ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 3 პირი დააკავეს

18 იანვარი, 2021 •
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 3 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლება.

“მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა. ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე, ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

გარეკანის ფოტო: ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლი, “ლაივპრესი”

მასალების გადაბეჭდვის წესი