ახალი ამბები

ერთი წელი ხდება, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს

8 აპრილი, 2021 • 3859
ერთი წელი ხდება, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი გამოწვეული ჰყავს

საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი და საერთო ინტერესები აქვთ. მიუხედავად ამისა, ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოდან ელჩი გამოწვეული ჰყავს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, იგეგმება თუ არა გადაწყვეტილების გადახედვა და კონსულტაციებისთვის გამოწვეული ელჩის კიევში დაბრუნება.

რატომ გამოიწვიეს ელჩი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

“სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონ თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კიევი გაგებით ეკიდება ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილებას. თუმცა ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა წუხილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება.

“არ მჯერა, რომ ერთ ადამიანს, თუნდაც ეს ადამიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე იყოს, შეეძლოს ორი ქვეყნის მოქალაქეების კეთილი ნება დააზიანოს, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ვართ პარტნიორები, მეგობრები, ვართ სტრატეგიული პარტნიორები — არა მხოლოდ პრეზიდენტები და ორი ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ხალხი. ხალხის კეთილი ნება გვიბიძგებს ოფიციალურ პირებსა და ხელისუფლებებს, რომ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია გარკვეული გავლენის მქონეა და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საქართელოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება. ეს არ ეხმარება ვითარებას”, – განაცხადა დოლგოვმა.

“კარგი დროა ელჩის დასაბრუნებლად”…

“რონდელის ფონდის” უფროს მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც თავად იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში (1994-1998 წწ), ქართულ დიპლომატიურ პრაქტიკაში ელჩის გამოწვევის სხვა მსგავს შემთხვევას ვერ იხსენებს.

“ამაზე უფრო მკაცრი დიპლომატიური დემარში ჩვენი მხრიდან გახლდათ მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რამდენიმე ქვეყნასთან, რომლებმაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარეს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ზომას — ელჩის გამოწვევას — საქართველო მიმართავდა ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ამას მოვესწარით. ეს თავიდანვე წინდაუხედავი და მოუფიქრებელი ნაბიჯი იყო, ვინაიდან საქართველო-უკრაინის ურთიერთობების მთელი სპექტრი – პოლიტიკური, ეკონომიკური, საინვესტიციო, ჰუმანიტარული და ა.შ. — არის გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი ცალკე აღებული მოღვაწის ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნის თემა”, – ამბობს ჩეჩელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ჩეჩელაშვილი განმარტავს, რომ ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს ელჩის თანამდებობის გაუქმებას და დიპლომატიური მისიის უმაღლესი დონის დაწევას, მაგრამ ამ შემთხვევაში არის კონკრეტული გზავნილი, რომ სახელმწიფო უკმაყოფილოა ელჩის ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქმედებით.

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ,არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დე ფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მებრძოლები. მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”. კიევის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს პოლონეთის, ბალტიისპირეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს კარგი დროა საქართველოს ელჩის კიევში დასაბრუნებლად, რაც სწორი პოლიტიკური გზავნილი და უკრაინის მხარდაჭერის გამოხატულება იქნებოდა.

“შექმნილ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინასთან ერთად ბარიკადების სწორ მხარეს. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იქნებოდა პოლიტიკური გზავნილი კონკრეტულად ელჩის დაბრუნების სახით. ელჩის დაბრუნება ახლა იქნებოდა სწორი, დროული პოლიტიკური ნაბიჯი. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით არ ხდება”, – ამბობს ჩეჩელაშვილი.

აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ “შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით”.

ზალკალიანის სატელეფონო საუბარს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას წინ უძღოდა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის მხრიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკა უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო.

“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობას მსოფლიო საზოგადოებისგან, როცა კრინტს არ ძრავთ, როცა [რუსეთი] თქვენს მეზობელს ემუქრება”, – დაწერა ილვესმა.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა “ნეგტაზეთის” კითხვას, განიხილება თუ არა კიევში ელჩის დაბრუნების საკითხი. ასეთი რეკომენდაცია არ აქვთ საგარეო უწყებისადმი საკანონმდებლო ორგანოშიც, რომელმაც საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციით განაცხადა, რომ პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით.

“ის, რომ ელჩი ადგილზე არ არის, მე ვფიქრობ, არ აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, რომელიც თითქმის ერთი წელია თბილისში იმყოფება, თეიმურაზ შარაშენიძეა. ის პოსტზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.

საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში, საქართველო-უკრაინის თანამშრომლობა არსებითია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, მათ შორის, “ტრიო +” ინიციატივის მიმართულებით.

IRI-ის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, აშშ-ისა და ევროკავშირის მერე უკრაინას განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი