ახალი ამბები

ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე

23 მარტი, 2021 • 1316
ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე

აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის ჩატარების საჭიროებას და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ატარებენ და ყოველი დღე, როცა პარლამენტის სკამები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“.

„ნეტგაზეთი“ მის გამოსვლას მთლიანად და უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველომ დიდი გზა გაიარა დროის შედარებით მცირე მონაკვეთში, რაზეც, ჩემი აზრით, ყველანი ვთანხმდებით. საქართველომ იმუშავა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის და გაძლიერებისთვის, გზა რთული იყო, მაგრამ მთლიანობაში ტრაექტორია — პოზიტიური.

2012 წელს მქონდა პატივი, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯიმ რიშთან ერთად, ჩავსულიყავი საქართველოში და არჩევნებს დავკვირვებოდი, როცა „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია. არჩევნები მნიშვნელოვანი იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, რაც კრიტიკულად აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. იქიდან მოყოლებული საქართველოს დემოკრატიამ ბევრი გამოცდა გაიარა, მაგრამ მთლიანობაში ის ძლიერდებოდა და ღრმავდებოდა.

საქართველო ასევე გამოხატავს სურვილს, გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერ. საქართველო არის NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე — ეს ზუსტად ის გზაა, რომელიც ახალმა დემოკრატიებმა უნდა გაიარონ. საქართველოს ამ გზას სენატში ორივე პარტია უჭერს მხარს.

თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარება საქართველოში კრიტიკულია. საქართველო ან იქნება დემოკრატიული, ან მრავალი წლის შრომა წყალში ჩაიყრება. მართალია, ეუთოს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ვციტირებ,  იყო კონკურენტული და ეფექტურად ადმინისტრირებული, მიუხედავად პანდემიური გამოწვევებისა,  თუმცა ხაზი გაუსვა საარჩევნო სისტემის რეფორმების გატარების აუცილებლობას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ამ რეფორმის სწრაფი გატარებისკენ.

ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს საიმედო მექანიზმები უთანხმოებების მოგვარებისთვის, მექანიზმები, რომლებიც სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე მხარის მიერ.

აშშ უკვე დიდი ხანია არის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირე. ასეა დღესაც. თუმცა ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთგული. უფრო ნათელი რომ იყოს, საქართველოს ერთგულება დემოკრატიისადმი ნაჩვენები უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, განურჩევლად იმისა, არიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში. იმპერატიულია, რომ მთავრობამ გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად და აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კრიზისიდან გამოსვლისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა ყურად უნდა იღებდეს ხალხის ნებას, მაგრამ წარმატებულმა დემოკრატიამ ისე უნდა იფუნქციონიროს, რომ დააკმაყოფილოს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნები. ახლა, საქართველოში არსებული ჩიხური ვითარების გათვალისწინებით, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია.

რუსეთი იგებს უწესრიგობით და ქაოსით. ოპოზიციის წევრების მიერ ციხეში გატარებული ყოველი დღე რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა ადგილები საქართველოს პარლამენტში ცარიელია, ზიანის მომტანია ქართველი ხალხისთვის და რუსეთის გამარჯვებაა.

ამიტომ ვარ გაოცებული და იმედგაცრუებული, რომ ყველა მხარემ დაუშვა, კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელებულიყო. დღეს ორივე მხარეს მოვუწოდებ, რეალურად კი, ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და ამის ნაცვლად იფიქრონ ქართული დემოკრატიის გაძლიერებასა და გამყარებაზე“.

რას წარმოადგენს ეს ქვეკომიტეტი?

როგორც აშშ-ის სენატის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ქვეკომიტეტი ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში „დაკავებულია ყველა საკითხით, რომელიც ეხება აშშ-ის ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, NATO-სთან და რეგიონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია [ეუთო]. ქვეკომიტეტის რეგიონალურ პასუხისმგებლობაში შედის, მათ შორის — ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა; დანაშაული და ნარკოტიკული საშუალებები; აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამები; აშშ-ის ვაჭრობისა და ექსპორტის წინ წაწევა და გლობალური პასუხისმგებლობა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

კომიტეტის წევრები — დააჭირეთ სანახავად

უმრავლესობა [დემოკრატიული პარტია]:

  • ჯინ შაჰინი [ნიუ ჰემფშირი]
  • ბენ კარდინი [მერილენდი]
  • კრის მერფი [კონექტიკუტი]
  • კრის ვან ჰოლენი [მერილენდი]
  • კრისტოფერ კუნსი [დელავერი]

უმცირესობა [რესპუბლიკური პარტია]

  • რონ ჯონსონი [უისკონსინი]
  • ჯონ ბარასო [უაიომინგი]
  • მიტ რომნი [იუტა]
  • რობ პორტმენი [ოჰაიო]
  • ტოდ იანგი [ინდიანა]

მასალების გადაბეჭდვის წესი