ნეტგაზეთი | ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეს არის ოკუპაცია – ვოლსკი ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეს არის ოკუპაცია – ვოლსკი – Netgazeti

ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეს არის ოკუპაცია – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გატაცებასა და მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.

ლომჯარია დღეს გახელაძის ოჯახში მივიდა და თქვა, რომ როდესაც საქმე ადამიანის გატაცებას ეხება, საქართველოს ეფექტური მექანიზმი არ აქვს. 

ამ განცხადების საპასუხოდ, ვოლსკიმ თქვა, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, „რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის“. შემდეგ კი დაამატა:

„ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეს არის ოკუპაცია, აბა, შენ რა გგონია, ოკუპაცია კარგია?“.

რაც შეეხება ლომჯარის განცხადებას, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ის სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდეს ისეთ საკითზე – „რაზეც ზუსტად იცი, რომ კეთდება ყველაფერი, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას, გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და მეორე მხირვ – თავი აარიდოს აგრესიას“.


საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 11 ივლისს, შუადღისას დაჭრეს და დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა. ვითარებას ართულებს ფაქტი, რომ გახელაძეს ცხინვალი სამხედროებისათვის ცეცხლის გახსნას ედავება, რის გამოც არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან