ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციები ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან, 19-25 თებერვალს შუალედში გამართული შეხვედრების შემდეგ შეიმუშავა.
ანგარიშში ხაზგასმულია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა – ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ჩაატარებს; გარდა ამისა, ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები და ჩატარდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ერთ-ერთია იმ 9 დათქმას შორისაც, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსთან მიიღო და რომელთა შესრულება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
“არჩევნები საქართველოს ხელისუფლებას და ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცონ ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნების პრინციპების და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ”, – განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციისას პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
NDI-ს შეფასებით, არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე ქვეყანაში არსებული გამოწვევებია:
- პოლარიზაცია – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონებზე დაფუძნებული პოლარიზაცია ახასიათებთ, რის გამოც, ძალიან დაბალია პოლიტიკური ალტერნატივების მიმღებლობა;
- სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები;
- პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები;
- ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კითხვები – “საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს”.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ აქტორები ვერ ახერხებენ თვითრეფლექსიას და სამომავლო ხედვების ჩამოყალიბებას – “მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიის ნაცვლად, პოლიტიკაში ჩართული მხარეების ყურადღება ოპონენტების წარსულ შეცდომებზე ფოკუსირდება”.
ანგარიშის პრეზენტაციისას NDI-ს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიზოგენური შინაარსის თავდასხმებზე ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ითქვა, რომ არ არის საკმარისი ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირებისა, ქვიარ თემისა და სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
რაც შეეხება მედიას, NDI-ს შეფასებით, “თუ არ ჩავთვლით ონლაინ მედია საშუალებებს, სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია”. ორგანიზაცია მოუწოდებს პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო დებატებში, მათ შორის, განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში.
რიჩარდ კლაინის, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორის განცხადებით, არჩევების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი. ანგარიშში ხაზგასმულია საგარეო საქმეთა სამინისტროს როლიც, რომელმაც, ცესკოსთან ერთად, საზღვარგარეთ – სადაც შესაძლებელია, ყველგან – უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში.
პერ ეკლუნდის თქმით, კი ცესკოს წევრების დაკომპლექტების ბოლოდროინდელი პრაქტიკის გამო შემცირებულია ნდობა უწყების მიმართ. ეკლუნდმა ყურადღება გაამახვილა 5%-იან საარჩევნო ბარიერზე და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა შემამციროს პარტიათა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.
NDI-ს ევრაზიის რეგიონული დირექტორის, ევა ბუშას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დროა დარჩენილი იმისთვის, რომ არსებული გამოწვევების რისკი შემცირდეს.
“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება და წინასაარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის პასუხისმგებლობაც არის”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციამ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რაც ამ დროისთვის უკვე შეინიშნება ქვეყანაში. მათ შორისაა:
- მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა;
- საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ;
- მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე;
- გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება;
- არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.
ცნობილია, რომ NDI საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას გამოაგზავნის – ისინი დააკვირდებიან როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს, ისე წინასაარჩევნო პერიოდს.
სადამკვირვებლო დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი.
ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – საია-ს, ISFED-ს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, მედიის სფეროს წარმომადგენლებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.