისტროს განცხადების საპირისპიროზე.

სამინისტროს მსჯელობის მცდარობის საილუსტრაციოდ მოგვყავს თავად „კანონმდებლობის ცვლილების“ სახელშეკრულებო განმარტება: „კანონმდებლობის ცვლილება ნიშნავს საქართველოს ნებისმიერი აქტის მიღებას, პრომულგაციას, ძალაში შესვლას, გაუქმებას ან ახლიდან ამოქმედებას, ცვლილებას, შეფარდების ან ინტერპრეტაციის ცვლილებას (საგადასახადო რეჟიმის, „ქსელის კოდექსის“ და „ბაზრის წესების ჩათვლით“), თითოეულ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება „ხელშეკრულების“ თარიღის შემდგომ…“

ამ ტერმინის განმარტებიდან ნათელია, რომ იმისდა მიუხედავად, თუ როდის იკისრა ცვლილების განხორციელების ვალდებულება სახელმწიფომ, თუ ცვლილება მიღებული იქნება თავად ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მას მოჰყვება მოლაპარაკების/კომპენსირების ვალდებულება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან (EU Acquis) დაახლოების ზოგადი ვალდებულება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმებაში ჩამოთვლილი ევროკავშირის სამართლებრივი აქტები საქართველომ სავალდებულოდ აღიარა ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლით.

სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც თუნდაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით იქნება შემოღებული, ჩაითვლება სამართლის ცვლილებად ხელშეკრულების მიზნებისთვის. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, არ არის რელევანტური ნორმატიული აქტების იერარქია და საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატესი ძალა შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით (რაზეც სამინისტრო თავის პასუხში მიუთითებდა EMC-ის), რადგან საკითხი არ შეეხება კონფლიქტს ან ურთიერთშეუსაბამობას საერთაშორისო ხელშეკრულებასა და კანონმდებლობას შორის.

აქ EMC იმეორებს თავდაპირველ შეფასებას: „სამართლის ცვლილების უფრო კონკრეტულ შემთხვევას შეეხება ხელშეკრულების 4.3.2.g პუნქტი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვლება ელექტროენერგიის სისტემის ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რათა აღნიშნული ცვლილებები აისახოს ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში, ისე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური პოზიცია შენარჩუნდეს. ამ მუხლთან დაკავშირებით დამატებით აღსანიშნავია, რომ სამართლის ცვლილების მთავრობის რისკად განსაზღვრის საერთაშორისოდ მიღებულ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ ცვლილების შესახებ ინვესტორს ინფორმაცია არ აქვს. ე.წ. სტაბილიზაციის დებულების (stabilization clause) არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ის კომპანიისთვის წინასწარ განუჭვრეტელ, მოულოდნელ ხარჯს იწვევს, რომლის დაგეგმვა და გათვალისწინება მას ხელშეკრულების გაფორმებისას არ შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა დიდი ხანია დაგეგმილია. ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს, ხოლო აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველო 2017 წელს გაწევრიანდა“.

ამასთან, EMC წერს, რომ ამ ნაწილში მათი კრიტიკა თავისთავად ამ მუხლის ხელშეკრულებით გათვალისწინებას კი არ ეფუძნება, არამედ იმას, რომ ნამახვანის ხელშეკრულება, სამწუხაროდ, სტაბილიზაციის მუხლის იმგვარ რედაქციას შეიცავს, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფარგლებს მეტისმეტად აფართოებს.

„ე.წ. პასუხისმგებლობის „ჩამკეტი მექანიზმები“, რაზეც სამინისტრო თავის პასუხში მიუთითებს, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სათანადოდ „ჩაკეტვას“. კერძოდ, გადასახადების ცვლილებასთან დაკავშირებული კომპენსირების რეჟიმის (რომელიც სამართლის ცვლილების ერთ-ერთი სახეა) კომენტირებისას EMC შენიშნავს: „იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მართლაც სტრატეგიული და სახელმწიფო მნიშვნელობისაა და მისი განხორციელება შედის საჯარო ინტერესში (რაც ცალკე შეფასების საგანია), გადასახადების ზრდის რისკის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. თუმცა, ზემოაღნიშნული დაშვებითაც კი, ნამახვანის ხელშეკრულების ჩანაწერი პრობლემურია შემდეგი მიზეზების გამო: ა) ხელშეკრულების 3.2.16 მუხლი გადასახადის ცვლილებას განსაზღვრავს „კომპენსირებად შემთხვევად“, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ვალდებულია, აანაზღაუროს შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებითი „დანაკარგი“. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და, პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, მიუღებელ მოგებას და დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. სახელმწიფოს ფინანსური პასუხისმგებლობის ამგვარი გაფართოება კი მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებისთვისაც უჩვეულოა. „ბ) მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის მონაწილეებსაც, პროექტის მონაწილე კი ხელშეკრულების მიხედვით არის კომპანიაც (აფილირებულ პირებთან ერთად), დამფინანსებლებიც და კომპანიის კონტრაქტორებიც. განსაკუთრებით პრობლემურია ამ დეფინიციაში კონტრაქტორების შემოყვანა: კომპანიამ შეიძლება უამრავი კონტრაქტორი დაიქირაოს სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად და, ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოს ყველა მათგანის კომპენსირება მოუწევს“, – წერს EMC.

დასაქმება

EMC თავიდანვე მიუთითებდა, რომ კომპანია „მიმართავს ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ დასაქმებულების საშუალოდ 70/50/70/80% (დამოკიდებულია პროექტის სტადიაზე) იყოს საქართველოს მოქალაქე“ და „ეს პირობა შესრულდება იმ შემთვევაში, თუ კომპანია შეძლებს საკმარისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების პოვნას, რომლებიც კომერციულად იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები“.

სამინისტროს თანახმად, ეს პასაჟი მკითხველის თვალში აჩენს განცდას, რომ „საქართველოს მოქალაქე არაკონკურენტულ მდგომარეობაშია ჩაყენებული უცხო ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში და არაფერია განმარტებული არსებული ვითარების შეფასების კუთხით“.

სამინისტრო კი წერს, რომ „სამწუხაროდ, საქართველოში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა და საერთაშორისო ინვესტორების უმრავლესობა სარისკოდ მიიჩნევს ადგილობრივი მუშახელის დასაქმებასთან დაკავშირებით მყარი სახელშეკრულებო გარანტიების გაცემას“.

„თუმცა, მეორე მხრივ, ხელშეკრულების ხსენებული ჩანაწერი ინვესტორს უწესებს გარკვეულ ვალდებულებას (soft obligation), რაც სახელმწიფოს აძლევს იმის უფლებას, რომ შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში (რაც გულისხმობს დროთა განმავლობაში კვალიფიციური მუშახელის ხელმისაწვდომობას) მოსთხოვოს ინვესტორს დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის გაზრდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულება მოიცავს დებულებას (იხ. ტერმინთა განმარტება „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“), რომელიც ინვესტორს ავალდებულებს პროექტი განახორციელოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, IFC-ის და EBRD-ის დაწესებული მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს გამკაცრებულ მოთხოვნებს როგორც გარემოსდაცვის, ისე სოციალური (მათ შორის უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მუშახელის დაქირავება) კუთხით. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 301 მოქალაქე, რომელთა უმეტესი ნაწილი (191) არის რიონის ხეობის მკვიდრი“, – აცხადებს სამინისტრო.

ამაზე პასუხად EMC ხაზს უსვამს, რომ სამინისტრო აღიარებს, რომ ნამახვანი ჰესის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება კომპანიას საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მკაცრ ვალდებულებას არ აკისრებს, რაც მათი შეფასებით, „ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიტორიკას ადგილობრივების დასაქმების მყარი გარანტიების შესახებ“.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ნამახვანი ჰესის მიერ მოტანილ სარგებელზე საუბრისას გამუდმებით აპელირებენ იმაზე, რომ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიკეთე ადგილობრივების დასაქმებაა, რა თქმა უნდა, EMC-იმ საჭიროდ მიიჩნია, განემარტა, თუ რას ამბობს ამის შესახებ ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ბუნებრივია, მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს, თუ როგორია კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების რეალური შინაარსი და რა პირობების შემთხვევაში ევალება მას მოსახლეობის დასაქმება“, – წერს ორგანიზაცია.

EMC-ის შეფასებით, საგულისხმოა, რომ სამინისტრო მიუთითებს კომპანიის „ბუნებრივ“ ინტერესზე, ოპერირების ეტაპზე გადაამზადოს და დაასაქმოს ადგილობრივები, რაც უფრო ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა, და ამაზე პასუხად წერს:

„საინტერესოა, თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ ითვალისწინებს ხელშეკრულება შესაბამის დებულებას, რომელიც კომპანიის ადგილობრივების გადამზადებას (თუნდაც მხოლოდ ოპერირების ეტაპზე) დაავალდებულებდა. ასეთ შემთხვევაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაა, რაზეც გამუდმებით საუბრობენ თავად ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპანიის „ბუნებრივ ინტერესზე“ დამოკიდებული არ იქნებოდა. დამატებით, აღსანიშნავია, რომ ეს „ბუნებრივი ინტერესიც“ მხოლოდ ოპერირების ფაზის კონტექსტშია ნახსენები და, როგორც ჩანს, პროექტის წინასამშენებლო და სამშენებლო ფაზების განმავლობაში ადგილობრივების დასაქმებას კომპანიის ბუნებრივი ინტერესიც არ შეუწყობს ხელს“.

ნახეთ ასევე:

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი