ახალი ამბები

ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორია, თუმცა საშიშ პრეცედენტს ქმნის – “ტვიტერის” დამფუძნებელი

14 იანვარი, 2021 • 1081
ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა სწორია, თუმცა საშიშ პრეცედენტს ქმნის – “ტვიტერის” დამფუძნებელი

“ტვიტერის”დამფუძნებელს, ჯეკ დორსის მიაჩნია, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიშის დაბლოკვა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ის საშიშ პრეცედენტს ქმნის. დორსის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს “ტვიტერის” მარცხზე ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობის მიმართულებით.

დორსის განცხადებით, “ტვიტერის” ადმინისტრაცია უჩვეულო გარემოებების წინაშე აღმოჩნდა, რამაც აიძულა, მთლიანად ორიენტირებულიყო საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

“მე არ ვზეიმობ და არ ვგრძნობ სიამაყეს დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის გამო; არც იმის გამო, რამაც აქამდე მოგვიყვანა… მკაფიო გაფრთხილების შემდეგ, ჩვენ ვიმოქმედეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ეფუძნებოდა საფრთხეებსა და ფიზიკურ უსაფრთხოებას როგორც “ტვიტერზე”, ისე მის გარეთ”, – წერს ის “ტვიტერზე”.

ჯეკ დორსი ხაზს უსვამს, რომ საკმაოდ რეალურია “ტვიტერზე” გახმიანებული გზავნილების გამო საფრთხეების წარმოქმნის შესაძლობლობა სოციალური ქსელის გარეთ და სწორედ აღნიშნულის აღკვეთას ემსახურება მიკრობლოგის განაწესი.

მეორე მხრივ, “ტვიტერის” დამფუძნებელი საუბრობს გადაწყვეტილების უარყოფით მხარეებსა და “საშიშ პრეცედენტზე”, რომელსაც ტრამპის ანგარიშის წაშლა ქმნის.

“მსგავსი ქმედებები[მომხმარებლების დაბლოკვა და სხვა] საზოგადოებრივი დისკურსის ფრაგმენტაციას [იწვევს].  ისინი ჩვენ გვყოფენ;  ზღუდავენ თავისუფლების, ახსნისა და სწავლის შესაძლებლობას, ქმნიან პრეცედენტს, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დიდ საფრთხეს ატარებს: ძალაუფლებას, რომელიც კორპორაციას ან კერძო პირს აქვს გლობალური საჯარო დისკუსიის ნაწილზე”, – დასძენს დორსი.

მისი განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებობს ნათელი და აშკარა გამონაკლისები, თუმცა, მეორე მხრივ, ფიქრობს, რომ ანგარიშის დაბლოკვა, ეს არის “ტვიტერის” მარცხი ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობის კუთხით.

“ტვიტერის” ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში გასულ კვირას სამუდამოდ დაბლოკა. გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ იმ სხდომის ჩასაშლელად, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად უნდა დაემოწმებინათ.

ამ დღეს მომხდარ დაპირისპირებებს 5 ადამიანი ემსხვერპლა.   მოვლენების პარალელურად, ტრამპი “ტვიტერზე” აქტიურად ავრცელებდა განცხადებებს. ის, ერთი მხრივ, მოუწოდებდა მომხრეებს, სახლებში წასულიყვნენ, მეორე მხრივ კი, „დიდ პატრიოტებს“ უწოდებდა მათ.

13 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს, პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, “აჯანყების წახალისებისთვის” იმპიჩმენტი გამოუცხადა. პროცედურას მხარი, დემოკრატებთან ერთად, 10-მა რესპუბლიკელმაც დაუჭირა.

ახლა პროცესში უნდა გაგრძელდეს სენატში, რომელიც წყვეტს, დარჩება თუ არა პრეზიდენტი თანამდებობაზე. ტრამპის იმპიჩმენტისთვის სენატორთა 2/3-ის, ანუ 66 სენატორის თანხმობაა საჭირო.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი