ახალი ამბები

საჭიროა ხმების გადათვლა ან კენჭისყრა ზოგ უბანზე, დაძაბულობის განმუხტვა – NDI-ის ხელმძღვანელი

2 ნოემბერი, 2020 • 1522
საჭიროა ხმების გადათვლა ან კენჭისყრა ზოგ უბანზე, დაძაბულობის განმუხტვა – NDI-ის ხელმძღვანელი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცესკომ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ განიხილოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნოს. ამასთან, მონაწილე მხარეებმა ყველანაირი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა.

ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ ზემოხსენებული არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ესენი არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”“ევროპული საქართველო”“სტრატეგია აღმაშენებელი”“ლელო”“პატრიოტთა ალიანსი”“გირჩი”“მოქალაქეები”“ლეიბორისტული პარტია”.

„ნეტგაზეთმა“ მათ ამ გადაწყვეტილებაზე მოსაზრება ჰკითხა NDI-ის საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს, რომელმაც გვიპასუხა:

„მონაწილე მხარეებმა ყველანაირი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები წარადგინონ და შემდეგ ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული პროცედურები, ბერკეტები გამოიყენონ. ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ტურის წინ.

„კიდევ ერთი საკითხი, რისი აღნიშვნაც გვსურს, არის ის, რომ მეორე ტურის წინ მთავრობის ლიდერებს და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, რათა არჩევნების პროცესში გაჩენილ ეჭვებს უპასუხონ და საარჩევნო პროცესსა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა გაზარდონ“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან საუბარში.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ის თანახმად, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთი შემთხვევები, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. „ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, – წერს ორგანიზაცია. ამ მონაცემთან დაკავშირებით ალან გილამი აცხადებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად გასცეს პასუხი სანდო საშინაო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მიგნებებს. NDI სრულ ნდობას უცხადებს ISFED-ის მიდგომას, ასევე, სხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორიცაა GYLA, TI, რომლებიც ღირებულ საჯარო სამსახურს სწევენ საარჩევნო პროცესში“.

ალან გილამის თანახმად, „საზოგადოებაში [ცესკოს მიერ გამოქვეყნებული] შედეგების ნდობა და მხარდაჭერა შეიძლება აღდგეს, თუკი ცესკო და სხვა სახელმწიფო უწყებები დროულად უპასუხებენ სანდო საჩივრებს და შეშფოთებას“. NDI-მ 35 რეკომენდაცია გამოაქვეყნა — ზოგიერთი მოკლე, ზოგიერთი კი- გრძელვადიანი. ალან გილამი ამბობს:

„პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. ასევე, გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს.

გილამმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში გაიმეორა NDI-ის დღევანდელი დასკვნა, რომლის თანახმადაც, „საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ გადაფარა არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა“.

ნახეთ ასევე:

NDI-ის შეფასება საპარლამენტო არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი