ახალი ამბები

სეისმოლოგები ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

5 მარტი, 2020 • 5498
სეისმოლოგები ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვედა ნამახვანში ჰესის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საპროექტო ტერიტორიაზე სეისმოლოგიური რისკებია გაანგარშებული, თუმცა, როგორც სეისმოლოგები აღნიშნავენ, აღებული პარამეტრები იმ ტერიტორიისთვის, სადაც კაშხალი უნდა აშენდეს – დაბალია.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, რომელიც “ენკა რინიუებლზმა” სახელმწიფოს წარუდგნია, ქვედა ნამახვანი კაშხლის ადგილმდებარეობისათვის სეისმურობის კოეფიციენტი შეადგენს 0,3 g-ს 10 000 წლის განმეორებადობისათვის.

რას ნიშნავს ეს კოეფიციენტი?

როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა გოდოლაძე ნეტგაზეთთან განმარტავს, საუბარია გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებაზე, ეს კი ის კომპონენტია, რომელიც მისი თქმით, პირდაპირპროპორციულია იმ ძალისა, რითაც გრუნტი ნაგებობაზე იმოქმედებს. მისი გათვალისწინება კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ძლიერი მიწისძვირს დროს გრუნტის მოქმედების შედეგად შენობა არ დაინგრეს:

“პრობლემად მიმაჩნია საანგარიშო 0.3 g. ეს ციფრი არის ძალიან დაბალი ამ პროექტისათვის და რეგიონისათვის. გარემოს ზემოქმედების ანგარიშში შესული კვლევები, რის საფუძველზეც შემდგომ ხდება ჰესის მშენებლობა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს უკვე ეხება რეგიონის და ადამიანების უსაფრთხოებას” – ამბობს გოდოლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც გოდოლაძე განმარტავს, ამ ტერიტორიაზე მინიმუმ 0.55g კოეფიციენტი უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან იმ ტერიტორიას, (გაგრა-ჯავის რღვევის ლეჩხუმის სეგმენტი) სადაც კასკადი უნდა აშენდეგ, მიწისძვრის იგივე პოტენციალი აქვს, რაც რაჭის სეგმენტს გააჩნია, სადაც 1991 წელს 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დოკუმენტში მითითებული პარამეტრით, კი მისი თქმით, კაშხალი 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

წერილი პრემიერს

ამ საკითხზე სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა წერილით პრემიერსაც მიმართა. როგორც წერილში ვკითხულობთ, რაჭის 1991 წლის სიმძლავრის ანალოგიური მიწისძვრა ლეჩხუმშიც შესაძლებელია მოხდეს. სეისმოლოგები განმარტავენ, რომ რაჭის მიწისძვრის დროს განმეორებითი ბიძგებით გამოწვეული გრუნტის მაქსიმალური ჰორიზონტალური აჩქარება 0.5g იყო.

“მაგნიტუდა 7 მიწისძვრა 32-ჯერ დიდია, ვიდრე მაგნიტუდა 5.5 მიწისძვრა. მაგნიტუდა 7 მიწისძვრის დროს 178 ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე 5.5 მიწისძვრის დროს, სხვა სიტყვებით: მაგნიტუდა 5.5-ის მქონე 178 მიწისძვრა უნდა მოხდეს, რომ გამოყოფილი ენერგია გაუთანაბრდეს მაგნტუდა 7 მიწისძვრის დროს გამოყოფილ ენერგიას.

ამ პირობებში „ენკა“ გვთავაზობს სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 0.3g დატვირთვას გაუძლებს. რეგიონისათვის დამახასიათებელი სუსტი გრუნტების პირობებში 0.3g აჩქარება შესაძლებელია საშუალო სიძლიერის მაგნიტუდა 5 მიწისძვრამაც გამოიწვიოს. ასეთი გაცხადებული რისკის პირობებში საფრთხის ქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობა და მთლიანად ქვეყანა” – ვკითხულობთ პრმიერისთვის გაგზავნილ წერილში.

სამინისტროს პასუხი

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ კვლევა თავად ჰესის მშენებელმა კომპანიამ წარადგინა და სამინისტროს მისი გადამოწმების საფუძველი არ აქვს, რადგან როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ის პრესტიჟულმა ფრანგულმა კომპანიამ მოამზადა.

გაიგეთ მეტი ამ კასკადის შესახებ

“ყველაფერს ერთად დავკარგავთ” – რატომ ეწინააღმდეგებიან რიონზე ჰესების მშენებლობას ცაგერში?

კლიმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება – რიონზე მშენებარე ჰესების კომპანიის პასუხი მოსახლეობას

მასალების გადაბეჭდვის წესი