ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობას აფასებს, ვკითხულობთ, რომ 5%-იანმა საარჩევნო ბარიერი “შეიცავს პლურალიზმის შემცირებისა და ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს”. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, ეს რისკები იზრდება იმ ფონზე, როცა აკრძალულია საარჩევნო ბლოკების არსებობა.
“მხარეებმა გარკვეული წუხილები გამოთქვეს 5%-იან ბარიერთან და საარჩევნო ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 5 პროცენტიანი ბარიერი შესაძლოა პოლიტიკური ფრაგმენტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ყოფილიყო გამიზნული, ახალმა წესებმა, რომელიც კრძალავს საარჩევნო ბლოკებს, შესაძლოა ეს მიზანი დააზიანოს. შედეგად, აღნიშნული ცვლილებები შეიცავს პლურალიზმის შემცირებისა და ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
ანგარიშში ხაზგასმულია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა – ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ჩაატარებს; გარდა ამისა, ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები და ჩატარდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 19-25 თებერვალს საქართველოში საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან შეხვედრები გამართეს. შედეგად, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩასატარებლად.
ორგანიზაციის შეფასებებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, ასევე რეკომენდაციებს, დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: