ახალი ამბები

სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

7 მაისი, 2020 • 3571
სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა ხელი.

“გულწრფელად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს. მჯერა, ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ნაციონალურ საბჭოს და დაეხმაროს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ცხოვრებას” ,– აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

მანამდე, 22 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ მმართველი პარტიის ცნობით, ეს ტყუილი იყო, რადგან კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

შესწორება: მანამდე სტატიაში შეცდომით ეწერა, რომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

ამავე თემაზე

“მჯერა, ის შეძლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს” – ზელენსკი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი