ახალი ამბები

პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო

21 მარტი, 2018 • 2272
პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო

21 მარტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებმა. უმრავლესობის გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა “ერვოპულმა საქართველომ”.

ენმ-ის ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმიტომ არ მიიღეს რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ მათი 3 შენიშვნიდან 2 არ გაითვალისწინეს. პატრიოტთა ალიანსი კი საერთოდ ვერ ხედავდა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღების აუცილებლობას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კარგია, რომ ხელისუფლებამ მათი ინიციატივა გაიზიარა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნება. თუმცა, როგორც ევროპული საქართველოს წევრი აღნიშნავს, ისინი განაგრძობენ იმ კურსის კრიტიკას, რაც ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში აქვს.

პროექტი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მან სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და განაცხადა, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციაც, პირველ რიგში, სწორედ ამ საკითხს ეხმიანება.

“ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მკაცრ და პრინციპულ შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევასთან. ეს არ არის პირველი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონებში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხდება სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფლების ხელყოფა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას და პარლამენტარს, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში, რითიც, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ყველა მთავარ პრინციპზე შეთანხმება. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ექნება უმცირესობის მხარდაჭერაც.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, რაც შესაძლებელი გახდა 28 დღის დაგვიანებით.

პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუცია

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 მარტს გააკეთა საჯარო განცხადება, რომლითაც რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ჟენევის ფორმატი გააქტიურდეს. პრემიერმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები გაღრმაოს საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობის მეთაურის მიმართვას რუსეთის მიმართ რამდენიმე ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა, რომელთა ნაწილი კვირიკაშვილს აკრიტიკებს, ხოლო ნაწილს მის მიდგომასთან შენიშვნები არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი