ახალი ამბები

კაპიტოლიუმის შეჭრას მე-5 ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება ამერიკაში

8 იანვარი, 2021 • 1385
კაპიტოლიუმის შეჭრას მე-5 ადამიანი ემსხვერპლა – რა ხდება ამერიკაში

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას მეხუთე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი პოლიციის ოფიცერი ბრაიან სიქნიკია.

6 იანვარს კონგრესის მიერ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა, რა დროსაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფები თავს დაესხნენ შენობას, რათა პროცესი ჩაეშალათ და ამ გზით შეეჩერებინათ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება. მათი რწმენით, არჩევნები გაყალბდა და სინამდვილეში ტრამპმა გაიმარჯვა. რეალურად, ამერიკულმა სასამართლოებმა დონალდ ტრამპის სარჩელების უმრავლესობა საერთოდ არ მიიღეს წარმოებაში და არ დააკმაყოფილეს საკმარისი მტკიცებულებების გამო. გარდა ამისა, სადავო შტატებში ტრამპისვე მოთხოვნით რამდენიმეჯერ გადაითვალეს შედეგები. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები არ შეცვლილა და ეჭვქევშ არ დამდგარა ბაიდენის გამარჯვება.

ამერიკული SBS-ის ინფორმაციით, ოფიცერი სიქნიკი პროტესტის მონაწილეებთან “ფიზიკური დაპირისპირების” დროს დაშავდა, მოგვიანებით კი დაეცა.

“დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი ბრაიან დ. სიქნიკი საავადმყოფოში გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო”, – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიცრის გარდაცვალებას გამოიძიებს ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი, კაპიტოლიუმის პოლიცია და ფედერალური სამსახურები.

სახელმწიფო შენობაში შეჭრის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 ადამიანი. პირველი გარდაცვლილი ქალი ეშლი ბაბიტი, რომელსაც დაცვის ოფიცერმა ესროლა, სამხედრო ვეტერანი იყო. ასევე გარდაიცვალნენ ბენჟამინ ფილიფსი პენსილვანიის შტატიდან, კევინ გრისონი ალაბამის შტატიდან და როზეინ ბოილენდი ჯორჯიის შტატიდან.

კონსტიტუციის 25-ე შესწორება

ამერიკის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და უკვე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის შეჩერებას ამერიკის კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ტრამპის ქვეყნის სათავეში დატოვება, თუნდაც ორი კვირით, საზიანოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. უკვე 21 იანვარს ინაუგურაცია იმართება, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება ჯო ბაიდენი.

25-ე შესწორებით ამერიკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ხდება ვიცე-პრეზიდენტი იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი გადადგება, გარდაიცვლება, გადააყენებენ ან ქმედუუნარო ხდება. წარსულში აღნიშნული შესწორებით გათვალისწინებული პროცედურები ამოქმედდა ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოპერაციის პერიოდში, მცირე დროით, 2002 და 2007 წლებში პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ასრულებდა.

კინზინგერის განცხადებით, ტრამპი პრეზიდენტის პოსტისათვის “უვარგისი” და “შეუსაბამოა” და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უნდა აიღოს ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე.

“ეს [თავდასხმა კაპიტოლიუმზე] გამოიწვია პრეზიდენტმა ტრამპმა. იგი შეუსაბამო და უვარგისია და აუცილებლად უნდა დათმოს კონტროლი აღმასრულებელ ფუნქციებზე, იქნება ეს მოხალისეობრივად, თუ არამოხალისეობრივად”, – განაცხადა ადამ კიზინგერმა თვითერის გვერდით გავრცელებულ მიმართვაში.

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა

მოქალაქეებს კაპიტოლიუმის შენობის წინ შეკრებისა და პროტესტის გამოხატვისკენ დონალდ ტრამპმა მოუწოდა. მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრამპმა ახალი მიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა.

“მე მესმის თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ეს იყო გაყალბებული არჩევნები და ყველამ იცის, განსაკუთრებით კი, მეორე მხარემ. მაგრამ, ახლა თქვენ უნდა წახვიდეთ სახლებში. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა, კანონი და წესრიგი. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს დიდებულ ხალხს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს”, – ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაინც მზადაა მშვიდობიანი ფორმით გადააბაროს ხელისუფლება მის შემცვლელ ჯო ბაიდენს.

ტრამპის სოციალური ქსელების ანგარიშები დაბლოკილია

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელების ექაუნთების დაბლოკვის გადაწვეტილება მიიღო Facebook-მა.

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს მის პოსტზე ყოფნის დარჩენილ დროს, რათა ძირი გამოუთხაროს ხელისუფლების მშვიდობიანი და კანონიერი გზით გადაცემის პროცესს”.

ფეისბუქმა თავდაპირველად წაშალა დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული მოწოდებები, სადაც მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ტრამპი შეეცდებოდა სოციალური პლატფორმების დესტაბილიზაციისთვის გამოყენებას, ამიტომ მისი სოციალური ქსელების ანგარიშები დაბლოკა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ტრამპის მიერ ჩვენი პლატფორმების გამოყენების რისკები [დესტაბილიზაციისთვის] მაღალია, ამიტომ ჩვენ ვახანგრძლივებთ მისი ანგარიშების ბლოკირებას მინიმუმ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მანამ, სანამ არ დასრულდება ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პროცესი”. ნათქვამია ცუკერბერგის განცხადებაში.

ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს Twitter-ზე, Instagram-ზე და Snapchat-ზეც.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უკვე დაამტკიცეს ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად. იგი ქვეყნის მართვას ინაუგურაციის შემდეგ, 21 იანვრიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი