ახალი ამბები

ბაიდენი მზადაა ტიკ-ტოკის შემზღუდველ კანონპროექტს ხელი მოაწეროს, ტრამპი შეშფოთებულია

9 მარტი, 2024 • 996
ბაიდენი მზადაა ტიკ-ტოკის შემზღუდველ კანონპროექტს ხელი მოაწეროს, ტრამპი შეშფოთებულია

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პარასკევს, რვა მარტს განაცხადა, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს, რომლის ერთ-ერთი პროდუქტია ტიკ-ტოკი, დაახლოებით 6 თვეს აძლევს, რომ უარი თქვას აპლიკაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება. მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა და ეჭვებია, რაც აპლიკაციის ჩინურობას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.

შესაძლო აკრძალვაზე აპლიკაციისა, რომელსაც 170 მილიონი ამერიკელი იყენებს,  შეშფოთება გამოთქვა ბაიდენის მთავარმა მეტოქემ, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა 12 ან 13 მარტს გეგმავს, რომ კენჭი უყაროს ტიკ-ტოკის შესახებ კანონპროექტს. თუ წევრთა ორი მესამედი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ის პალატისგან მხარდაჭერილად ითვლება და ჯერი პრეზიდენტის ხელმოწერაზე მიდგება.

“თუ პალატა კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მე ხელს მოვაწერ”, – თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან.

“როიტერსის” ინფორმაციით, სენატში კანონპროექტთან მიმართებით ნაკლები ერთსულოვნებაა და მათ შესაძლოა ცვლილებები მოითხოვონ.

ტიკ-ტოკთან და მასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმა სოციალური მედიით და აღნიშნა, რომ ტიკ-ტოკის მოშორება გააძლიერებს ფეისბუკს, რაც მას ძალიან არ უნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი