ახალი ამბები

დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა — გოლეთიანი ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ

16 აპრილი, 2021 •
დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა — გოლეთიანი ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ

ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შორის შეხვედრა დასრულდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოსული აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან “დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა”, თუმცა აქტივისტების მოთხოვნებზე სამუშაოდ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე იქნება საჭირო.

“ალბათ, ყველაზე უფრო კარგი ამ ამბავში არის ის, რომ გადავდივართ, ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა მათი მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი, იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისა:

  1. შეწყდეს ხეობაში რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები. აიღონ რკინის ფარდა, რომელიც დევს;
  2. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები;
  3. დავუბრუნდეთ მშვიდობიან პროტესტს ნამახვანში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები, რომლებიც დაგვირბიეს.

ამ პირობებზე ველოდებით მათგან პასუხებს. მათაც თქვეს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლიათ, პასუხები გაგვცენ ამ კითხვებზე, დაკმაყოფილდება თუ არა. შესაბამისად, მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებულნი, რა პასუხებს გაგვცემენ და ალბათ რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად”, — აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე განცხადებით, აქტივისტები გუმათში ბრუნდებიან და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, სწორედ ხსენებულ მოთხოვნებზე პასუხების მიღების შემდეგ გაირკვევა, დაიწყება კონსტრუქციული დიალოგი თუ კვლავ დაიგეგმება საპროტესტო აქციები.

გოლეთიანმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრაზე უშუალოდ ჰესის მშენებლობის საკითხებზე(მიწის საკითხი, ხელშეკრულების დეტალები და სხვ.) არ უსაუბრიათ, ვინაიდან ეს ყველაფერი არ შედის იმ ადამიანთა კომპეტენციაში, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ესწრებოდნენ შეხვედრას.

სამუშაო შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა. ის მედიისთვის დახურული იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქუთაისში ჩავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

ასევე იქ იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

“რიონის ხეობის მცველების” მხრიდან მათ ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი, მირზა ნოზაძე და მაკა სულაძე შეხვდნენ. პარალელურად, შენობასთან ჰესის მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეები რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი