ახალი ამბები

11-თვიანი წყვეტის შემდეგ, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს — რ2

10 აპრილი, 2021 • 1235
11-თვიანი წყვეტის შემდეგ, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს — რ2

თითქმის 1-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველო უკრაინაში თავის ელჩს აბრუნებს. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, “რუსთავი2”-თან ისაუბრა.

ამ პოზიციაზე კვლავ თეიმურაზ შარაშენიძე გამწესდება, რომელიც ქართულმა მხარემ გასულ წელს, “კონსულტაციებისთვის” გამოიწვია.

ტელეარხთან საუბრისას ზალკალიანი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ ასეთ დროს საქართველოს ელჩის ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია.

“ახლა იმის დროს არ არის, ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით… ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიურად, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.

ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაზარალდა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ… მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინი გაგებით იმ ნაბიჯს, რომელიც გადავდგით…” — აღნიშნა მან.

“ნეტგაზეთის” არქივიდან: ერთი წელი ხდება, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ახლა ზალკალიანი ამბობს, რომ ორმხრივ ურთიერთობებზე “ახლებურად შეხედვის” დროა:

“დადგა დრო, რომ კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამომდინარე ამ ბოლო 11 თვის საქმიანობიდან და იმ ანალიზზე დაფუძნებით, რა ზიანიც მიადგა [მათ].

პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს, რადგანაც უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპულ უსაფრთხოებას. ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება და იქ მიმდინარე ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან”.

რა ხდება უკრაინაში?

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლების სიცოცხლე.

მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა და უკრაინელთა პოზიციები მოინახულა.

გირჩევთ წაიკითხოთ: ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან:

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი