ახალი ამბები

ტვიტერმა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

9 იანვარი, 2021 • 2067
ტვიტერმა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა დონალდ ტრამპს ანგარიში – @realDonaldTrump სამუდამოდ შეუჩერა.

ამის შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მანამდე კი მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ფეისბუკმა და ინსტაგრამმა.

„@realDonaldTrump-ის ანგარიშიდან ბოლო დროს გავრცელებული ტვიტებისა [განცხადებების] და მათ ირგვლივ შექმნილი კონტექსტის განხილვის შემდეგ – განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ინტერპრეტაცია ეძლევათ მათ ტვიტერზე და ტვიტერს მიღმა – ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამუდამოდ შევაჩეროთ ანგარიში ძალადობის წახალისების რისკის გამო,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ტვიტერი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და სხდომა ჩაშალეს. ამ დღეს მომხდარ დაპირისპირებებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. 

მოვლენების პარალელურად ტრამპი ტვიტერზე აქტიურად ავრცელებდა განცხადებებს, მათ შორის, კაპიტოლიუმში შეჭრილებს „დიდ პატრიოტებს“ უწოდებდა.

ამ და სხვა განცხადებების გამო, ტვიტერმა თავდაპირველად ტრამპს ანგარიში 12 საათით დაუბლოკა. 

ანგარიშის დაბლოკვის შესახებ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ფეისბუკმა და ინსტაგრამმა. ამის შესახებ 7 იანვარს განცხადება მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა. 

ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს მის პოსტზე ყოფნის დარჩენილ დროს, რათა ძირი გამოუთხაროს ხელისუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გზით გადაცემის პროცესს”.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტვიტერი აცხადებს, რომ ტრმაპმა მათი სამომხმარებლო წესები დაარღვია.

მაგალითად, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ ფოსტით ხმის მიცემა არჩევნების გაყალბების საფრთხეს ატარებდა, „ტვიტერმა“, თავის მხრივ, ტრამპის განცხადებების ქვევით დატოვა ბმული — „გაიგეთ ფაქტები ფოსტით ხმისმიცემაზე“. ასეთ ბმულებს „ტვიტერი“ არასწორი/დეზინფორმაციული განცხადებების ქვეშ ტოვებს ხოლმე.

რას ნიშნავს ტრამპის ბრძანება სოციალური ქსელებისთვის


6 იანვარს კონგრესის მიერ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა, რა დროსაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფები თავს დაესხნენ შენობას, რათა პროცესი ჩაეშალათ და ამ გზით შეეჩერებინათ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება.

მათი რწმენით, არჩევნები გაყალბდა და სინამდვილეში ტრამპმა გაიმარჯვა. რეალურად, ამერიკულმა სასამართლოებმა დონალდ ტრამპის სარჩელების უმრავლესობა საერთოდ არ მიიღეს წარმოებაში და არ დააკმაყოფილეს საკმარისი მტკიცებულებების გამო. გარდა ამისა, სადავო შტატებში ტრამპისვე მოთხოვნით რამდენიმეჯერ გადაითვალეს შედეგები. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები არ შეცვლილა და ეჭვქევშ არ დამდგარა ბაიდენის გამარჯვება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უკვე დაამტკიცეს ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად. იგი ქვეყნის მართვას ინაუგურაციის შემდეგ, 21 იანვრიდან დაიწყებს.

წაიკითხეთ ვრცლად:

კაპიტოლიუმის შეჭრას მე-5 ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება ამერიკაში

მასალების გადაბეჭდვის წესი