სამართალი

რატომ ჭიანურდება საქმეები სასამართლოში — 4 შესაძლო მიზეზი

30 იანვარი, 2024 • 11785
რატომ ჭიანურდება საქმეები სასამართლოში — 4 შესაძლო მიზეზი

Რუსუდან ბართიშვილი მარტოხელა დედაა. განქორწინების შემდეგ თითქმის 2 წელი ელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მის ყოფილ ქმარს მცირეწლოვანი შვილისთვის ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

ამ პერიოდის განმავლობაში მარტოხელა დედის შემოსავალი 450 ლარი იყო. როგორც თავად ამბობს, პირველი სამსახური ქმართან დაშორების შემდეგ იპოვა და ისიც, დაბალანაზღაურებადი. ქალი იხსენებს, რომ სასამართლო დავის ორწლიან პერიოდში უჭირდა, რადგან მისი ხელფასი ბავშვის ელემენტარულ საჭიროებებსაც ვერ სწვდებოდა, სასამართლო კი უსაშველოდ გაიწელა. წესით, მსგავსი დავა სასამართლოს მალევე უნდა გადაეწყვიტა არაერთი ფაქტორის, მათ შორის, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებითაც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

იმას, რომ სასამართლო დავების გაჭიანურებამ ადამიანები და ბიზნესები დააზარალა, მხოლოდ ერთეული შემთხვევა არაა. ამას  „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფისა“ და „დემოკრატიის ინდექსის“ ბოლო კვლევაც მოწმობს, რომლის ფარგლებშიც გამოკითხული ადვოკატების 94% აცხადებს, რომ თითქმის ყველა საქმე ან საქმეების უმეტესობა ჭიანურდება. ამავე კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატების მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ საქმეების მცირე რაოდენობა ჭიანურდება/საქმეები იშვიათად ჭიანურდება, ხოლო 1%-ის აზრით, არც ერთი საქმე არ ჭიანურდება.

Რა იწვევს სასამართლოში საქმეების გონივრული ვადის მიღმა გაჭიანურებას და რა გავლენას ახდენს ეს რიგით მოქალაქეებზე, ამ სტატიაში გიამბობთ.

Რა საქმეები ჭიანურდება სასამართლოში და რა გავლენა აქვს ამას ადამიანებზე

ადვოკატი კახა კოჟორიძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული საქმეები ორ ნაწილად იყოფა, პირველი კატეგორიის სააქმეები ე.წ. გახმაურებული დავებია, რომელშიც მოპასუხე ხელისუფლების წარმოამდგენლები ან გავლენიანი პირები არიან და დავის გადაწყვეტა მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მაგალითისთვის, კოჟორიძე გვისახელებს მისი პრაქტიკიდან რამდენიმე საქმეს, რომელთაგან ერთი მკლავჭიდის ფედერაციის სარჩელს ეხება კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ:

„საქართველოში უნდა ჩატარებულიყო მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი. ღონისძიება არ ჩატარდა სამინისტროს ბრალეული მოქმედებით და უმოქმედობით, რის გამოც ფედერაცია დაჯარიმდა 800 000 ევროთი და დისკვალიფიკაციაც მიეცა. ამ ჯარიმის გადახდის გარეშე ჩვენს სპორტსმენებს გაუჭირდებათ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში.

რადგან სამინისტროს ბრალეული მოქმედებით მოხდა ეს, ჩვენ ვითხოვთ, რომ სწორედ სამინისტროს დაეკისროს ამ თანხის გადახდა. საუბარია დაახლოებით მილიონ დოლარზე.  ასევე ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას. რადგან ეს სარჩელი კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ არის შეტანილი და ამ პროცესში წვლილი მიუძღვის მინისტრ თეა წულუკიანს. 2022 წლის თებერვალში რომ შევიტანეთ სარჩელი, ორი წელი ისე გავიდა, საქმეზე ერთი სხდომაც არ ჩატარებულა, არც კი ჩანიშნულა სხდომა — საერთოდ უმოძრაოდაა ეს საქმე გაჩერებული“, — ამბობს კოჟორიძე.

ადვოკატი კახა კოჟორიძე

კოჟორიძის თქმით, კიდევ უფრო დიდხანს, 10 წელია, გრძელდება „ფონდ კონსტანტას“ საქმე საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ. მოსარჩელეები გენერალური პროკურატურისგან 12 მილიონ ლარს ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მათ წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე მიადგათ:

„ეს არის მინიმალური ოდენობა იმ თანხისა, რაც წინა ხელისუფლების დროს ამ ფონდს წაართვეს, გააკოტრეს და დააზარალეს. შესაბამისად, აბსოლუტურად სამართლიანი კი არა, მინიმალური მოთხოვნაა ამ თანხის მიღება. ეს საქმე დაახლოებით ათი წელია, საქართველოს სასამართლოში სხვადასხვა ინსტანციაში დადის წინ და უკან“ ,— ამბობს ადვოკატი.

თუმცა ეს არ არის ყველაზე უფრო ხანგრძლივად გაჭიანურებული საქმე, რომელსაც კახა კოჟორიძე საკუთარი საადვოკატო პრაქტიკიდან იხსენებს. Მისი თქმით, კოლეგებთან ერთად წარმოებაში „თბილისის საავიაციო ქარხნის აუქციონერთა საქმეც“ აქვს, რომელიც სასამართლოში 2013 წელს შევიდა და მეთერთმეტე წელია, განხილვა არ დასრულებულა:

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ სასამართლოს ავუხსენით არაერთხელ, რომ საქმე ეხება საწარმოს, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის. მკითხველს რომ წარმოდგენა შეექმნას, ეკონომიკის გაძლიერებაში ექსპორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს საწარმო იყო წლების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ექსპორტიორთა ათეულში.

Შემდეგ, აქციონერებს წინა ხელისუფლების დროს იძულებით აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის და ფუნქციონირება პრაქტიკულად შეწყვიტა. ამ სარჩელის მიზანი, მათ შორის, ის იყო, რომ ეს საწარმო, სადაც ორი ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, დაბრუნებოდა თავის ძველ ფუნქციონირებას“ ,— ამბობს კოჟორიძე

Ზემოთ მოთხრობილ ყველა საქმეში მოპასუხე სახელმწიფოა, სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებს ადვოკატი მათ გაჭიანურებას, თუმცა ამასთან აღნიშნავს, რომ გაჭიანურების პრობლემა სტანდარტულ საქმეებშიც არანაკლებ მასშტაბურია.

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „Საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს კანომდებლობის მიხედვით ყველაზე მოკლე პერიოდი სასამართლოში საქმის განსახილველად (30 დღე) ალიმენტის დავებისთვისაა დადგენილი, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ვადაში არათუ განხილვა არ სრულდება, სხდომაც კი არ ინიშნება:

„როგორც ბავშვის უფლებათა კონვენცია, ასევე ბავშვთა კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ადგენს კონკრეტულ ვადებს, რა ვადებშიც უნდა განიხილოს სასამართლომ ამგვარი დავები. პირველ რიგში, სამოქალაქო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს და დასრულდეს ალიმენტის დავები, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეხება. თუმცა, სამწუხაროდ, დროულად განხილული საქმეები მე პრაქტიკაში არ მახსენდება“, — ამბობს იურისტი.

ნინო ანდრიაშვილი, „საფარი“

„საფარის“ იურისტი აღნიშნავს, რომ საოჯახო დავები კიდევ უფრო ჭიანურდება, თუ ალიმენტთან ერთად მოსარჩელე მხარე სხვა მოთხოვნებსაც აყენებს, მაგალითად, როგორიცაა ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრა, ქონებრივი დავები და სხვა. Ნინო ანდრიაშვილის თქმით, ასეთ დროს სასამართლო, ზოგადად, სამოქალაქო დავებისთვის განსაზღვრულ 5-თვიან ვადაშიც ვერ ეტევა და საქმეები წლობით იწელება, რაც, საბოლოო ჯამში, ბავშვის საუკეთესო ინტერესს აზარალებს.

ამის მაგალითია მარტოხელა დედის, რუსუდან ბართიშვილის შემთხვევა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან ალიმენტის განსაზღვრაზე 2 წელზე დიდხანს დავობდა. Რუსუდანის თქმით, სასამართლო ასევე იხილავდა ყოფილ მეუღლეებს შორის ქონებრივ დავას და დედისთვის ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭების საკითხს, რადგან, რუსუდანის თქმით, გერმანიაში სასწავლად გეგმავდა წასვლას და შესაბამისი მოწვევაც ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ 2021 წლის იანვარში დაწყებული დავა 2023 წლის ბოლოს დასრულდა, ქალმა ეს შესაძლებლობა დაკარგა:

„წერილი მივიღე გერმანიიდან, რომ ჩემ მიერ შეტანილი საბუთები აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს და ადგილიც ჰქონდათ. Მწერდნენ, თუ შევძლებდი ჩასვლას, მაგრამ ვერ წავედი იმიტომ, რომ ეს პროცესები არ იყო დასრულებული და ბავშვს ვერ წავიყვანდი. პლუს ამას, ალიმენტის იმედიც მქონდა, რომ წასვლამდე შემეხიდებოდა“, — გვიყვება რუსუდანი.

Მისი თქმით, ყოფილ ქმართან დაშორებიდან მალევე იპოვა სამსახური, თუმცა ანაზრაურება იმდენად დაბალი იყო, შვილის კეთილღეობისთვის საჭირო ხარჯებს ვერ სწვდებოდა, რის გამოც ყოფილი მეუღლისთვის ალიმენტის დაკისრება სასამართლოს გზით მოითხოვა:

„450 ლარი მქონდა ხელფასი. Რამდენიმე თვე ყოფილი ქმარი გარკვეულ თანხას გვაძლევდა, მაგრამ როცა ვუთხარი, ეს არ იყო საკმარისი, მომწერა, ბევრს თუ ვილაპარაკებდი, ამასაც არ მომცემდა.  ეს თანხები, ფაქტობრივად, საკვებშიც არ ყოფნიდა ჩემს შვილს. მეგონა, რომ სწრაფად იქნებოდა აღსრულებაში მიცემული ეს საკითხი, მაგრამ არა” ,– ამბობს რუსუდანი.

Რუსუდანის თქმით, ორ წელზე ხანგრძლივი დავის შემდეგ მოპასუხე მხარე შეთანხმებაზე წამოვიდა. შედეგად, მოსარჩელე მარტოხელა დედას 200 ლარის ორდენობის ალიმენტზე მოუწია დათანხმება, ქონებრივი დავის განხილვა კი სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება:

„ხშირად ეს საქმეები ასე რომ იწელება, შეიძლება იმიტომაც ხდება, იქნებ, რომელიმე მხარე დაიღალოს და წამოვიდეს შეთანხმებაზეო“, — უთხრა ნეტგაზეთს რუსუდან ბართიშვილმა.

ის ასევე იხსენებს, რომ საქმის განხილვა იმდენად გაჭიანურდა, რომ 2 წლის შემდეგ გადაწყვიტა, დათანხმებოდა მოპასუხეს — ყოფილ ქმარს, რომელმაც ალიმენტის, 200 ლარის, გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

„იძულებული ვიყავი, ამ კაპიკებს დავთანხმებოდი. ალტერნატივა არ დამიტოვა ამ პროცესებმა და სისტემამ. საბაზისო მოთხოვნილებებზე მიწევს ორიენტირება“, — გვიყვება რუსუდანი.

Საქმეთა გაჭიანურების მასშტაბები

საქართველოს სასამართლო სისტემა სხვადასხვა დარგის საქმეთა განხილვის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა თავად პრობლემას, რომ სასამართლოში საქმეები ჭიანურდება, ყველა აქტორი აღიარებს.

სასამართლო ხელისუფლება 2017-2021 წლების სტრატეგიაში აღიარებს საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემას,  „ქართული ოცნება“ კი აღნიშნულზე მის მიერ მიღებულ „სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ დოკუმენტში მიუთითებს

საზოგადოების აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც IDFI-მ 2020 წელს ჩაატარა, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ბარიერებს შორის მოქალაქეები პირველ რიგში ასახელებდნენ საქმის განხილვის ხანგრძლივობას (58%), რაც მცირედით აღემატება ხელმისაწვდომობის ისეთ ბარიერს, როგორიცაა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (57%).

აღნიშნული საკითხის შესწავლას დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი“ და „დემოკრატიის ინდექსი“ შეეცადა, თუმცა ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ კვლევაზე მუშაობისას სასამართლო ხელისუფლებამ მათთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოთქვა და უარი უთხრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზეც. Სანაცვლოდ, კვლევის ავტორებმა ადვოკატებისა და პროკურორების გამოკითხვა ჩაატარეს, გააანალიზეს სასამართლოს სტატისტიკა და იხელმძღვანელეს საქართველოს შესახებ მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მონაცემებით.

Შედეგად, კვლევის ავტორების განცხადებით, დაასკვნეს, რომ სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ძირითადად განპირობებულია ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გაჭიანურებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში. კერძოდ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის სავარუდო საშუალო ხანგრძლივობა წლების განმავლობაში იზრდებოდა. 2018-დან 2020 წლამდე 1.5-2 ჯერ გაიზარდა და 400 დღეს გადააჭარბა.

2021-2022 წლებში კი, კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა მცირდება, ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა კი კვლავ ზრდადია. პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის სავარაუდო ხანგრძლივობა ბევრად აღემატება, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში უახლოვდება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

ამასთან, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ტერიტორიისა და დატვირთვის განსხვავებულობის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლოთა უმრავლესობა, ბოლო რამდენიმე წელია, ვერ ახერხებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონით დადგენილი 5-თვიანი საგამონაკლისოდ მაქსიმალური ვადის დაცვასაც კი.

Მიზეზი 1: მოსამართლეთა გადატვირთულობა

იურისტი კახა კოჟორიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას სასამართლოში დავების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეთა გადატვირთულობას ასახალებებს. ამავეს მოწმობს „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფისა“ და „დემოკრატიის ინდექსის“ საერთო კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ 2017-2022 წლების მონაცემებით, საქართველოს სასამართლო სისტემა ვერ უმკლავდება შემოსულ საქმეთა მზარდ ნაკადს, რაც იწვევს საქმეების დაგროვებასა და სასამართლოების/მოსამართლის გადატვირთულობას.

კვლევის ავტორების თქმით, სხვადასხვა სასამართლოში ვითარება განსხვავებულია. თუ რუსთავის სასამართლოს მოსამართლეს ერთდროულად 300 საქმე ჰქონია წარმოებაში, გურჯაანსა და ზუგდიდში ეს მაჩვენებელი 1000 საქმემდე აღწევს. კვლევის ავტორების განცხადებით, ერთდროულად, მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოებში საშუალოდ მერყეობს ერთ მოსამართლეზე 200-500 ფარგლებში და არასოდეს არის 138 საქმეზე ნაკლები.

მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად იურისტი კახა კოჟორიძე მოსამართლეების რაოდენობის ზრდას ხედავს. მართლაც, ზემოაღნიშნული კვლევაც მოწმობს, რომ 2017-2022 წლების განმავლობაში მოსამართლეთა არსებულ რაოდენობასა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულს შორის ყოველწლიურად 50-დან 100-მდე ვაკანტური თანამდებობა რჩებოდა.

მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლო კორსპუსში ვაკანტური ადგილების მუდმივ არსებობას, სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ინტერესს უკავშირებს, რათა სასამართლოში ახალი ადამიანების შედინება არ მოხდეს, რომლებზეც აღნიშნულ ჯგუფს ნაკლები გავლენა ექნება, თუმცა იურისტი ირაკლი კორძახია მიიჩნევს, რომ ამას შესაძლოა, სხვა მიზეზიც ჰქონდეს.

ადვოკატი ირაკლი კორძახია

როგორც კორძახია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, შესაძლოა, ე.წ. კლანის ინტერესში ისიც შედიოდეს, რომ სასამართლოში საქმეები მასობრივად ჭიანურდებოდეს, რათა ეს ბერკეტი იმ მოსამართლეების წინააღმდეგ გამოიყენონ, რომლებიც მათ მიმართ ლოიალურად არ არიან განწყობილნი:

„საქმეების გაჭიანურება შესაძლოა, იყოს სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ინტერესში. იურიდიულ წრეებში მოსმენილი მაქვს ეს აზრი, რომ ურჩევნიათ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს ვადაგადაცილება იმიტომ, რომ როცა დასჭირდებათ, ყველა მოსამართლის წინააღმდეგ ექნებათ თუნდაც ეს ბერკეტი“, — ამბობს იურისტი ირაკლი კორძახია.

ამის საილუსტრაციოდ ირაკლი კორძახიამ გაიხსენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ნინო ბაქაქურის შემთხვევა. მისი თქმით, მოსამართლის დისკრედიტაციის მიზნით სახელისუფლებო მედიაში უარყოფითი კამპანია აგორდა, თითქოს ის სუბიექტური მიზეზებით აჭიანურებდა საქმეების განხილვას. სიუჟეტში არც უხსენებიათ სხვა მოსამართლეები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ გაჭიანურებული საქმეები.

„სტატისტიკა რომ შევისწავლეთ, ვნახეთ, ნინო ბაქაქური უზენაესი სასამართლოს დანარჩენ მოსამართლეებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არღვევდა ვადას, არადა, სხვა მოსამართლეები კი არც უხსენებიათ რეპორტაჟში“, — იხსენებს ირაკლი კორძახია.

კვლევის — „საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში“ — ავტორები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა დავების დროულად განხილვას ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, კვლევის ავტორების გამოთვლით, თუ საქართველოს საერთო სასამართლოებში ყოველწლიურად სისტემაში შესული საქმეების რაოდენობასთან გამკლავება მხოლოდ მოსამართლეთა რესურსის გაზრდით მოხდება, არათუ საშტატო რიცხოვნობის შევსება, არამედ მისი გასამმაგებაა საჭირო:

„თუკი ამ პრობლემის გადაჭრას მხოლოდ მოსამართლეთა რესურსის გაზრდით შევეცდებით, ამ დატვირთულობასთან გასამკლავებლად არათუ საშტატო რიცხოვნობის შევსება, მისი გასამმაგებაა საჭირო. ეს ნიშნავს სისტემის დაახლოებით 1300 მოსამართლით დაკომპლექტებას, რაც ბევრად აღემატება მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის ნებისმიერ მეთოდს“ ,— აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ  მოსამართლეთა დატვირთულობის შემცირება (მოსამართლეთა რაოდენობის ზრდის ან საქმეთა ნაკადის შემცირების ხარჯზე) მხოლოდ საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ერთი არასაკმარისი კომპონენტია და საჭიროა მართლმსაჯულების მენეჯმენტში გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრა.

Მიზეზი 2: პრობლემები მართლმსაჯულების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში

„დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი“ და „დემოკრატიის ინდექსის“ კვლევაში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, მენეჯმენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქმეთა ნაკადის მართვასა და გაჭიანურების შემცირებაში. ამ მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017 წელს მენეჯმენტის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ვალდებულებად განისაზღვრა საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველწლიური შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში- იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა.

საქმეთა ნაკადის მართვის მდგომარეობის ანალიზისა და მოსამართლეთა ინფორმირების ვალდებულება კი სასამართლოს თავმჯდომარეებს დაეკისრათ, თუმცა კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ყველა მოსამართლემ აღნიშნა, რომ არასოდეს სმენიათ თავმჯდომარის ანგარიშების, მენეჯმენტის დეპარტამენტის რეკომენდაციების ან, ზოგადად, საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციის, პოლიტიკის არსებობის, ან მათი განხილვის შესახებ.

მოსაზრებას, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს დიდი როლი აკისრიათ, მოსამართლეებს შესაბამისი პირობები შეუქმნან, რათა თავიდან აიცილონ საქმეთა დაგროვება და გაჭიანურება, იზიარებს იურისტი ირაკლი კორძახიაც.

მისი თქმით, სწორედ თავმჯდომარემ უნდა დაადგინოს მიზეზები, რატომ ჭიანურდება საქმეები მის სასამართლოში და დაეხმაროს მოსამართლეებს, იქნება ეს აპარატის დაკომპლექტება თუ პროცესისი მართვის ტრენინგების ორგანიზება. თუმცა იურისტი აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, თავმჯდომარეების ამისთვის არ სცალიათ, რადგან თავს არ მიიჩნევენ ანგარიშვალდებულად მოსამართლეების წინაშე:

„ვინც დანიშნულია თავმჯდომარედ არა შესაბამისი უნარების ან გამოცდილების ფლობის, არამედ კლანისადმი ლოიალობის ნიშნით, იმას ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ობიექტურად იფიქროს მოსამართლეების დახმარებასა და მათი პროცესის მართვის უნარების გაუმჯობესებაზე.

Სამწუხაროდ, სასამართლო თავმჯდომარეებს არ ირჩევენ მოსამართლეები, შესაბამისად, ისინი ანგარიშვალდებული არიან არა მათ მიმართ, არამედ უშუალოდ მათი დამნიშნავი ორგანოს წინაშე. ისევ აქ არის გამონაკლისი სასამართლოები, თუმცა ეს გამონაკლისები მხოლოდ ადასტურებს საქართველოს სასამართლოში პრობლემის არსებობას“ ,— ამბობს ირაკლი კორძახია.

საქმეთა გაჭიანურების დამატებით სხვა მიზეზებზე საუბრობს ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი. მისი თქმით, განსაკუთრებით საოჯახო დავებზე სასამართლოებში არასწორი პრაქტიკაა დადგენილი და მოსამართლეები ცდილობენ, მხარეები მორიგებამდე მიიყვანონ, რათა არცერთი მხარე „წაგებული“ არ დარჩეს:

„პრაქტიკაა ძალიან ცუდი. როდესაც საქმე შედის ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, ან თუნდაც მეუღლეთა შორის არსებულ ქონებრივ დავებზე, სასამართლო განზრახ წელავს დროს თუნდაც ერთი წელიწადი, ორი წელიწადი, ვინაიდან სურს, რომ მხარეები მორიგდნენ და საქმე არ წააგოს ერთ-ერთმა მხარემ. როგორც წესი, სასამართლოსთვის განმსაზღვრელი არის ეს, იქნებ მხარეები მოარიგოს და ერთ-ერთი მხარისთვის სავალალო შედეგით არ დაასრულოს საქმე. თუმცა სასამართლოს ავიწყდება, რომ მისთვის უპირატესი უნდა იყოს ბავშვის ინტერესები და არა ის, რომელიმე მხარე დაზარალდება თუ არა“, — ამბობს იურისტი.

„საფარის“ წარმომადგენლის თქმით, სამოქალაქო დავებში ასევე პრობლემურია მოსარჩელისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისთვის  ჩაბარების ვალდებულებაც, რაც დავებს მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე თვით აჭიანურებს.

კერძოდ, იურისტი განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე ვალდებულია, სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია მოპასუხეს ჩააბაროს ფოსტის მეშვეობით, თუმცა მას შემხეგ, რაც მოპასუხე იგებს, რომ გზავნილი ყოფილი მეუღლისგანაა, ხშირად თავს არიდებს მის ჩაბარებას. ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტაცია ფოსტაში ბრუნდება და მოპასუხეს 20 დღე აქვს დოკუმენტაციის გასატანად. ამის შემდეგაც, ადვოკატის თქმით, თუ ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა, მხარე ვალდებულია მეორე მხარისთვის დოკუმენტაციის ჩაბარება მეორედ სცადოს:

„ორი თვის ვადას გვაძლევს სასამართლო მაგრამ ამ დროში ძალიან ხშირად ვერ უზრუნველვყოფთ ჩაბარებას იმიტომ, რომ ჩვენ გვევალდებულება, ორჯერ მაინც ვცადოთ ჩაბარება. თუ მაინც არ ჩაიბარა და გვაქვს ამის დადასტურება, შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ და ვთხოვოთ იძულებით, პოლიციის მეშვეობით მოხდეს მოპასუხის მოძიება და ჩაბარება.

თუ ესეც ვერ მოხერხდა, უკვე ვახორციელებთ შემდეგ შუამდგომლობის დაყენებას და ვითხოვთ, რომ საჯარო შეტყობინება გაკეთდეს და საჯარო შეტყობინების მეშვეობით მოხდეს ჩაბარების განხორციელება. მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მარტივი იქნებოდა, სასამართლო რომ იყოს ვალდებული მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარების, როგორც ეს ადმინისტრაციულ საქმეებშია“ , — ამბობს ადვოკატი.

Მიზეზი 3: გაჭიანურება მხარეთა მიზეზით

გარდა ზემოაღნიშნული მიზეზებისა, კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, საქმეების გაჭიანურებას ხელს მხარეებიც უწყობენ და თუ ამის ინტერესი გააჩნიათ, სხვადასხვა საპროცესო ბერკეტსაც იყენებენ საქმის განხილვის შეყოვნების მიზნით. ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, არც ადვოკატთა, არც პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი პირდაპირ არ ადგენს
პასუხისმგებლობას საქმის გაჭიანურების გამო.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატების 43% სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმეების დაყოვნების მიზეზად სწორედ მხარეების მიერ გაჭიანურებისკენ მიმართულ ქმედებებს ასახელებს. კვლევის ავტორების თქმით, მხარის მოტივაციაა ძირითადად მოსალოდნელი ნეგატიური შედეგის თავიდან აცილება ან გადავადება.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც კვლევის ფარგლებში გამოიკითხა, აცხადებდა, რომ „როცა არის შანსი, რომ პირი გამართლდეს, პროკურატურა სპეციალურად აჭიანურებს და ცდილობს, დიდხანს ამყოფოს პირი პატიმრობაში“.

ადმინისტრაციულ დავებზე კი, მოსამართლე რესპონდენტების აზრით, ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზია ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელი იურისტების ნაკლებობა, რაც პროცესების დამთხვევას იწვევს. ამ საქმეთა გაჭიანურებას შიდა ბიუროკრატია და ადმინისტრაციული მასალების დაგვიანებული მომზადება იწვევს. ამასთან, კვლევამ გამოკვეთა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ხშირად არ არიან დაინტერესებული საქმის დროული დასრულებით.

გარდა ამისა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რომ ადმინისტრაციული ორგანოები და პროკურატურა თითქმის ავტომატურად ასაჩივრებს ყველა წაგებულ საქმეს (მიუხედავად საჩივრის პერსპექტიულობისა), რაც იწვევს ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების გადატვირთვას.

Მიზეზი 4: შესაძლო კორუფციული ინტერესი?

იურისტი ირაკლი კორძახია „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი აზრით, სასამართლოში საქმეების გაჭიანურება ხშირად არ არის გამოწვეული ობიექტური მიზეზებით. ის იხსენებს სხვადასხვა კვლევას სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ რისკებზე, ასევ,ე სასამართლო სისტემის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირებას.

კორძახია საკუთარი პრაქტიკიდან ერთ საქმესაც იხსენებს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში  2015 წელს შევიდა და თითქმის 10 წელია, გადაწყვეტილება არ გამოსულა. მისი თქმით, საქმე ამჟამადაც უმოძრაოდ დევს უზენაეს სასამართლოში. საუბარია გერმანელი ბიზნესმენის, რიჩარდ სალერის საქმეზე, რომელიც „საქართველოს ბანკს“ 7 მილიონი ევროს ოდენობის ანაბრის მითვისებას ედავება:

„საქართველოს ბანკმა“ მიითვისა მისი 7 მილიონი ევრო ანაბარი სპორტის ყოფილ მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ფარული გარიგებით. საქმეს მესამეჯერ იხილავს უზენაესი სასამართლო. ეს საქმე უზენაესმა ორჯერ დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებით. ჩემმა კლიენტმა აპელაციაში ეს საქმე სამჯერ მოიგო, ახლა საქმე კვლავ უზენაესშია და ორ წელზე მეტია, რაც უმოძრაოდ დევს.

გამოდის, რომ საქმე შეტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოში 2015 წელს და თითქმის 10 წელია გასული და საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ არ არის გამოტანილი. გერმანიის ელჩმაც მისწერა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს კითხვა, თუ რატომ ირღვეოდა გერმანიის მოქალაქის საპროცესო უფლებები, რადგანაც ვადაში გაწელილი მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაზე უარის ტოლფასია“, — ამბობს ადვოკატი.

რიჩარდ სალერის საქმეზე საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა „სტუდია მონიტორმაც“. რეპორტაჟის ავტორებმა საქართველოს ბანკს საპასუხო კომენტარისთვის მიმართეს, „საქართველოს ბანკში“ კი განუცხადეს, რომ ორგანიზაციას „კეთილსინდისიერების“ და გულისხმიერების პრინციპი არ დაურღვევია“.

ამასთან, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს არბიტრაჟის ცნობა-აღსრულების ვადებზეც. ირაკლი კორძახია განმარტავს, რომ მათი განხილვა ერთი ინსტანციით, სააპელაციო სასამართლოში ხდება, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არც მოსამართლეთა რაოდენობა შემცირებულა და არც საქმეთა რიცხვი გაზრდილა მნიშვნელოვნად, თუ ადრე მათ განხილვას 3-4 თვე სჭირდებოდა, კორძახიას თქმით, ახლა საქმე 2 წლამდე გრძელდება:

„ვფიქრობ, არბიტრაჟის ცნობა-აღსრულების შეფერხების მიზანია, რომ არ განვითარდეს კერძო არბიტრაჟი საქართველოში. არბიტრაჟში კომერციული დავების წაღება ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ნაკლები გავლენა ექნება ასეთი დავის შედეგზე. შედეგად, მცირდება კორუფციის რისკი, რაც შეიძლება არ აწყობდეს კლანს, რადგან ე.წ. დიდი ფულის პალატაში აღარ მოხვდება კომერციულად საინტერესო საქმეები. გარდა ხელოვნური მიზეზისა, არბიტრაჟის ცნობა-აღსრულების გაჭიანურების სხვა მიზეზი არ ჩანს. თუმცა კარგი იქნებოდა ამ შეკითხვის დასმა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, მენეჯმენტისთვის“,— ამბობს ადვოკატი.

სტატიაში წამოჭრილი პრობლემების კომენტირებისთვის „ნეტგაზეთი“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, განუმარტა, რომ სტატია მზადდებოდა სასამართლოში საქმეთა გაჭიანურების პრობლემაზე და რესპოდენტის გამოძებნა ითხოვა, რომელიც გაგვესაუბრებობდა როგორც ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრისთვის ხედვებს გაგვაცნობდა. თუმცა საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რესპონდენტი ვერ გამონახეს და სტატია მათი პასუხის გარეშე გამოგვექვეყნებინა.


სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  ნეტგაზეთი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი