აშშ-ის სენატორმა აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიმ რიშმა ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მედია, სასამართლო და პოლიტიკური ცხოვრების დიდი ნაწილი „ოლიგარქის“ მზარდი გავლენიის ქვეშაა.
„ნეტგაზეთი“ მის გამოსვლას უცვლელად და სრულად გთავაზობთ:
„მე და სენატორ შაჰინს ამ საკითხზე ბევრი გვისაუბრია. ჩვენი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ახლოსაა, დაწყებული 2012 წლიდან, როცა საქართველოში ჩავედით არჩევნებზე დასაკვირვებლად. 1991 წლიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან, საკმაო პროგრესი იყო დემოკრატიის აშენებასა და საბაზრო ეკონომოკური რეფორმების იმპლემენტაციაში.
საქართველომ გააკეთა ეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს 2008 წლიდან მისი ტერიტორიების 1/5 უკანონოდ აქვს ოკუპირებული. საქართველო ასევე არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში და აქვს ამბიციები, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, რასაც ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს მხარს უჭერს.
როგორც უკვე ვთქვი, მე და სენატორი [ჯინ] შაჰინი ვიყავით საქართველოში 2012 წელს. მე ძალიან მოხიბლული ვიყავი და მართლა მჯეროდა, რომ ქვეყანა ახლოს იყო სწრაფ სტარტთან. არჩევნების შემდეგ დილას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით ორივე მხარის ბანაკში — როგორც წაგებული, ასევე გამარჯვებული მხარის. ჩვენ შევხვდით პარტიების ლიდერებს — ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს.
მინდა გითხრათ, რომ განწყობა ორივე ბანაკში იყო ისეთი, როგორც ამერიკაში არჩევნების შემდეგ. გამარჯვებულები თავს გრძნობდნენ გამარჯვებულებად, წაგებულები — წაგებულებად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი ორივე მხარესთან, ისინი აკეთებდნენ წინდაუხედავ განცხადებებს, რაც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ, მაშინ, როცა მთელი ღამე ფეხზე იყავი.
ვუსმენდი კომენტარებს და ცოტა ხანში ძალიან ოპტიმისტურად განვეწყვე, რადგანაც მხარეები დათანხმდნენ შეხვედრაზე, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით კიდეც. რაც დრო გადიოდა, იმედები ნელ-ნელა გვიცრუვდებოდა — ადგილი ჰქონდა უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ დევნას და, როგორც შეგვეძლო, ვამბობდით, რომ ეს არ იყო საუკეთესო გზა.
ამასთან ერთად, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ დემოკრატია ქვეყანაში უკან მიიწევს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც საქართველო უკეთესს იმსახურებს და არის უნიკალურ პოზიციაში, როცა შეუძლია თავი დააღწიოს პოსტსაბჭოთა ისტორიას.
რაც ხდება ახლა, არის ოლიგარქის მზარდი გავლენა მედიაზე, სასამართლოზე და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. ამჟამინდელ კრიზისზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი დაპირისპირების, წარუმატებელი რეფორმების კულმინაციაა, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა გაიზიაროს. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ წინსვლის გაგრძელება და უთანხმოების გვერდზე გადადება მათი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე.
როცა ჩვენ შევხვდით ბატონ სააკაშვილს. ის დაჟინებით ამბობდა, რომ არ დაეხმარებოდა ძალაუფლების გადაცემის პროცესს. მე ვკითხე, გაუგია თუ არა მას ოდესმე ჯორჯ ვაშინგტონზე. მან მითხრა რომ კი, ყველას გაუგია ჯორჯ ვაშინგტონზე. მე ვუთხარი, რომ ის ჩვენი პირველი პრეზიდენტი იყო და 200 წლის შემდეგ, როცა ეს არჩევნები იქნება პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენ შესახებ, როგორც საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, რომელმაც ასეთი არჩევნები გაიარა. როგორ გინდა, რომ დაგიმახსოვრონ? როგორც ჯორჯ ვაშინგტონი, თუ როგორც ადამიანი, რომელსაც წაგება არ შეუძლია და ქვეყანაზე მეტად საკუთარი თავი ადარდებს? იგი ყურადღებით მისმენდა, არა ჯინ? [მიმართავს სენატორ ჯინ შაჰინს — რედ.].
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე. ეს კონფლიქტი აზიანებს ქვეყანას და ხალხს და კარს უღებს რუსეთს. ვიცი, რომ ჩვენი ელჩი თბილისში, კელი დეგნანი და საელჩოს გუნდი დაუღალავად მუშაობდა მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის და შეთანხმების პოვნისთვის. დიდად ვაფასებ მათ შრომას. მესმის, რომ გადაიდგა პატარა ნაბიჯი უკან, მაგრამ მოვუწოდებ მათ გააგრძელონ და აუცილებლად მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები და სცადონ აქედან [არსებული ვითარებიდან] გამოვიდნენ.
საქართველო კრიტიკულ მომენტშია. თუ ის არ აამუშავებს თავის დემოკრატიას ახლა, არ ვიცი, როდისღა შეძლებს ამას. ის დაკარგავს შესაძლებლობას, შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს. პოლიტიკური ლიდერები უნდა შეთანხმდნენ და დაასრულონ ეს კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რეფორმები, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მომავალი“.
იხილეთ აგრეთვე ჯინ შაჰინის გამოსვლა:
რას წარმოადგენს ეს ქვეკომიტეტი?
როგორც აშშ-ის სენატის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ქვეკომიტეტი ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში „დაკავებულია ყველა საკითხით, რომელიც ეხება აშშ-ის ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, NATO-სთან და რეგიონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია [ეუთო]. ქვეკომიტეტის რეგიონალურ პასუხისმგებლობაში შედის, მათ შორის — ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა; დანაშაული და ნარკოტიკული საშუალებები; აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამები; აშშ-ის ვაჭრობისა და ექსპორტის წინ წაწევა და გლობალური პასუხისმგებლობა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.
კომიტეტის წევრები — დააჭირეთ სანახავად
უმრავლესობა [დემოკრატიული პარტია]:
- ჯინ შაჰინი [ნიუ ჰემფშირი]
- ბენ კარდინი [მერილენდი]
- კრის მერფი [კონექტიკუტი]
- კრის ვან ჰოლენი [მერილენდი]
- კრისტოფერ კუნსი [დელავერი]
უმცირესობა [რესპუბლიკური პარტია]
- რონ ჯონსონი [უისკონსინი]
- ჯონ ბარასო [უაიომინგი]
- მიტ რომნი [იუტა]
- რობ პორტმენი [ოჰაიო]
- ტოდ იანგი [ინდიანა]