ახალი ამბები

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

14 სექტემბერი, 2020 • 4782
„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

„ადამიანებს როცა იტაცებენ, ეს ხომ არ არის ნორმა? მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმა…“ – ამას ერგნეთში მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს. იგი არ ეთანხმება მმართველი პოლიტიკური პარტიის მთავარ გზავნილს: ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთადერთი მთავრობა ვართ, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ მომხდარა და ტერიტორია არ დაგვიკარგავს.

ხელისუფლების გზავნილი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით 2020 წლისთვისაც ასე ჟღერს: „ეს მოღალატე ადამიანები ბედავენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომელმაც განაპირობა გრძელვადიანი, უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა”. ეს სიტყვები ეკუთვნის ქვეყნის თავდაცვის მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის 8 აგვისტოს ჟურნალისტებთან ზუსტად ამ სიტყვებით შეაფასა მდგომარეობა. 21 აგვისტოს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ოცნების“ ინიცირებულ ნორმალიზების კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რა არის მშვიდობის ფასი, რაზეც საქართველოს ხელისუფლება აქცენტს აკეთებს და კრემლიც, რომელსაც 2020 წლის აგვისტოში, საქართველოსთან აგვისტოს ომის გახსენებაზე ეს გზავნილი აქვს – „შეტევა საქართველომ დაიწყო და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები დავიცავით“.

[blue_box]რა დაკარგა ქვეყანამ მცოცავი ოკუპაციის შედეგად? – სუს-ის ოფიციალური პასუხი[/blue_box]

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის რომელიღაც სოფელში ოკუპანტმა ახალი მავთულხლართები გააბა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პერიოდულად ავრცელებს.

შესაბამისად, იმის გასაგებად, თუ რამდენ კვადრატული მეტრ მიწაზე დაკარგა საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში, „ბათუმელებმა“ სუს-ს მიმართა. ოფიციალურ წერილზე მიღებული პასუხით თუ ვიმსჯელებთ, სუს-ში ამ კითხვას ან საგანგებოდ არ პასუხობენ, ან, უბრალოდ, ეს მონაცემები არ აქვთ.

სუს-ს ოფიციალური წერილით ვთხოვეთ, მოეწოდებინა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია. უწყებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს სოფლების სრულ ჩამონათვალს, სადაც საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს აბამენ. უწყებაში ასევე არ უპასუხეს კითხვას, რამდენი კვადრატულ კილომეტრზე დაკარგა ქვეყანამ კონტროლი. უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად იმით შემოიფარგლება, რისი პოვნაც საძიებო სისტემა google-შიც კი შეიძლება: „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სულ ოკუპირებულია დაახლოებით 8,7 ათასი კმ² ტერიტორია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 3,8 ათასი კმ²“.

სუს-ისგან მიღებულ ოფიციალურ წერილში ტერმინი – „მცოცავ ოკუპაცია“ ნახსენებიც კი არ არის. ბორდერიზაციის შესახებ კი ეს გვაცნობეს:

„ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყო, რომლის პირველი ნიშნები 2009 წელს გამოვლინდა. იგი ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს…

უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ფიქსირდება და პირდაპირ ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ხაზის მიმდებარედ არსებული ყველა სოფლის მკვიდრზე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეების, მიწათხრილებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგას, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „მშვიდობის“ პერიოდში დაღუპული და გატაცებული ადამიანების შესახებაც ვკითხეთ. უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობით, დაიღუპა 4 ადამიანი: დავით ბაშარაული – 2014 წელი, გიგა ოთხოზორია – 2016 წელი, არჩილ ტატუნაშვილი – 2018 წელი და და ირაკლი კვარაცხელია – 2019 წელი. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით „დაკავებულია“ – 1033 პირი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი – 1603.

აქ ნახეთ ბორდერიზაციის შესახებ სუს-ის მიერ მედიაში გავრცელებული მონაცემები წლების მიხედვით

  • 2020 წლის 12 სექტემბერი სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა – სუს-ი
  • 2020 წლის 6 აგვისტოს ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ, ამჯერად ტახტისძირის მიმართულებით გადმოწიეს და უკანონო ინსტალაციები აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
  • 2020 წლის 22 მაისი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 12 სოფელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს. “მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე”, – ეწერა უწყების განცხადებაში.
  • 2020 წლის 20 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს.
  • 2020 წლის 16 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.
  • 2020 წლის 1-ელ მარტს ერგნეთში საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი მწვანე ფერის ღობე უკანონოდ რამდენიმე მეტრით გადმოწიეს.
  • 2020 წლის 14 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა პროვოკაციული აქტივობების შედეგად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციები აღმართეს, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.
  • 2019 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ.
  • 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს.
  • 2018 წლის 6 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ბორდერიზაციის შედეგად ატოცელებმა 30 ჰა-ზე მეტი სახნავ-სათესი და საძოვარი დაკარგეს.
  • 2018 წლის 17 იანვარს ხურჩაში უკანონო ბორდერიზაციის საკითხი დაფიქსირდა
  • 2017 წლის 3 აგვისტოს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოკუპანტები საზღვრის უკანონოდ გადმოწევას სოფელ არცევში ცეცხლის საწინააღმდეგო თხრილების გავლებით აპირებენ
  • რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში სოფელ სობისში დაახლოებით 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიტაცეს.
  • 2017 წლის 5 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”. ოკუპირებული ტერიტორია დაახლოებით 700 მეტრით გაიზარდა ბერშუეთისა და სობისის მიმართულებით.

[blue_box]აქტივისტის მონაცემები[/blue_box]

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა, რომელიც ხშირად არის საოკუპაციო ხაზთან და ოკუპაციას სხვადასხვა ფორმით უპირისპირდება, ვერ ახერხებს დათვალოს – რამდენი კვადრატული მეტრი მიწა მიითვისეს ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პირობებში. დავით ქაცარავას არასრული მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში 11 სოფლის მაგალითზე მიიტაცეს დაახლოებით 1 657 ჰექტარი, ანუ 16 570 000 კვადრატული მეტრი მიწა.

დავით ქაცარავას აქვს კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი და მონაცემებიც, რომელიც, ცხადია არ არის ოფიციალური: ბერშუეთში მიიტაცეს – 130, 000 კვ. მ. პერევში – 2 400, 000, ჩორჩანა-პერევი – 8, 000, 000, წაღვლი – ჩორჩანა – 3, 000, 000; ალევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია – 250, 000; ხურვალეთი – 780, 000, ტახტისძირი – 290, 000, მეჯვრისხევი – 700, 000; კირბალი – 340, 000; ქერე – 280, 000; ქვემო ჭალა – 400, 000

[blue_box]მოკლედ – რას ამბობენ პოლიტიკოსები[/blue_box]

თავდაცვის მინისტრი არ არის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც „უპრეცედენტო მშვიდობასა და სტაბილურობაზე” საუბრობს. ქვეყნის შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: ეს „არ არის მცოცავი ოკუპაცია, ეს თემა დაიწყო 2008-ში, შეთანხმდა, ხელი მოეწერა“. მასვე ეკუთვნის შეფასებაც: „[რუსმა სამხედროებმა] ერთი თვის წინ დააყენეს ბოძები, დღეს მოვიდნენ და უკვე რკინის ე.წ. სეტკის გაკვრა დაიწყეს ამ ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რამე განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება”.

იგივე უთხრა ჟურნალისტებს მისმა მოადგილემ, იოსებ ჭელიძე: „მე ვერ დაგეთანხმებით ტერმინებს – მცოცავი ოკუპაცია… ბორდერიზაცია, კი გეთანხმებით, მაგრამ ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო 2009 წლიდან და ფრაგმენტულად შემდეგ გაგრძელდა 2011 წლიდან“.

დააწკაპუნეთ და ნახეთ, რას ნიშნავს ტერმინები - ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია
ბორდერიზაცია ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს საზღვრის გადაწევას, მონიშვნას. ოკუპაცია კი ლათინური სიტყვაა და სხვისი ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით დაპყრობას ნიშნავს.

„მცოცავ ოკუპაციას“ აღიარებს, თუმცა ამას „ნაციონალ მოძრაობას“ აბრალებს ბიძინა ივანიშვილი.

„აღმაშფოთებელია ის, რასაც აკეთებს მეზობელი სახელმწიფო… ბოლომდე ვერ ამიხსნია, ეს დაშინების პოლიტიკაა, თუ 200-300 მეტრით გადმოწევა, ვთქვათ, ამით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის უაღრესად მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებებს. ის, რაც შეგვიძლია რეალობიდან. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ის, რის გაკეთებაც შეუძლია… ახლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ გააკეთეს სწორედ ეს უბედურება მათ დაგვიტოვეს,“ – თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს.

[blue_box]ვიცე-სპიკერი: იმას აფიქსირებენ, რისი ოკუპაციაც 2008 წელს მოახდინეს[/blue_box]

რის მაჩვენებელია, როცა სუს-ი და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება არასდროს აკონკრეტებს, რა ტერიტორიები დაიკარგა „ბორდერიზაციის“, ანუ საოკუპაციო ღობეების მოწყობის დროს? რაზე მიანიშნებენ მაღალი თანამდებობის პირები, როცა ხაზგასმით ამბობენ, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ კი არა „ბორდერიზაციის“ პროცესი გვაქვს?

„რუსეთის ადვოკატად ვერ გამოვალ… ოკუპაცია მოახდინეს ჩვენი ტერიტორიის 2008 წელს და ახლა აკეთებენ ბორდერიზაციას. ახლა რა ბორდერიზაციასაც აკეთებენ, იმას აფიქსირებენ, რისი ოკუპაციაც მოახდინეს. თქვენ რა გგონიათ, რომ ოკუპაციის ხაზი რაღაც სხვა არის და ბორდერიზაციის ხაზი რაღაც სხვა არის?“ – კითხულობს გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

გია ვოლსკი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეალურად შეცდომა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა, როცა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ყოფილ საზღვრებში ახალი ადმინისტრაცია შექმნა, ხოლო დღეს რთულია იმის დადგენა, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესი რომელი რუკის შესაბამისად ხორციელდება.

„დავა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომელი რუკით სარგებლობენ, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა თავისი ადმინისტრაციული ოლქისთვის, თუ სხვა რაიმე რუკები არსებობს? ვთქვათ, 1986 წლის რუკაში ეს ტერიტორია არ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, თუმცა სხვა პერიოდის გამოცემის რუკაში შედიოდა… 2007 წელს სააკაშვილმა შექმნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და დე იურედ არა, მაგრამ დე ფაქტოდ მიუთითა, რომ ასეთი ტერიტორია არსებობს… ახლა ეს ყველაფერი არის ოკუპანტის ხელში აღებული სახელმძღვანელოდ, ჰოდა, ჯიპიარესების გამოყენებით მიყვებიან სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვარს და ახდენენ ფაქტობრივად დაპყრობილი ტერიტორიის ბორდერიზაციას,“ – მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

„თქვენ არ აღიარებთ მცოცავ ოკუპაციას?“ – ამ კითხვის ორჯერ გამეორების მიუხედავად, გია ვოლსკისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ხელისუფლებაში მყოფი გია ვოლსკი თვლის, რომ კითხვას „მცოცავ ოკუპაციაზე“ მიხეილ სააკაშვილმა უნდა უპასუხოს. ამ რეპლიკის შემდეგ გია ვოლსკიმ ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა მანამდე მოასწრო იმის თქმაც, რომ ბორდერიზაციაზე აქცენტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რუსეთთან შეთანხმებით, „ნაციონალური მოძრაობა“  ებრძვის.

„…როდესაც წამოვა თუ არა საუბარი, იმ წუთში წამოიჭრება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ბორდერიზაცია მიმდინარეობს და არსებული ხელისუფლება რას აკეთებს, რომ ეს ბორდერიზაცია შეაჩეროს? ამ თემაზე გადადის მთელი ყურადღება მაშინ, როდესაც ბოროტება ჩადენილია იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილმა ფეხქვეშ გათელა პრაქტიკულად სტრატეგიული გეგმა, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდათ და რუსეთს მისცა საშუალება განეხორციელებინათ აგრესია და შემდეგ მოეხდინათ ამ მიწების ოკუპაცია.

ახლა რუსეთი და „ნაციონალები“ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბორდერიზაციით იკარგება მიწები და არა ოკუპაციით… ბორდერიზაციის პირობებში კი არ წაგვართვეს, არამედ ომით და ოკუპაციით წაგვართვეს… ეჭვი მაქვს, რომ თქვენ სხვა მიმართულებაზე გინდათ გადაიტანოთ ყურადღება, რათა დანაშაული, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, როგორღაც გაიბნეს და გაიფანტოს,“ – გვითხრა გია ვოლსკიმ.

[blue_box]როგორ რეაგირებს საქართველო ბორდერიზაციას?[/blue_box]

„წარმოუდგენელი ვითარებაა შექმნილი ბორდერიზაციის ხაზზე – რუსეთი იმას აკეთებს, რაც უნდა და ჩვენ არ გვაქვს არც აქტიური და არც პასიური პასუხი,“ – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. ის „რონდელის ფონდის“ მკვლევარია და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

ბორდერიზაციაზე საუბრის დროს ვალერი ჩეჩელაშვილი მთავარ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს საერთოდ აღარ ახსენებენ.

„…როცა სიმართლე და საერთაშორისო სამართალი არის ჩვენს მხარეს, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. გულსატკენია, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს თანდათან ვკარგავთ… სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი უსახური, სუსტი, თანდათან ვკარგავთ ავტორიტეტს და რეპუტაციას… გაუმართლებელია, რომ დიდი შვიდიანის ქვეყნების შეხვედრების რეზოლუციებიდან საქართველო გაქრა. ამ დოკუმენტებში ისევ არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის, აღიარებულია რუსეთი, როგორც რეგიონის მთავარი საფრთხე და რა გამოდის: ფანტასტიკური რამე რომ მოხდეს და რუსეთმა ურთიერთობა მოაგვაროს უკრაინასთან, რუსეთი გახდება სრულუფლებიანი მონაწილე საერთაშორისო ურთიერთობების?“ – კითხულობს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

ვალერი ჩეჩელაშვილი რამდენიმე პირობას ასახელებს, რაც მისი შეფასებით ოკუპაციის პროცესს შეაჩერებდა:

„იქ, სადაც არის უპირობოდ ჩვენი კონტროლი და არ არის რუსული მავთულხლართები, დღესვე მასობრივად უნდა მოხდეს ჩვენი შინაგან საქმეთა ჯარის განლაგება და შესაბამისი ბლოკპოსტების ჩამოყალიბება. აუცილებლად ტექნიკური დაკვირვების საშუალებები უნდა გავაძლიეროთ, გამოვიყენოთ დრონები და ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ ე.წ. მცოცავი ოკუპაციის ინტერაქტიული რუკა, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება. ეს უნდა გავაკეთოთ ევროკავშირის დამკვირვებლების მისიის ჩართულობით, რომ ამას მეტი წონა შევძინოთ. ასევე უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური და ნებისმიერი დახმარება იმ ხალხის მიმართ, ვინც ცხოვრობს ბორდერიზაციის ხაზზე და არის მარტო, პირისპირ მტერთან“.

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მცდარი სტრატეგია და ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგს ელის, ანუ ნორმალიზებას, რასაც 21 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ნორმალიზებას 2012 წლიდან ცდილობს საქართველო.

„მოსაზრება, რომ ჩვენ ორმხრივ მოლაპარაკებების ფორმატში შესაძლოა მოვაგვაროთ პრობლემები, არის ილუზია. მე, პირადად, 25 წელი ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში და ძალიან კარგად ვიცი, რომ რუსეთთან ხელშეკრულებას მოაწერო ხელი, ეს არაფრის გარანტიას იძლევა. საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ათეულობით შემთხვევის ჩამოთვლა შემიძლია, როცა რუსეთს სანაგვე ყუთში მოუსვრია ეს ხელშეკრულება, რა წუთშიც მას დასჭირვებია მისი იგნორირება…“ – გვითხრა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

[blue_box]პოლიტოლოგი: რუსეთი „მცოცავი ოკუპაციით“ ცდილობს საგარეო არჩევანი შეგვახსენოს[/blue_box]

როგორ უნდა პასუხობდეს ქვეყანა რუსულ პროპაგანდას „მცოცავ ოკუპაციაზე“? – ეს პოლიტოლოგ ლევან კახიშვილს ვკითხეთ.

„რუსულ პროპაგანდას საქართველო შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაციით უნდა დაუპირისპირდეს, რათა მოხდეს პროპაგანდის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. იგი არასწორად მიიჩნევს ხელისუფლების თვითკმაყოფილებას „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში მშვიდობის შენარჩუნებაზე.

„სახელმწიფოებრივი მიდგომებია საჭირო არა მხოლოდ ომის თავიდან აცილების საკითხში, არამედ ბორდერიზაციის შემთხვევებზე რეაგირებაშიც. თუ ხელისუფლება ომზე მეტისმეტად დიდ ყურადღებას ამახვილებს და ამით ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას, ხელისუფლება ოპოზიციისგან ბორდერიზაციის საკითხში გრძნობს მხარდაჭერის ნაკლებობას. ეს საკითხები პარტიულ კონკურენციაზე მაღლა უნდა იყოს, თუ გვსურს, რომ ეროვნული კონსოლიდაცია მოვახერხოთ მათ გარშემო… ის ფაქტი, რომ ომი არ არის, არ უნდა გახდეს „ქართული ოცნების“ თვითკმაყოფილების მიზეზი,“ – გვითხრა ლევან კახიშვილმა.

ლევან კახიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე შეუქცევადი ნაბიჯების გადადგმა არ სჭირდება, რადგან „საქართველო მწყობრად მიყვება დემოკრატიზაციისა და პროდასავლური პოლიტიკის გზას ისე, რომ ამ მხრივ რაიმე დიდი გარდატეხა არ ხდება. შესაბამისად, რუსეთიც მშვიდადაა…“ – ამბობს ლევან კახიშვილი.

მისი აზრით, რუსეთი „მცოცავი ოკუპაციის“ გზით ცდილობს საქართველოში საგარეო არჩევანი პერიოდულად შეგვახსენოს.

„სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში არ დაავიწყდეთ ე.წ. „ახალი რეალიები“, რუსეთი თავს გვახსენებს ისეთი ქმედებებით, როგორიცაა ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია. ასეთივე შემთხვევებია ცხინვალში რუსეთთან მიერთების საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდულობით, სამხედრო-თავდაცვითი ინტეგრაცია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის და ა.შ. – ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოში ემოციურ რეაქციას გამოწვევას და რომელმაც პოტენციურად შესაძლოა დააფიქროს ქართული საზოგადოება საკუთარ საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე,“ – გვითხრა ლევან კახიშვილმა.

[blue_box]ლიკა კასრაძე ერგნეთიდან: მგონი, გვაგუებენ ოკუპაციას[/blue_box]

საოკუპაციო ღობეებთან მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, როგორ იძინებენ და იღვიძებენ სროლების ფონზე, როგორ ცარიელდება სოფლები, რადგან აქ უსაფრთხოდ თავს ვერავინ გრძნობს. პირობითი საზღვრის იქითაც და აქეთაც ადამიანები ყველაზე ხშირად ახსენებენ ფრაზას: „არავინ იცის, რა იქნება ხვალ“.

„ყოველდღე ისევ ვიძინებთ სროლების ფონზე, ახლოს საწვრთნელი ბაზებია…“ – გვიყვება ლიკა კასრაძე სოფელი ერგნეთიდან. – „სიტუაცია ისევ სტაბილურად დაძაბულია. ჩვენი სოფლის პლუსი ისაა, რომ ჩვენთან მაღალი ღობეა, საგუშაგოა და აქედან არ იტაცებენ, თუმცა სახიფათო ვითარება იგრძნობა ყველგან, აქ გაჩერება აღარავის უნდა, ვერავინ ხედავს განვითარებას, იმას, რომ მისი უსაფრთხოება, ან საკუთრება იქნება დაცული… საშინელებაა, როცა შენს მიწაზე შეიძლება იდგე, შენს ბაღს ამუშავებდე და გაგიტაცონ.

ასე ვამბობთ ხოლმე: ვინ იცის, რა იქნება ხვალ. არა, მგონი, უფრო არა ხვალ, არამედ ახლა. ახლა, როცა მე თქვენ ტელეფონით გესაუბრებით, არავინ იცის, რა მოხდება.

მცოცავი ოკუპაცია ჩემთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიების მიტაცება… იქეთ სოფლებში, რაც მიიტაცეს, ქართული ენაც შეზღუდეს. რუსეთი არ იცვლება და არ ჩერდება. არ ვიცი, რაა გამოსავალი, მაგრამ რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს… მგონი, გვაგუებენ ოკუპაციას. ჩვენ მედიიდან ვიგებთ ინფორმაციას, არავინ მოდის, ამ პანდემიის დროს, როცა ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა, არც სოციალურად დახმარებია ვინმეს ხელისუფლება.

ომი საშინელებაა. ჩვენ ძალიან ცუდი შედეგი მოგვცა ომმა, მაგრამ რამდენადაც ამ ომმა დაგვაზარალა, ისე გვაზარალებს ეს მდგომარეობა, რაღაცნაირად გაყინულები ვართ – ხალხს ისევ იტაცებენ, ხოცავენ, ისევ მოლაპარაკებები, ისევ არაფერი იცვლება… მიჩუმებული მდგომარეობაა რაღაცნაირად“.

[blue_box]თამარი ახალგორიდან: ხელისუფლება საკუთარი უუნარობის გამართლებას ცდილობს[/blue_box]

„ქუჩაში რომ დავდივარ ახლა და არავინ მესვრის, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა…“ – ამბობს თამარ მეარაყიშვილი. ის ახალგორში ცხოვრობს და სამოქალაქო აქტივისტია. თამარი არაერთხელ გახდა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სამიზნე. ის გატაცებულიც იყო.

„რა გითხრათ, სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – ზოგს შიმშილის კვალი, ზოგს – ცუდი კვება. ყველა კითხულობს ფასს, რა ღირს, ესა თუ ის პროდუქტი, მეც რამდენჯერმე უკან დავდე, რაღაცის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ისე მეძვირა… ახალგორში 1500 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 800 თუ იქნება, სკოლაში მხოლოდ 180 მოსწავლეა… არ ვიცით, ხვალ რა იქნება, არ ვიცით, ხვალ ცოცხალი ვიქნები თუ არა. რა გამოდის, რას ვიხდით ჩვენ მშვიდობაში?“ – კითხულობს თამარ მეარაყიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი თვლის, რომ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში საქართველოს ხელისუფლება საკუთარი უუნარობის გამართლებას ცდილობს და საერთაშორისო რესურსებს შესაბამისად არ იყენებს.

„როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ომი არ არის, ამით ის პასუხისმგებლობას იხსნის და ცდილობს, საკუთარი უუნარობა გაამართლოს… არ ჩანს, რომ იყენებს ხელისუფლება საერთაშორისო ინსტრუმენტებს…

რაღაცნაირად თითქოს ერიდებიან, არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევიან ისევ, რომ აი, თვალებში არ მოხვდნენ, ფეხებში არ აეხლართონ…. ამჯობინებენ, რომ ყური წაუყრუონ…“ – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

____

მთავარი ფოტო – რეგინფო: უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან. 2017 წელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი