სამართალი

პროკურატურამ ლაზარეს საქმეში მტკიცებულებად ბრალდებულის ინტერვიუს დართვა მოითხოვა

21 დეკემბერი, 2023 • 1499
პროკურატურამ ლაზარეს საქმეში მტკიცებულებად ბრალდებულის ინტერვიუს დართვა მოითხოვა

ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 21 დეკემბერს შედგა.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სისხლის სამართლის საქმეს დაერთოს ლაზარე გრიგორიადისის ციხიდან გავრცელებული ინტერვიუ, სადაც  თითქოს დანაშაულს აღიარებს.

“ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი წერილში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან ნამდვილად ისროლა “მოლოტოვის კოქტეილი”. აღნიშნული საიტის [“ინტერპრესნიუსი”] დათვალიერება მოხდა გამოძიების მიერ და, რა თქმა უნდა, დათვალიერების ოქმში დაფიქსირებულ იქნა ის შინაარსი, რაც პირდაპირ მიუთითებს დანაშაულებრივი ქმედებაზე. შესაბამისად, ვითხოვთ როგორც დათვალიერების ოქმის, ისე აღნიშნული წერილის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვას”, – განაცხადა ბრალდების მხარემ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები კატეგორიულად არ დაეთანხმნენ საქმეში წერილის დართვას. მათი თქმით, წერილი მხოლოდ ამონარიდების სახით გავრცელდა, აქვს კომიკური, სარკასტული ხასიათი და შეიცავს ირონიულ გამონათქვამებს, რაც პირდაპირ და ცხადად ჩანს ტექსტში.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა განმარტა, რომ გრიგორიადისი სრული სერიოზულობითაც რომ წერდეს მის მიერ “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის შესახებ, ეს აღიარებად და მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ბრალდების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს სასამართლო მხოლოდ ცნობის სახით მიიღებს. აღიარებად კი ჩაითვლება მხოლოდ უშუალოდ სასამართლო დარბაზში დაფიქსირებული პოზიცია.

“საუბარი იმაზე, რომ ბრალდებულის ეს განცხადება მიღებული იქნება, როგორც პირდაპირი მტკიცებულება, რომ ვინმე რამეს აღიარებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ მიიღებს სასამართლო ამას, როგორც აღიარებას”, – თქვა მოსამართლემ.

სასამართლო პროცესები 15 იანვარს განახლდება. ბრალდების მხარეს 12 მოწმე დარჩა დასაკითხი. დაცვის მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ მათი შეფასებით ბრალდების მხარე პროცესს აჭიანურებს და მართლმსაჯულების დასაჩქარებლად უდავოდ ცნობენ საქმეში დარჩენილ ყველა სახის მტკიცებულებას, მოწმეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწვეული მოწმეები აღარ დაიკითხებიან და 15 იანვარს პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების შეფასებით, ეს მოწმეები არ არიან საქმისთვის მნიშვნელოვანი, ვინც მნიშვნელოვანი იყო, ისინი უკვე დაკითხულები არიან, პროკურატურას კი შეეძლო, სათითაოდ ამ მოწმეების გამოძახებით, პროცესი კიდევ ერთი წლით გაეჭიანურებინა. გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, რომ დაცვის მხრიდან მოწმეების წარმოდგენა ერთ პროცესში ამოიწურება და ორ პროცესში სასამართლო სხდომის განხილვა დასრულდება. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ლაზარე გრიგორიადისი დაარღვევს დუმილის უფლებას და ბოლო პროცესზე სასამართლოს ჩვენებას მისცემს. 

პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში გრიგორიადისის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

“ის ერთი ყველას ნაცვლად არის პატიმრობაში. ის არის პოლიტიკური პატიმარი. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი და უწყვეტი – თავისუფლება ლაზარეს!” – ამბობდნენ მხარდამჭერები.

გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა 29 დეკემბერს გადის. მასთან ადვოკატები ორშაბათს 25 დეკემბერს შევლენ.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

ლაზარე გრიგორიადისთან წერილობითი ინტერვიუ IPN-ზე 12 დეკემბერს გამოქვეყნდა. ტაბულას თანახმად, თავდაპირველად ლაზარეს ციტატა ასე იყო ფორმულირებული: “მე ვისროლე „მოლოტოვი“. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ. მოგვიანებით კი IPN-მა ეს ციტატა ჩაასწორა და ლაზარეს პასუხი შემდეგნაირად დაწერა: “„მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ. ლაზარეს დედის თქმით, ეს იყო სარკასტული ნათქვამი ბრალდებულის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი