ახალი ამბები

თანადგომას ვუცხადებთ გახელაძესა და მის ოჯახს — აშშ-ის საელჩო

5 თებერვალი, 2021 • 1075
თანადგომას ვუცხადებთ გახელაძესა და მის ოჯახს — აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო ეხმაურება ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში პატიმრობის შეფარდებას. საელჩოს განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს საქართველოს მოქალაქისთვის თორმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად.

“ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, რაც მისი ძალების გაყვანას ითვალისწინებს კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა.

“ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც უწევს რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება”, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Friday, February 5, 2021

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი