ახალი ამბები

გახელაძის დასახსნელად “ყველაფერი კეთდება”? — პროტესტი თბილისში

5 თებერვალი, 2021 • 1178
გახელაძის დასახსნელად “ყველაფერი კეთდება”? — პროტესტი თბილისში

“ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან… ეგ არის ოკუპაცია, აბა, რა გგონიათ?!” – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის ეს სიტყვები დააწერეს დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა საფეხმავლო გზაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საპროტესტო აქცია 5 თებერვალს გაიმართა ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში 12-წლიანი პატიმრობის მისჯის გასაპროტესტებლად.

სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციისადმი შემგუებლობაში და პასიურობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საკმარისი ზომები არ გაატარა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უფლებების დასაცავად. ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს და ყველაფერი კეთდება გახელაძის გასათავისუფლებლად, საოკუპაციო რეჟიმი კი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისგან ერგო მემკვიდრეობად.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

განაჩენის გამოცხადებიდან მალევე სუს-მა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადებები გაავრცელეს, შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს,  “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მსგავსი შინაარსის განცხადება დაწერა Twitter-ზე ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მოძრაობა “სირცხვილიამ” კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც შეუერთდნენ პოლიტიკოსები — ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

აქციის ორგანიზატორების შეფასებით, მთავრობის უმოქმედობა და ფასადური ინტერესი გახელაძის საქმის მიმართ დანაშაულია. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გახელაძის მხარდამჭერი აქციები რამდენიმე თვის წინაც გაიმართა და მას ჰქონდა კომუნიკაცია დაკავებულის ოჯახთან, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციციასთან კავშირისა და აქტიურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.

“რუსეთი არღვევს ადამიანის უფლებებს ჩვენს ტერიტორიაზე — ეს მოცემულობაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენი ხელისუფლება როგორ იქცევა, — ამცირებს თუ ზრდის ამ უფლებების დარღვევის შანსებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ ვადებ ხელს სუს-ს, რომელიც გახელაძის ოჯახს ეუბნებოდა, არ ეხმაურათ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე აქცია და მაშინ ოჯახი დააშინეს, რომ არ ღირს აქტიურობა, ოპოზიციას არ გაეკაროთ…. აქ ოპოზიციაში არ არის საქმე — ჩვენ ნუ გაგვეკარებიან, მაგრამ ხმაური არის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ, ავამოქმედოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც შეამცირებს ამ ხალხის ტანჯვის შანსს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხოშტარიამ.

სუს-ში ელენე ხოშტარიას ბრალდებაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

“ჩვენთვის ახლა აღარავის სცალია” – ცხინვალში დაპატიმრებული გახელაძის ცოლი

ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი, რომელიც გასული წლის ნოემბერში “ნეტგაზეთთან” საუბრობდა ხელისუფლების პასიურობაზე, დღეს ამბობს, რომ სუს-თან დამაიმედებელი კომუნიკაცია ჰქონდა, რომ მთავრობა შეძლებს დამატებითი ბერკერტების ამოქმედებას, რისი საშაულებაც განაჩენის გამოტანამდე არ ჰქონდა.

“რომ არა მთავრობა, ალბათ, ამ დრომდე გაურკვეველი იქნებოდა ზაზას ბედი. დღეს ის მაინც ვიცით, რომ 12 წელზეა ლაპარაკი. მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის და იმედი მაქვს, ბერკეტებს აამუშავებს, რისი ამუშავებაც არ შეეძლო მანამდე. კონკრეტულად რა ბერკეტებზეა საუბარი, არ მილაპარაკია… არ ვთვლი მიზანშეწონილად შიდა სამზარეულოში ჩახედვას, მთავარია, იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში წარმატებით დამთავრდება”, – თქვა ირმა ბუთხუზმა “ტვ პირველის” ეთერში.

ზაზა გახელაძის ახლობლებმა დღეს გადაკეტეს ავტობანი ოკამის მიმდებარედ. პოლიციასთან საუბრის შემდეგ, ავტობანი მალევე გახსნეს. აქციის ამსახველი ვიდეომასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

ელენე ხოშტარიას აზრით, პოსტ-ფაქტუმ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები არასაკმარისია და ხელისუფლებას წინა თვეების განმავლობაში ყველა პლატფორმაზე უნდა ეაქტიურა გახელაძის დაკავებაზე და შეემცირებინა სასტიკი განაჩენის შანსები.

“გარანტია არაფერი არ არის, მაგრამ ერთადერთი გზა არის ხმაური. ჩვენ ვნახეთ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში, როდესაც ძალიან დიდი კამპანია იყო და ხელისუფლებას ძვირი უჯდებოდა უმოქმედობა. ნაცვლად იმისა, რომ თავიდანვე აეტეხათ ამბავი, კი არ გაეჩუმებინათ [ოჯახი] და უგულებელყოთ პრობლემა, აბაშიძე-კარასინის ფორმატში გაუგებარ თემებზე საუბრის ნაცვლად მწვავედ დაეყენებინათ ეს საკითხი, საჯაროდ ესაუბრათ ბევრი, მიემართათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მეტი შანსი გვექნებოდა საქართველოს მოქალაქეების დაცვის”, – ფიქრობს ხოშტარია.

აბაშიძე-კარასინის ფორმატში ბოლო კომუნიკაცია რუსულ მხარესთან გასული წლის ნოემბერში გაიმართა. ზურაბ აბაშიძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ გახელაძის თემა “ნახსენები იყო”.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფორმატი უფრო შექმნილია ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო კავშირები, მაგრამ მე ჩემი ინიციატივით ყოველთვის წამოვწევ ხოლმე ასეთ საკითხებს — საოკუპაციო ხაზზე ადამიანის უფლებების დარღვევას, დაკავებებს. უფრო ჟენევის ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პრეროგატივაა, გაააქტიურონ მუშაობა. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გვექნება შემდეგი კომუნიკაცია, როცა მეცოდინება, ჩაგაყენებთ საქმის კურსში”, – განაცხადა აბაშიძემ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის პრაქტიკა სისტემურ ხასიათს ატარებს. სუს-ის ცნობით, 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობით, დაიღუპა 4 ადამიანი: დავით ბაშარაული – 2014 წელი, გიგა ოთხოზორია – 2016 წელი, არჩილ ტატუნაშვილი – 2018 წელი და ირაკლი კვარაცხელია – 2019 წელი. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით „დაკავებულია“ ,სულ მცირე, 1 033 პირი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი – 1 603.

საოკუპაციო რეჟიმები ასეთ შემთხვევებს ძირითადად “საზღვრის დარღვევის” მოტივით ამართლებენ, თუმცა არაერთი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების უფლებებს საოკუპაციო ძალები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელყოფენ. მაგალითად, 8 იანვარს რუსი სამხედროები გადმოვიდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და 3 მოქალაქე დააკავეს, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც გიგა ოთხოზორია მოკლეს. ზაზა გახელაძის დაკავება სოფელ ქვემო ჭალაში, ასევე, საქართველოს კონტროლირებად სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული შემთხვევა 2019 წლის 9 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება აღმოჩნდა. გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, სახელმწიფოებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. გაიმართა არაერთი აქცია. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მას ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ორ თვეში გაათავისუფლა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი დღეს საზოგადოების მხრიდან მეტი აქტიურობისა და ხელისუფლებაზე წნეხის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.

“სახელმწიფო, ალბათ, ცდილობს მაქისმალური გააკეთოს თავის მხრიდან, მაგრამ შედეგის მიხედვით ეს საკმარისი არ არის. არ შეიძლება ნიჰილისტური განცხადებები, რომ ჩვენ მხოლოდ შეშფოთებას გამოვთქვამთ და ამით შემოვიფარგლებით. შეშფოთება კი არა, აღშფოთება უნდა იყოს და საზოგადოებამ მოვთხოვოთ ჩვენ მიერ დაქირავებულ მთავრობას, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე მაქსიმალურად იზრუნოს. საზოგადოების აქტიურობით უნდა გამოვაფხილოთ ჩვენი მთავრობა”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა გახელაძის პატიმრობაზე საუბრისას “ფორმულას” ეთერში.

“ქართული ოცნების” მთავრობის “ძალიან დიდ ჩავარდნად” შეაფასეს ოპოზიციაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უმკაცრესი სანქციის ქვეშ მოქცევა.

სერგი კაპანაძე, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ფიქრობს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტური ამოქმედება მოახდენდა საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტების პრევენციას, თუმცა ხელისუფლებას ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

“ეს არის ძალიან დიდი ჩავარდნა მთავრობის, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება, სრულიად უდანაშაულო, არაფერი არ დაურღვევია და ის, რომ სახელმწიფო სამსახურები რეაგირებით კი არ არის დაკავებული, არამედ უშიშროება იმაზე ზრუნავს, რომ ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს ოჯახს და რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ აცდენილები არიან რეალობას და აცდენილი აქვთ აქცენტები მთავარ პრობლემებზე”, – განაცხადა კაპანაძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 მარტს  მიიღო. სიაში შეყვანილია 33 ადამიანი, რომლებიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ.

რატომ არ არიან რუსეთის მოქალაქეები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში? – კაპანაძე VS ბახტაძე

პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს “არგაღიზიანების დანაშაულებრივი პოლიტიკა” რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის მიმართულებით.
“სწორედ ზემოაღნიშნულმა ზედაპირულმა და არასერიოზულმა დამოკიდებულებამ არაღიარების პოლიტიკისა და ,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების” ყველა პუნქტის შესრულებისადმი, ქვეყანა მიიყვანა ისეთი ჩიხისკენ, როდესაც არათუ საოკუპაციო ხაზებთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი საშიში გახდა მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება, ისინიც კი გახდნენ ოკუპაციის მძევლები”, – განაცხადა “ლელოს” წარმომადგენელმა ლანა გალდავამ.

საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს კრიტიკას თავის პასიურობასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, სათანადოდ არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი და გრძელდება მუშაობა, რათა  საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ზაზა გახელაძე, დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

“მინდა ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუთხრა — საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას”, – განაცხადა დარსალიამ და თქვა, რომ უკვე გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან და სხვა პარტნიორებთან, მოთხოვნილია შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, აგრეთვე, უახლოეს მომავალში საკითხი განიხილება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტისას.

ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში პატიმრობის შეფარდებას დაგმო აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

“დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოს პარტნიორების ჩართულობა და აქტივობა, ასევე, სახელმწიფო უწყებების მუშაობა “იძლევა საფუძველს, რომ დარწმუნებული ვიყოთ ზაზა გახელაძის საკითხის დადებითად გადაწყვეტაში”.

მცოცავი ოკუპაციისადმი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე წაიკითხეთ:

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

მასალების გადაბეჭდვის წესი