ახალი ამბები

მაკდონალდი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაამტკიცოს ODIHR-ის რეკომენდაციები

23 მარტი, 2021 • 1102
მაკდონალდი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაამტკიცოს ODIHR-ის რეკომენდაციები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდი სენატში საქართველოს საკითხზე განხილვისას სიტყვით გამოვიდა და ხელისუფლებას ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.

მაკდონალდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნა, ის არ შეეხო ისეთ მნიშნველოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო დავების სამართლიანად განხილვის პროცესი:

“ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე – ეს ძირს უთხრის თავად ქართველების რწმენას საკუთარ დემოკრატიაზე. “ოდირის” სადამკვირვებლო მიისიის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მას ნაკლოვანებები გააჩნდა. მათ შორის არის ბრალდებები დარღვევებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი მკაფიო არ იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის დომინირებაზე საარჩევნო კომისიებში.

მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში პარლამენტმა გაატარა “ოდირის” რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმების ნაწილი, პარლამენტმა არ მიიღო კრიტიკული და გრძელვადიანი რეფორმები, რომელიც სააარჩევნო დავების სამართლიანად განხილვის პროცესს ეხებოდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაამტკიცოს “ოდირის” რეკომენდაციები”, – ამბობს სახლემწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

სიტყვით გამოსვლაში კარა მაკდონალდმა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმის საჭიროებაზეც ისაუბრა და სისტემაში არსებულ გავლენიან მოსამართლეებზეც გაამახვილა ყურადღება. ასევე, ისაუბრა პოლარიზებულ მედიაგარემოსა და ზეწოლაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ:

“საქართველო განიცდის მნიშვნელოვან შეფერხებას, მმართველი პარტიის მხრიდან ხდება ზეწოლა პატივსაცემი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ. მედიაგარემო ძალიან პოლარიზებულია. დეზინფორმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ამწვავებს ქართული საზოგადოების დაყოფას”, – აღნიშნა სახლემწიფო დეპარტამენტის წარმომადგენენლმა.

მისი თქმით, აღნიშნული სისუსტეები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ახლა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაციის აღდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი