ახალი ამბები

მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა – „მთავარი არხი“

16 მარტი, 2024 • 1904
მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა – „მთავარი არხი“

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა.

მათივე ცნობით, არსებული ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან და გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.

როგორც ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.

მათივე განცხადებით, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

„ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო… სანამ მექსიკაში შევიდოდა სამჯერ გაექცნენ პოლიციას… საბოლოოდ ჩავიდნენ მექსიკაში. მექსიკაში რომ ჩავიდნენ, ამ ბიჭმა სასტუმროს სურათები დადო და გვეგონა, რომ კარგად იყო. 14 [მარტიდან] უკვე გათიშული იყო ტელეფონი. ორი დღე კონტაქტზე არ გამოსულა და ვერაფრით დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც მას დავუკავშირდით და გვეგონა, რომ მექსიკის პოლიციაში იყო [დაკავებული].

ამ ბიჭმა წუხელ ჩემს მეუღლეს მისწერა, რომ 30 კაცი გაიტაცეს და სარდაფში არიან, სადაც 120 კაცია, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ერთ-ერთი გატაცებული ქართველის ნაცნობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი