ახალი ამბები

იღებს თუ არა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან? – სენატორის კითხვა და სახ.დეპის მაღალჩინოსნის პასუხი

24 მარტი, 2021 •
იღებს თუ არა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან? – სენატორის კითხვა და სახ.დეპის მაღალჩინოსნის პასუხი

აშშ-ის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან, სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა ჯორჯ კენტს, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჰკითხა, „რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან იღებს“.

„ნეტგაზეთი“ მის კითხვასა და კენტის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

ჯინ შაჰინი: — „როცა 2012 წელს საქართველოში ვიყავით, ივანიშვილს, რომელიც განიხილებოდა „ქართული ოცნების“ მამად და აფინანსებდა პარტიას, აკრიტიკებდნენ რუსეთთან ძალიან ახლოს ყოფნისა და რუსეთისგან ბრძანებების მიღების გამო. იგი ამას უარყოფდა და, როგორც მე ვიცი, აგრძელებს ამის უარყოფას, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“. თუმცა, რამდენად ვფიქრობთ, რომ ამ [კრიტიკაში] არის სიმართლე და რამდენად ვართ შეწუხებულნი იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება არ იგრძნოს თავი თავისუფლად საკუთარი გადაწყვეტილების მიღებაში ამ კრიზისის გადალახვისთვის, იმიტომ, რომ მას სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის?

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი:  — „ვფიქრობ, თამამად შეიძლება შეფასდეს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობით, რასაც მოჰყვა მის მიერ ამ თანამდებობის ფორმალურად დატოვება, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს. მათ კვლავ სურთ NATO-ს წევრობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნათელია — ეს არის არა მარტო ქართველთა მინიმუმ 3/4-ის არჩევანი, ის ასევე არის „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი გზა, რომლის სათავეშიც, ფორმალურად, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად, როგორც პარტიის დამფუძნებელი, არის ბიძინა ივანიშვილი.

ვფიქრობ, როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, ეს ერთგულება საქართველოს გზისადმი და მათი სტრატეგიული მიზანი ნათელია. მიმაჩნია, რომ ეს მოსმენა ეხება იმას, თუ რამდენად ერთგულია საქართველო ღირებულებებისა, რომელიც ქვეყანას ამ გზაზე წაიყვანს. NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის საზოგადოება ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ ღირებულებებს. ჩემი აზრით, ეს არის საბოლოო გამოცდა [საქართველოსთვის] და მიზეზი, თუ რატომაცაა თქვენ მიერ დანიშნული მოსმენა ასეთ მნიშვნელოვანი თემაზე საქართველოს მომავლისთვის“.

იხილეთ აგრეთვე:

რას წარმოადგენს ეს ქვეკომიტეტი?

როგორც აშშ-ის სენატის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ქვეკომიტეტი ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში „დაკავებულია ყველა საკითხით, რომელიც ეხება აშშ-ის ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, NATO-სთან და რეგიონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია [ეუთო]. ქვეკომიტეტის რეგიონალურ პასუხისმგებლობაში შედის, მათ შორის — ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა; დანაშაული და ნარკოტიკული საშუალებები; აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამები; აშშ-ის ვაჭრობისა და ექსპორტის წინ წაწევა და გლობალური პასუხისმგებლობა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

კომიტეტის წევრები — დააჭირეთ სანახავად

უმრავლესობა [დემოკრატიული პარტია]:

  • ჯინ შაჰინი [ნიუ ჰემფშირი]
  • ბენ კარდინი [მერილენდი]
  • კრის მერფი [კონექტიკუტი]
  • კრის ვან ჰოლენი [მერილენდი]
  • კრისტოფერ კუნსი [დელავერი]

უმცირესობა [რესპუბლიკური პარტია]

  • რონ ჯონსონი [უისკონსინი]
  • ჯონ ბარასო [უაიომინგი]
  • მიტ რომნი [იუტა]
  • რობ პორტმენი [ოჰაიო]
  • ტოდ იანგი [ინდიანა]

მასალების გადაბეჭდვის წესი