ახალი ამბები

ჯიმ რიში საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების წინაპირობის დაწესებაზე საუბრობს

24 მარტი, 2021 • 1364
ჯიმ რიში საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების წინაპირობის დაწესებაზე საუბრობს

აშშ-ის სენატორმა აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიმ რიშმა ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში მოსმენისას ჰკითხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, უნდა განიხილოს თუ არა აშშ-მა გარკვეული წინაპირობების დაწესება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის .

2020 წლის ზაფხულში წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტში იყო ასეთი წინადადება, თუმცა ის საბოლოოდ კანონმდებლობაში არ აისახა. ამ თემაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას: „სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?.

„ნეტგაზეთი“ რიშის კითხვასა და დეპარტამენტის წარმომადგენლების პასუხს უცვლელად გთავაზობთ. ეს დიალოგი შედგა სხდომაზე, რომელზეც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მსჯელობენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.

სენატორი რიში:  — „როგორც იცით, ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დააწესა წინაპირობები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის. მაინტერესებს, უნდა განვიხილოთ თუ არა ჩვენ წინაპირობები?“

ჯორჯ კენტი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე: — „როგორც იცით, თქვენ და თქვენმა კოლეგებმაა დააწესეს შეზღუდული წინაპირობა დახმარების ნაწილზე. ჩვენ ნამდვილად ავუხსენით ეს ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ საქართველოს მეგობრებს მისი წარმატება სურდათ. ასიგნატორები, კერძოდ, ძალიან გულუხვნი იყვნენ. ჩემი აზრით, წინაპირობის დაწესებას სხვა პირობებშიც განვიხილავდით. მაგალითად, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა ის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების პროექტში გაწერეს. ვფიქრობ, ეს არის ის, რისი განხილვაც შეიძლება. თუმცა, ვფიქრობ, რომ კონგრესის ორივე პალატაში და ადმინისტრაციაში სურთ საქართველოს წარმატება და სურთ, რომ საქართველომ გადადგას წარმატებისთვის საჭირო ნაბიჯები.

სენატორი რიში: — „გმადლობთ. ამაზე იმიტომ ვფიქრობ, რომ წინამ [წინაპირობამ], როგორც ჩანს, დიდად ვითარება ვერ შეცვალა. იქნებ შემდეგ ჯერზე [წინაპირობა] უფრო ძლიერი უნდა იყოს. ქალბატონო მაკდონალდ, თქვენ რას იტყვით?

კარა მაკდონალდი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე: — „დიახ, მადლობა კითხვისთვის. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ, როგორ უნდა იყოს ჩვენი დახმარება მაქსიმალურად ეფექტიანი. არ შეიძლება, რომ რეფორმები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ჩვენ უფრო გვინდოდეს, ვიდრე მათ. მიმაჩნია, რომ მართალია, ვართ ფოკუსირებული დიალოგზე და ჩიხიდან გამოსვლაზე, ნამდვილად უნდა განვიხილავდეთ ყველა მიდგომას და მუდმივად ვაფასებდეთ, რომელი მექანიზმი ან მიდგომა დაგვეხმარება“.

იხილეთ აგრეთვე:

რას წარმოადგენს ეს ქვეკომიტეტი?

როგორც აშშ-ის სენატის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ქვეკომიტეტი ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში „დაკავებულია ყველა საკითხით, რომელიც ეხება აშშ-ის ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, NATO-სთან და რეგიონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია [ეუთო]. ქვეკომიტეტის რეგიონალურ პასუხისმგებლობაში შედის, მათ შორის — ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა; დანაშაული და ნარკოტიკული საშუალებები; აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამები; აშშ-ის ვაჭრობისა და ექსპორტის წინ წაწევა და გლობალური პასუხისმგებლობა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

კომიტეტის წევრები — დააჭირეთ სანახავად

უმრავლესობა [დემოკრატიული პარტია]:

  • ჯინ შაჰინი [ნიუ ჰემფშირი]
  • ბენ კარდინი [მერილენდი]
  • კრის მერფი [კონექტიკუტი]
  • კრის ვან ჰოლენი [მერილენდი]
  • კრისტოფერ კუნსი [დელავერი]

უმცირესობა [რესპუბლიკური პარტია]

  • რონ ჯონსონი [უისკონსინი]
  • ჯონ ბარასო [უაიომინგი]
  • მიტ რომნი [იუტა]
  • რობ პორტმენი [ოჰაიო]
  • ტოდ იანგი [ინდიანა]

მასალების გადაბეჭდვის წესი