ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, “ოცნებას” საოკუპაციო რეჟიმი მემკვიდრეობით ხვდა წინა ხელისუფლებისგან

5 თებერვალი, 2021 • 682
მდინარაძის თქმით, “ოცნებას” საოკუპაციო რეჟიმი მემკვიდრეობით ხვდა წინა ხელისუფლებისგან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო ცხინვალში რუსეთის “ბოროტი საოკუპაციო რეჟიმი”. ამის შესახებ მან ზაზა გახელაძის გატაცებაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოს პირველად აქვს ხელში იურიდიული დოკუმენტი სტრასბურგის გადაწყვეტილების სახით – „რომელიც სამართლებრივად იძლევა უკვე საშუალებას, რომ ჩვენ პრეტენზიები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ სამართლებრივი დასაბუთებით, უფრო მძლავრი ბერკეტებითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით წარვადგინოთ ხოლმე,“.

„თუმცა არის ძალიან ცუდი წერტილი, ხვრელი ამ ყველაფერში, რასაც ჰქვია ოკუპანტის ის თავაშვებული მოქმედება საოკუპაციო ხაზის იქით, რასაც ჩვენი მოქალაქეების, ადამიანის უფლების დარღვევა, პატივისა და ღირსების შელახვა და უკანონო დამაპტიმრებები მოსდევს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საერთაშორისო მექანიზმებით ჩართვით ამ წნეხისგან დავიცვათ მოქალაქეები.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლებისგან – ამას არასდროს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ იქ იყო გაუგონარი დანაშაული ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო შეიარაღებული თავდასხმა და დაბომბვა ცხინვალის. მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ნაკლებად საყურადღებოა, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი უკანონო პატიმრობისგან, რაც შეიძლება მალე გამოიხსნას ჩვენი მოქალაქეები“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.


საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

ნახეთ ასევე:

ზაზა გახელაძეს ცხინვალში 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი