ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დე ფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მებრძოლები. მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.
ნეტგაზეთი შეეცადა მიეღო პასუხები კითხვებზე კონფლიქტის, მასში მონაწილე მხარეების, მათი მიზნებისა და უშუალოდ დაპირისპირების შესაძლო განვითარების შესახებ. ასევე, გაგვერკვია, თუ რა როლი ენიჭება დასავლეთს კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში. ამ და სხვა კითხვებით უკრაინაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ვალერი ჩეჩელაშვილს მივმართეთ.
ვალერი ჩეჩელაშვილი თავისი კარიერის განმავლობაში, გარდა უკრაინისა, იყო ელჩი ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია. აგრეთვე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასა და სუამში.
პირველ რიგში, დავიწყოთ იმის ახსნით, თუ რას უკავშირდება მხარეთა შორის ცეცხლის განახლება და რა არის მასში ჩართული მხარეების ინტერესები?
აშკარაა, რომ რუსეთი ახდენს ვითარების ესკალაციას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მან გადაისროლა დიდძალი ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამ დროს ისმის კითხვა, რატომ აკეთებს ამას დღეს, როდესაც თავად არ არის სახარბიელო ვითარებაში და აქვს არაერთი პრობლემა. მე აქ ვხედავ რამდენიმე მიზეზს. პირველი: პუტინი თავს გრძნობს შეურაცხყოფილად. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მას ჯერ უწოდა მკვლელი, ხოლო მოგვიანებით, უარი განაცხადა მასთან კომუნიკაციაზე, მან თავი დამცირებულად იგრძნო. პუტინს აქვს პრეტენზია, რომ ის რამოდენიმე ძლიერ ლიდერთან, პირველ რიგში, ამერიკისა და ჩინეთის ლიდერებთან ერთად, მართავს ვითარებას მთელ მსოფლიოში. ახლა ირკვევა, რომ მას მოლაპარაკების მაგიდაზეც [აშშ-თან] უარს ეუბნებიან. მე ვფიქრობ, ეს მასში გაღიზიანების მიზეზია და ახლა ცდილობს, რომ მოლაპარაკების მაგიდას ყველანაირად დაუბრუნდეს და ერთ-ერთი ხერხი არის ესკალაცია, ან ძალის დემონსტრირება უკრაინის საზღვარზე. და მეორე: პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაიწყო რუსული “მეხუთე კოლონის” დემონტაჟი უკრაინაში. ეს, პირველ რიგში, ეხება ცნობილი ფიგურის, ვიქტორ მედვედჩუკის შევიწროებას, რომელიც არის პუტინთან დაახლოებული პირი და ესეც არის გაღიზიანების მიზეზი.
თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთი საკუთარ ძალებს კრებს უკრაინის საზღვართან. შეიძლება თუ არა ველოდოთ კიდევ ერთ, სრულმასშტაბიან კონფლიქტს?
მე ვფიქრობ, რომ შეიძლება. ეს არ არის გამორიცხული. “ბუნკერის ბინადარს” რა მოუვა თავში, არავინ იცის. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პუტინი წაქეზებულია საკუთარი გარემოცვის მხრიდან. ისინი პუტინს უბიძგებენ ამ ნაბიჯისკენ, რათა ამ სახით მოიშორონ იგი რუსეთის პოლიტიკიდან, თუმცა ეს იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ნაბიჯი პუტინის მხრიდან, რადგან აშშ-მა გამოუცხადა ღია მხარდაჭერა უკრაინას.
შედგა კორესპონდენცია ორი ქვეყნის ლიდერებს შორის. ბაიდენი ესაუბრა ზელენსკის. ამერიკა [კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში] ძალიან მკაფიოდ დაუჭერს მხარს უკრაინას. თუ რუსებს ჰგონიათ, რომ ბაიდენი მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება, ეს არის გამორიცხული.
კონფლიქტის პარალელურად, უნდა ველოდოთ თუ არა დასავლეთის უფრო მკაფიო პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის, დასავლეთის მიერ ყირიმის ანექსიისას დროს გამოვლენილი რეაქციის გათვალისწინებით?
რა თქმა უნდა, იქნება უფრო მკაფიო რეაქცია [ვიდრე წინა წლებში]. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენს, გარდა საკუთრივ ამერიკელი სამხედროების გაგზავნისა უკრაინაში. რაც შეეხება დანარჩენს, ტექნიკური სამხედრო შეიარაღება და ასე შემდეგ, ისინი უკრაინას დაეხმარებიან. ეს საკითხი გახდა ამერიკის ავტორიტეტისა და რეპუტაციის საკითხი. ამერიკა ბრუნდება, ის აძლიერებს ტრანს-ატლანტიკურ კავშირებს. მას გამოცხადებული აქვს, რომ მისი მთავარი მეტოქე არის ჩინეთი, თუმცა, თუ ევროპაში, ამ შემთხვევაში უკრაინაში, თუ რუსეთმა მოახერხა აშშ-ის პარტნიორის დამარცხება, მაშინ ვაშინგტონის რეპუტაციასა და ავტორიტეტს დიდი ზიანი მიადგება, მათ შორის, შორეულ აღმოსავლეთში, რა დროსაც შეიქმნება ძალის ვაკუუმი, რომელსაც ძალიან სწრაფად შეავსებს ჩინეთი.
ამიტომ ვაშინგტონს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაუშვას უკრაინის დამარცხება რუსეთთან ომის ახალი ფაზის დაწყების შემთხვევაში.
გარდა სამხედრო დახმარებისა, მე ვფიქრობ, რომ სამი მთავარი მიმართულებით იქნება დარტყმა რუსეთზე: პირველი, ეს არის გათიშვა საერთაშორისო ბანკთაშორისი საგადასახადო სისტემიდან, SWIFT-იდან, მეორე – ნავთობის ემბარგო და მესამე – რუსული ერთი ტრილიონი დოლარის დაყადაღება, რომელიც არის მსოფლიოს სხვადასხვა ბანკების ანგარიშებზე.
ეს ყოველივე ტექნიკურად შესაძლებელია, ნებისმიერი მყიდველი რუსული ნავთობისა აშშ-ის მიერ მოექცევა სანქციების ზეწოლის ქვეშ და, გარწმუნებთ, საერთშორისო ბაზარზე არის საკმარისი მიწოდება იმისთვის, რომ ქვეყნები გადაერთონ სხვების მიერ წარმოებულ ნავთობზე. რაც შეეხება SWIFT-ს, ეს არაა რთული. ეს არის განახლებადი სისტემა, რომელიც პროგრამულად ახლდება რეგულალურად, განახლებულ ვერსიას არ მიაწვდიან რუსეთს, რაც მის გამოთიშვას გამოიწვევს. რაც შეეხება ტრილიონ დოლარს, ყველამ კარგად იცის, რომელი ოლიგარქის ფულია დალექილი დასავლეთის ბანკების ანგარიშებზე და ისინი უბრალოდ გაყინავენ ამას.
თქვენ საუბრობთ ტრანს-ატლანტიკურ კავშირებზე. უკრაინის დასავლური მხარდაჭერა არის მხოლოდ ამერიკის სურვილი, თუ ეს არის საერთო მხარდაჭერა, მათ შორის ნატოს ფორმატში, რადგან ჩვენ ვნახეთ შედარებით მოზომილი განცხადებები საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მხრიდან.
ისინი ცდილობენ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, როგორც “ნორმანდიული ფორმატის” წევრი ქვეყნები. შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირი სიძლიერით ზელენსკის მხარს დასავლეთის ყველა ლიდერი არ უჭერს, მაგრამ აქ არის ბაიდენის პოზიცია გადამწყვეტი. ბაიდენსა და სტოლტემბერგს რომ მოუსმინოთ, ეს არის ცალსახად უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია.
მერკელი შედარებით ზომიერია, მაგრამ მკაფიო პოზიცია აქვს, რაც გამოიხატება მისი ადმინისტრაციის ქმედებებში, მათ შორის რუსეთის გაკრიტიკებაში ნავალნის საკითხთან დაკავშირებით. მაკრონი კიდევ უფრო ზომიერია, მაგრამ გასაგებია, რომ სადაც ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და მერკელი იქნებიან, იქ იქნება მაკრონიც. რა თქმა უნდა, მაკრონი არ დაუჭერს მხარს პუტინს.
სხვა კომუნიკაციებს ზელენსკი ძალიან კარგად ახერხებს. ამჟამად უკრაინის არმია გაცილებით კარგადაა მომზადებული ამ კონფლიქტისთვის, ვიდრე 2014 წელს. ის არ არის “ხელწამოსაკრავი ძალა”.
დასავლეთის მიერ გამოხატული მხარდაჭერის პარალელურად, რაზე მიანიშნებს ის, რომ ამ დროის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ქართული მხარის მხრიდან ანალოგიური პოზიცია?
ჩვენ უკვე ვაგვიანებთ. ამ ფონზე ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ელჩი კიევში. ეს იქნებოდა ძალიან კარგი პოლიტიკური გზავნილი ამ დროს. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავდგეთ ბარიკადების სწორ მხარეს. ჩვენ არანაირი პერსპექტივა არ ვგაქვს საკუთარი კონფლიქტების დარეგულირების, თუ ჩვენ გვერდით არ იქნებიან სტრატეგიული მეგობრები, როგორიცაა ნატო, ევროკავშირი და მათ შორის უკრაინაც.
ჩვენ რომ გვქონდეს ამ პარტნიორების მხარდაჭერა მომავალში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება, ახლა უნდა ჩამოვაყალიბოთ ნათელი [მხარდამჭერი] პოზიცია. არ გამოვა, რომ რუსეთზე არაფერი არ ვთქვათ და შემდეგ მოვინდომოთ, რომ ჩვენი პარტნიორები გვერდით ამოგვიდგნენ. ასე ჩვეულებრივ მეგობრობაშიც არ ხდება.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღემდე არ არის ჩამოყალიბებული და გახმოვანებული პოზიცია. მე იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამაზე ფიქრობენ. მართალია, უკვე დაგვიანებულია, მაგრამ უახლოეს საათებსა და დღეებში საკუთარ პოზიციას გააჟღერებენ.
ინტერვიუ ჩაიწერა 7 აპრილს. ჩაწერიდან მალევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაავრცელა საკუთარი თვითერის პოსტით ინფორმაცია, რომ ესაუბრა უკრაინელ კოლეგას.
“გავცვალეთ ინფორმაცია რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე”, — ნათქვამია ზალკალიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის გამო.
“საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.
თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”.
კიევის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს პოლონეთის, ბალტიისპირეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოემა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”.