ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენთვის ახლა აღარავის სცალია” – ცხინვალში დაპატიმრებული გახელაძის ცოლი

20 ნოემბერი, 2020 • 1513
“ჩვენთვის ახლა აღარავის სცალია” – ცხინვალში დაპატიმრებული გახელაძის ცოლი

„ჩვენთვის ახლა მართლა არავის აღარ სცალია“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

ზაზა გახელაძე, — საქართველოს მოქალაქე, — რუსმა სამხედროებმა 11 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან დაჭრეს და დააკავეს. ის უკვე მე-5 თვეა პატიმრობაშია და სასამართლოს ელოდება.

გახელაძის ამბავი, სავარაუდოდ, ერგნეთის IPRM-ის მოლაპარაკებებზე უნდა განხილულიყო, თუმცა 20 ნოემბერს დანიშნული შეხვედრა გადაიდო, სავარაუდოდ, დეკემბრამდე.

ზაზა გახელაძე

ზაზა გახელაძე ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ცხოვრობს.

მეუღლის, ირმა ბუთხუზის მონათხრობის თანახმად, ზაზა 11 ივლისს, დილის საათებში მეგობართან ერთად გავიდა სოკოს საკრეფად. თან ძაღლიც წაიყვანა.

მისი მონათხრობის თანახმადვე, დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ ქმარმა მობილურზე მესიჯი მისწერა და დაკავების ამბავი შეატყობინა. ცოტა ხანში კი დაურეკა და უთხრა, რომ კარგად იყო:

„თავისი ტელეფონით მომწერა მესიჯი, ბავშვს ვფიცავარ, რუსებმა დამაკავეს, არ გეხუმრებითო. 10-15 წუთის მერე, სადღაც პირველის ნახევრისკენ, დამირეკა თვითონ. დაარეკინეს“.

გახელაძის დაკავების ადგილი. წყარო: დავით ქაცარავა, „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“

ზაზა გახელაძეს ცოლთან ამ სატელეფონო საუბრისას თითქმის ვერაფერზე მოუსწრია საუბარი:

„კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთო. ბავშვები მოიკითხა. მამამისი შაქრიანია, გულით ავადმყოფია და მამა მოიკითხა. არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო. აქეთ გაგვამხნევა, ცუდი რომ არაფერი გვეფიქრა“, – გვიამბობს იგი.

ოჯახმა მხოლოდ მოგვიანებით, მედიისგან შეიტყო, რომ გახელაძე დაკავებისას დაჭრეს. მას ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა და თვეების განმავლობაში ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა.

„უკვე ყავარჯნების გარეშე დადის“

როგორც 19 ნოემბერს უთხრა ირმა ბუთხუზმა „ნეტგაზეთს“, ბოლო ინფორმაცია, რაც მეუღლის შესახებ აქვს, ისაა, რომ „ყავარჯნები გადაყარა“ და დამოუკიდებლად გადაადგილებას ახერხებს.

თუმცა თავისუფლად მაინც ვერ გადაადგილდება, რადგან კვლავ პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, გახელაძის ამბავი სხვა მსგავსი ინციდენტებისაგან განსხვავდება:

მას ედავებიან არა მხოლოდ დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას, არამედ ცეცხლის გახსნას რუსი სამხედროების მისამართით, რაც საქმეს ამძიმებს.

მის მიმართ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო.

სასამართლო ჯერ არ გამართულა

ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, მისი ქმრის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა.

გახელაძეს ცხინვალელი სახაზინო ადვოკატი ჰყავს.

ცოლმა მისი ნაამბობიდან იცის, რომ „ამ კვირაში უნდა ყოფილიყო სასამართლო“, მაგრამ სასამართლოს გამართვის შესახებ ცნობა არ მიუღია.

ცხინვალი; 8 მაისი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/ირინა იანოვსკაია

არც ოსურ მედიას დაუწერია რაიმე სასამართლოს გამართვის შესახებ.

„ალბათ, ისიც [ზაზაც] მოლოდინშია, სასამართლო როდის იქნება და როდის გაათავისუფლებენ. სხვა ჩვენ არაფერი ვიცით“, – უთხრა ირმა ბუთხუზმა „ნეტგაზეთს“ 19 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში მაინც ჩატარდება სასამართლო პროცესი.

„ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ადგილი“

სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია, რომელიც რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა.

არაერთი წელია, ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს, რომელსაც ზურგს რუსეთის ფედერაცია უმაგრებს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის ტერიტორიაზე. ფოტო: რუსული სახელმიფო მედია sputnik-ossetia

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ადგილია — ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, — ადამიანის უფლებათა ცენტრი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, EMC და სხვები, — სამხრეთ ოსეთში, განსაკუთრებით კი ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ახალგორში (ლენინგორში), შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს.

ცხინვალის რეჟიმი გამუდმებით ზღუდავს მოქალაქეების ბაზისურ უფლებებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებას, რაც ყველაზე მძიმედ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე აისახება.

საქართველოს ხელისუფლება იქ შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

„ზოგს გაიტაცებენ, ზოგს ფეხში დაჭრიან“

13 ივლისს, — გახელაძის დაკავებიდან ორიოდე დღეში, — სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახელაძის ოჯახს ესტუმრა და თქვა, რომ როდესაც საქმე გამყოფ ხაზებთან ადამიანის გატაცებას ეხება, საქართველოს „ეფექტური მექანიზმი არ აქვს“.

ლომჯარიას ამ კრიტიკულ განცხდებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ვოლსკი ასე გამოეხმაურა:

„ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეს არის ოკუპაცია, აბა, შენ რა გგონია, ოკუპაცია კარგია?“

ვოლსკიმ ასევე თქვა, რომ „კეთდება ყველაფერი, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას, გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და მეორე მხრივ – თავი აარიდოს აგრესიას“.

„ჩვენთვის აღარავის სცალია“

თუმცა ამ ეტაპზე „ყველაფერი“, რაც კეთდება, არ აღმოჩნდა საკმარისი გახელაძის პატიმრობიდან დასახსნელად. ოჯახი კი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზეც მიანიშნებს „ნეტგაზეთთან“ საუბარში:

„ჩვენთვის მართლა არავის აღარ სცალია ეს პერიოდი, ყველა გადართულია არჩევნებზე“, – გვეუბნება ირმა ბუთხუზი.

„ერთი, ბოლოს გავახსენდით [ქეთევან] ციხელაშვილს, რომელმაც წამოწია ეს თემა ისევ ისე, ჟენევის სამიტი ახლოვდება და მაგის ფონზე“, – ამბობს ირმა ბუთხუზი.

„სხვა არ ვიცი, ვიღაც შეწუხებულიყო და რამე ემოქმედა, არ ჩანს არაფერი“, – გვეუბნება იგი. მას ქმართან 11 ივლისის შემდეგ არ უსაუბრია.

რა ხდება ჟენევაში?

არსებობს ორი ფორმატი, სადაც საქართველოს შეუძლია გახელაძისა და მსგავსი შემთხვევების აქტუალიზება: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM), იგივე ერგნეთის შეხვედრები.

ჟენევაში ჩანიშნული შეხვედრა, მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი, რომელიც 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, რუსული მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

მიზეზად კოვიდპანდემია დასახელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე განაცხადა, რომ რუსეთის უარი დისკუსიებში მონაწილეობაზე „ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს“.

შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რომ „რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები“.

მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ამჯერად 10-11 დეკემბერსაა დანიშნული.

აშშ ზაზა გახელაძეზე

საქართველოს ყოფილმა სახელმიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა (რომელიც ახლა ავსტრიაში საქართველოს ელჩია) 13 ნოემბერს ციტირება მოახდინა შტატების განცხადების და თქვა:

„ყველამ ერთხმად მოუწოდა ჩართულ მხარეებს, რომ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე გათავისუფლდეს ცხინვალის საპატიმროდან და შეწყდეს უკანონო დაკავებების ეს მანკიერი პრაქტიკა“.

აშშ-ის წარმომადგენელმა 12 ნოემბერს ეუთოს მუდმივ საბჭოზე განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს, „გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე, და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა“.

გადაიდო ერგნეთის მოლაპარაკებებიც

ჟენევის გარდა, IPRM-ის შეხვედრა 20 ნოემბერს იყო ჩანიშნული ერგნეთში, სადაც ქართული მხარე, სავარაუდოდ, დააყენებდა ზაზა გახელაძის საკითხსაც, თუმცა ეს შეხვედრაც გადაიდო.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება თარიღთან დაკავშირებით. IPRM, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაყისში გაიმართება“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი