ახალი ამბები

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა

14 იანვარი, 2021 • 1081
წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთმა — წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს, რომლის პრეზიდენტობის დასრულებამდე ერთი კვირაა დარჩენილი, იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამგვარად, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც პალატამ იმპიჩმენტი უკვე მეორეჯერ გამოუცხადა. იმპიჩმენტს მხარი, დემოკრატებთან ერთად, 10-მა რესპუბლიკელმაც დაუჭირა.

პირველი პროცედურა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელშიც ტრამპი უკრაინელ კოლეგას ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერის წინააღმდეგ გამოძიებას დაწყებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში, კიევისთვის დახმარების შეჩერებით იმუქრებოდა.

რატომ მეორედ?

2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ტრამპი დემოკრატ ოპონენტთან — ჯო ბაიდენთან დამარცხდა. თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა მარცხის აღიარებაზე. მისი განცხადებებით, არჩევნები გაყალბდა. 6 იანვარს, როცა კონგრესის ორივე პალატის სხდომას ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ უნდა დაემტკიცებინა, ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. თავად ტრამპმა მათ ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, მაგრამ იმავე განცხადებაში ამ ადამიანებს „დიდი პატრიოტები“ უწოდა და კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

მოვლენების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, ტრამპი უმსხვილესმა სოციალური მედიის პლატფორმებმა დაბლოკეს. იგი კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ოპონენტი დემოკრატების, ასევე, რესპუბლიკელების მხრიდან.

მალევე, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა განაცხადეს, რომ აპირებენ, ტრამპს მეორედ გამოუცხადონ იმპიჩმენტი — ამჯერად, „აჯანყების წახალისების“ ბრალდებით.

ანუ, ტრამპი თანამდებობიდან გადააყენეს?

პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცედურაა. წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად მხოლოდ ხმების მარტივი უმრავლესობაა საჭირო. თუმცა შემდეგ ყველაფერი გადადის სენატში, რომელიც წყვეტს, დარჩება თუ არა პრეზიდენტი თანამდებობაზე. ტრამპის იმპიჩმენტისთვის სენატორთა 2/3-ის, ანუ 66 სენატორის თანხმობაა საჭირო.

დემოკრატიულ პარტიას ამ მომენტისთვის არ აქვს საკმარისი ხმები, რომ ტრამპი რესპუბლიკელების გარეშე გადააყენოს. შესაბამისად, თუ ყველა დემოკრატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, მათ 16 რესპუბლიკელის ხმა მაინც დასჭირდებათ. პროცედურის ხანგრძლივობისა და ამ მოცემულობის გამო, მეორე იმპიჩმენტს შეერთებულ შტატებში ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

თუმცა, თუ ტრამპი სენატმაც ბრალდებულად ცნო, მას ჯერ კიდევ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ჩაანაცვლებს.  ნებისმიერ შემთხვევაში, იგი 20 იანვარს თანამდებობას დატოვებს და თეთრ სახლს ჯო ბაიდენს დაუთმობს. თუმცა, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ტრამპის მოწინააღმდეგეებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ შემთხვევაში, ის ვრ ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რითაც ყოფილი პრეზიდენტები სარგებლობენ და ასევე, მეორე ვადით ვერ იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი