ახალი ამბები

დაძაბულობის ფონზე ზელენსკი დონბასში ჩავიდა

8 აპრილი, 2021 •
დაძაბულობის ფონზე ზელენსკი დონბასში ჩავიდა

უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 8 აპრილს, დაძაბულობის ზრდის ფონზე, დონბასში ჩავიდა.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოინახულა პოზიციები დაცვის წინა ხაზი, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტები“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სახელმწიფოს მეთაურმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა: „თქვენ ხართ გმირობისა და თავდადების ნამდვილი მაგალითები. ჩვენ ყოველი მეომარი გვახსოვს, რომელიც ქვეყნის დაცვისას დაიღუპა“, – განაცხადა მან.

რა ხდება?

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლები.

მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”.

გირჩევთ წაიკითხოთ: ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი